"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

"იმედის" გაყიდვას პატარკაციშვილის გარდაცვალება ხელს არ უშლის

ლანა ბერიძე

გუშინ სტამბულში "ნიუსკორპ ევროპის" კონფერენციაზე "ტელეიმედის" საკითხიც განიხილებოდა. როგორც ცნობილია, კონფერენცია 20 თებერვალამდე გაგრძელდება და მას "ნიუს კორპორაციის" პრეზიდენტის, რობერტ მერდოკის ვაჟიც ესწრება. შეხვდრაზე ქართულ მხარეს ტელეკომპანია "იმედის" გენდირექტორი ბიძინა ბარათაშვილი წარმოადგენს.

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ბადრი პატარკაციშვილის და "ტელეიმედის" ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, გარდაცვლილი ბიზნესმენის სახელით "ნიუსკორპს" "იმედის" 100% გადაეცემა. მისი თქმით, თავად პატარკაციშვილი ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავდა და ფიქრობს, რომ ამ მხრივ ოჯახი გეგმებს არ შეცვლის.

"ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია "ნიუსკორპსა" და "იმედის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი და ხელშეკრულების დეტალებიც შეთანხმებული, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება ბადრის გარდაცველებამდე ვერ მოესწრო. მოგეხსენებათ, 18-20 თებერვალს სტამბულში "ნიუსკორპის" კონფერენცია იმართება და ეს "იმედის" საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ვფიქრობ, "იმედის" საკითხი უახლოეს დღეებში საბოლოოდ გაირკვევა. რაც შეეხება შეხვედრის და მოლაპარაკების დეტალებს, ამის შესახებ თურქეთიდან დაბრუნებული ბიძინა ბარათაშვილი თავად ისაუბრებს. წინასწარ მეტს ვერაფერს გეტყვით," - განუცხადა "რეზონანსს" ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, როგორიც უნდა იყოს პატარკაციშვილის ანდეძი, ეს "იმედის" შესაძლო გასხვისებას ხელს ვერ შეუშლის, რადგან ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი კომპანია "ი-მედიაა" და არხის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ აღნიშნული კომპანია მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პატარკაციშვილი ტელეკომპანია "იმედის" არაპირდაპირი მფლობელი იყო, რადგან "ი-მედიას" დამფუძნებელი ორი კომპანიიდან პატარკაციშვილი მხოლოდ ერთ-ერთში ფლობდა 15%-ს.

კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ "იმედის" ქართველი გენდირექტორი და "ნიუსკორპის" უფროსობა, ამის გასარკვევად ბიძინა ბარათაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც უკვე ტრადიციისამებრ ჩვენს ზარს არ უპასუხა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com