"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

რწმუნებულებსა და სამხარეო პოლიციას კარვების დაშვება ეკრძალებათ: ეროვნულ საბჭოში აცხადებენ, რომ კარვები ყველა ქალაქში დაიდგმება

თამთა ქარჩავა

რეგიონებში კარვები არ უნდა დაიდგას, ასეთი დავალება მისცა, "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, შაბათს რეგიონის რწმუნებულებს მიხეილ სააკაშვილმა. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში შედგა. შეხვედრიდან გამოსულები აცხადებდნენ, რომ საუბარი მიმდინარეობდა საგაზაფხულო სამუშაოებზე და სხვა "საყოფაცხოვრებო" თემებზე. ჩვენ ხელთ არსებული ცნობებით, თუ რომელიმე რეგიონში კარვები მაინც დაიდგმება, ადგილობრივი პოლიციის უფროსი და რწმუნებული თანადებობებს გამოემშვიდობებიან.

გუბერნატორები ღიად ამ პოზიციას არ აფიქსირებენ. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული გოგა ხაჩიძე ოპოზიციას რაიმე უკეთესის მოფიქრებას ურჩევს: "კარვების დადგმა ყველგან შეიძლება, მათ შორის - უდაბნოშიც. უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია რაიმე უკეთესს მოიფიქრებს.""იმ შემთხვევაში, თუ პროცედურების კანონიერება იქნება დაცული, საპროტესტო მოძრაობას ხელს არ შევუშლით. არსებობს აბსოლუტურად სხვა მიზნები და ამოცანები, ვიდრე კარვების დადგმაა. თუ ოპოზიციას აქვს მიზანი, რომ კარვებით მოხიბლოს ამომრჩეველი, ჩვენ ის მიზანი გვაქვს, რომ კონკრეტული რეგიონული პროექტები განვახორციელოთ ჩვენს ქვეყანაში," - ამბობს კახეთის ახლად დანიშნული გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება დაუშვებელი ფორმებით და მეთოდებით ხელს შეუშლის 22 თებერვალს კარვების დადგმას, პოლიტიკურად მოისწრაფებს სიცოცხლეს.

ექსპერტთა განცხადებით, ხელისუფლება ყველანაირად შეეწინააღმდეგება კარვებს და ამის მაგალითად მოჰყავთ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინა არაა, და თბილისი ვერ გახდება კარვების ქალაქი.

"ამ საკითხებს არეგულირებს კანონი. არავინ კითხავს არც პოლიციის უფროსს და არც გუბერნატორს, რომ ჩაერიონ ამ საკითხებში. სულ არ გვაინტერესებს სააკაშვილის და ხელისუფლების დამოკიდებულება აქციისადმი. კარვები დაიდგმება საქართველოს ყველა ქალაქში, უნდა ეს ხელისუფლებას თუ არა. არ გამოვრიცხავთ წინააღმდეგობას, თუმცა ამის არ გვეშინია," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

"გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. შიმშილობის აქციას აუცილებლად უნდა ახლდეს კარვების გაშლა. ხელისუფლება ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ეგრე არაა. ესენი ვერ აცნობიერებენ იმას, რომ საქართველო დიდი ხანია კარვების ქვეყანაა. ველოდებით წინააღმდეგობას, მაგრამ გპირდებით, რომ კარვები აუცილებლად დაიდგმება," - გვითხრა ეროვნული საბჭოს წევრმა გუბაზ სანიკიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სახიფათო სიტუაცია იქნება და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ხიფათი: "არ მესმის ხელისუფლების ლოგიკა. მე ვეკუთვნოდი ექსპერტთა იმ ჯგუფს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა შესანიშნავი წინაპირობები, რათა მოვლენები თავის სასარგებლოდ წარემართა. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ გათავისუფლდება ყველა ის პოლიციის უფროსი, რომელ ქალაქშიც გაიშლება კარვები, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დასკვნები არაფრიდან არ გამოუტანიათ. ვერ მიხვდნენ, რომ ეს მოვლენები, სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგია. თუკი დასკვნებს ვერ აკეთებენ, რატომ გვაქვს იმის გარანტია, რომ არ განმეორება 7 ნოემბერი. სამწუხაროდ, ძალის გამოყენების საშიშროება დიდია."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com