|
|
"რეზონანსი "
კოსოვოს სტატუსზე პოზიცია-ოპოზიციის აზრი ერთიანია ეკა გულუა
ქართველი პოლიტიკოსები კოსოვოს დამოუკიდებლობას საქრთველოში არსებულ კონფლიქტურ ზონებთან აკავშირებენ და მათ წახალისებას ელიან. მართალია, სიტყვა "ომის" ხსენებას ერიდებიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისფლებამაც იგივე მოითხოვოს. ეს კი შუღლს, სამოქალაქო დაპირისპირებასა და საომარ მოქმედებებს გამოიწვევს. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიაროს და თუ მსგავსი მოთხოვნა ნატოში მიღების სანაცვლოდ ამერიკიდან იქნება, უარი თქვას. "არავითარ შემთხვევაში, არც ნატო და არც რაიმე ორგანიზაციის წევრობა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ადეკვატური საფასური არ არის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოსთვის შეუფასებელია. ის არანაიტრი ნატოს წევრობაზე და მილიარდებზე არ გაიცვლება," - ამბობს კახა კუკავა. კახა კუკავა: "საქართველოს მხრიდან კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა სახელმწიფოს ღალატი იქნება. ომის თემა ის საკითხია, რომელზეც ჩვენგან საუბარი მიზანშეწონილი არ არის, თუმცა ბრმა არავინაა და ყველა კარგად ხვდება, კოსოვოს საკითხი საქართველოსთვის რატომ არის მნიშვნელოვანი. საქართველოს მხრიდან კოსოვოს აღიარება იმ შედეგს მოიტანს, რასაც ჰქვია რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის აღიარების შესახებ." "გუშინ სერბული რადიკალური პარტიის ლიდერს, ტომისლავ ნიკოლიჩს ვესაუბრე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და არჩევნები 2%-ით წააგო," - აცხადებს პაატა დავითაია. "- ხუთშაბათს ბელგრადში მასობრივი აქციები იწყება, სადაც აფხაზეთის თემატიკაც გაჟღერდება. სერბები ქართველებს უერთდებიან, რომ იგივე პრეცედენტი საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არ მოხდეს. სიტუაცია ნებისმიერ ვარიანტში დაიძაბება, რადგან აფხაზებისა და რუსეთის გარკვეული ძალების მხრიდან გაეროში სერიოზული დიპლომატიური შტურმი იგეგმება. ეს, ბუნებრივია, რუსეთის რღვევასაც გამოიწვევს. ამიტომ მათ უნდა გაუძლონ იმ შტურმს, რასაც აფხაზები და მათი მხარდამჭრები აპირებენ რუსეთში. იმედი მაქვს, რუსეთი აფხაზეთს არ აღიარებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველოზე ზეწოლას შეეცდება. ამ ეტაპისთვის ომის საფრთხე სერბეთში არსებობს. თუ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, საომარი მოქმედებები საქართველოშიც დაიწყება. პირველი ვინ დაიწყებს, მნიშვნელობა არ აქვს." კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება "ახალი მემარჯვენეებისთვისაც" კატეგორიულად მოუღებელია. როგორც დავით გამყრელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, აშშ-სა და ევროპის ნაბიჯები სერიოზულ დაპირისპირებას აუცილებლად გამოიწვევს: "კოსოვოში შეტაკებები დაიწყო და დაჭრილებიც არიან. თუ საქართველო გონივრულ პოზიციას დაიკავებს და ამღიარებელ სახელმწიფოთა რიცხვში არ ჩაერთვება, რუსეთსა და სხვა სახელმწიფოებს ნაკლები საფუძველი ექნებათ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეჟიმები გამოყენონ. საფრთხე არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოს შეიძლება დაემუქროს. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მარტო რუსეთში უამრავ სახელმწიფოს მივიღებთ, რომლებიც თვითკმარი სახელმწიფოები არ იქნებიან. ეს ყველფერი კი ძალიან ბევრი უკონტროლო ტერიტორიების არსებობას გამოიწვევს, სადაც ნარკოტიკის, მასობრივი განადგურების იარაღის, ტერორიზმის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება. აუხსნელია, ამერიკამ ეს ნაბიჯი რატომ გადადგა." საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპონენტებს ამშვიდებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების კოსოვოსთან გაიგივება სიცრუეა: "საქართველო არ აპირებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ მეორე საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია. კოსოვო, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კოსოვოში საერთაშორისო თანამეგობრობამ ეთნიკური წმენდა შეაჩერა, აფხაზეთში კი ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა. ამიტომ ეს პარალელები უსაფუძვლია. საქართველო და მისი მოკავშირეები ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კოსოვოს ანალოგის გამეორებას არასოდეს დაუშვებენ."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |