|
|
"რეზონანსი "
საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი - გარდატეხის მოლოდინი? რამდენიმე პირადი პოლიტიკური დაკვირვება თედო ჯაფარიძე,
გაგრძელება. დასაწყისი იხ. "რეზონანსის" ყოველკვირეული დამატება "მთელი კვირის" 18 თებერვლის ნომერში.
რედაქციისაგან: გთავაზობთ თედო ჯაფარიძის უაღრესად საინტერესო მოსაზრებას საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს ელჩი აშშ-ში, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თედო ჯაფარიძე დღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში განლაგებული შავი ზღვის რეგიონის პრობლემათა შესწავლის საერთაშორისო ცენტრის თანადირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. მისი არჩევა მოხდა ორგანიზაციაში შემავალი 12 სახელმწიფოს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც ბატონმა თედომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის შეგნებულად არ შეეხო ამ პუბლიცისტურ წერილში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, რადგან უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება.
ჩნდება კითხვა, რატომ. პირველ რიგში, ეს სტანდარტები, რა თქმა უნდა, აძლიერებს უსაფრთხოების ცნებას და მის კონტექსტს - ზოგადად. ისინი აგრეთვე აძლიერებენ შეიარაღებული ძალების წვრთნის რეჟიმს და პროცესს, ზოგადად სამხედრო კარიერის ჩამოყალიბებას და სამსახურებრივ წინსვლას და მასთან დაკავშირებულ კომპეტენტურობას. ამ პროცესს თან სდევს ინფორმაციის და ექსპერტიზის გაზიარების წახალისება. ისინი უზრუნველყოფენ ფინანსური ხარჯების ტრანსპარენტულობას და, აქედან გამომდინარე, ინარჩუნებენ საყოველთაო საზოგადოებრივ თანადგომას. აქვს ამ პროცესებს ჩვენთან ადგილი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არა და თუ აქვს, არა იმ ხარისხით, რომელსაც ჩვენგან დღეს ელიან. ეს ართულებს არა მარტო საზოგადოების მიერ ამ საკთხებში გათვითცნობიერებას, არამედ ქმნის პრობლემებს და უამრავ კითხვას უჩენს სწორედ ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობის წევრებს კონკრეტული საკითხების მიმართ. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ჩვენი დასავლელი მეგობრების განწყობა მთლიანობაში პოზიტიურია. მოკლედ, მიუხედავად ჩვენთან ჩატარებული პლებესციტის იმ 70%-ინი ოპტიმისტური შედეგისა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, დებატები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ გარდაუვალი და ყოველთვის პოლიტიკური იქნება, ისევე როგორც უკრაინაში, თუმცა იქ ამ დებატებს უმძაფრესი და სპეციფიკური ხასიათი აქვს. მაგრამ, მე მგონი, რომ დროა ევრო-ატლანტიკური სტანდარტების საკითხები ჩამოვაცილოთ პოლიტიკური კამათის სფეროს და საკითხი ასე დავსვათ: რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. იმ წუთიდან, როცა საქართველო გაერთიანდება ნატოში, იგი მარტო აღარ შეეჭიდება უსაფრთხოების ამა თუ იმ პრობლემას. იგი გახდება კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, რომელშიც რისკები და გამოწვევები მთლიანად ევრო-ატლანტიკური გაერთიანების ზიარია. რატომ აქვს ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა. კარგია თუ ცუდი, საქართველო მსოფლიოს მეტისმეტად არამდგრად სტრატეგიულ სივრცეში მდებარეობს და ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის იქნებოდა კარგი, არამედ სხვა სახელმწიფოებისა და რეგიონებისთვისაც (ცენტრალური აზიის დასახელებაც კი საკმარისი იქნებოდა მაგალითად!) გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს რეგიონში ჯერ კიდევ მოქმედებენ მძლავრი ტრანს-ნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში მძლავრად არიან შეზრდილი სახელმწიფო სტრუქტურებთან და სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ახალგაზრდა სახელმწიფოებს, როგორიც საქართველოა და რომელთა ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეძლებდა ამ საფრთხეების რადიკალურად შემცირებას. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთხელ შენიშნა, რომ საქართველო არ არის შვეიცარია, რომელსაც ფუნქციონირება უხდება მეგობრულად განწყობილი ქვეყნების გარემოცვაში. მორიდებით დავამატებდი, რომ საქართველო არც ჩინეთია და ის არც საკმარისად უსაფრთხოა და არც საკმარისად ძლიერი, რომ თვითონ განსაზღვროს თავისი საკუთარი გეოპოლიტიკური და გეო-ეკონომიკური გარემოცვა და დამოუკიდებლად მართოს იქ მიმდინარე პროცესები. თუ საქართველო ზურგს შეაქცევს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, მაშინ ის იძულებული გახდება, სხვა ახლო მეზობლების სურვილებს გაუწიოს ანგარიში, რომელთათვისაც საქართველოს ინტერესების გათვალისწინება შესაძლოა პირველი რიგის პრიორიტეტი არ იყოს და რომელთა მმართველ ელიტაში საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ჯერ კიდევ ძალიან ირონიული დამოკიდებულებაა. უფრო მეტიც, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის შესახებ საუბრისას, ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელი (სხვათა შორის, ამას წინა ხელისუფლება ეფექტურად აკეთებდა) ხელისუფლება უნდა შეეცადოს, ეს სტრატეგია რეგიონალურ კონტექსტში მოათავსოს და ამ დისკუსიებში აქტიურად ჩართოს რეგიონის მეზობელი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად მაღალი თანამდებობის პირები ნატოდან ან ევროკავშირიდან. შესაძლოა თავდაპირველად აზერბაიჯანზე გაკეთდეს აქცენტი, მოგვიანებით კი სომხეთზეც. რასაკვირველია, თუ ორივე ეს ქვეყანა თავის სუვერენულ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მხრივ. ჩვენ ახლავე უნდა ვიფიქროთ "ტანდემურ" მიდგომებზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ან თუნდაც "რეგიონალურ სამკუთხედებზე", როდესაც ნატოს გაფართოებაზე ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ბევრი რამ შესაძლოა, ჯერ კიდევ ჰიპოთეტურად მოგვეჩვენოს (და, ალბათ, ეს ასეც არის), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ დინამიკურად ვითარდება მოვლენები დღეს მსოფლიოში და რეგიონშიც, სადაც უსაფრთხოების ყველა კომპონენტი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, ურთიერთკავშირშია და განუყოფელია, სადაც ეკონომიკური, თუ პოლიტიკური წარმატება, უსაფრთხოება და სტაბილურობა მხოლოდ რეგიონული ხასიათის შეიძლება იყოს (რომელიც შემდგომ ზუსტად მიესადაგება მსოფლიოში მიმდინარე სხვა გლობალურ ტენდენციებსა და პროცესებს) და არა მხოლოდ "ქართული", ან "აზერბაჯანული" ან "სომხური". რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს ყველა მეზობელი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, დიდი იქნება ის, თუ პატარა. სწორედ ამიტომ ვურჩევდი ქართველ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს ჩართულია ამ მეტად დინამიკურ ევრო-ატლანტიკურ და ევროკავშირის ინტეგრაციულ პროცესში, უფრო ეფექტურად და, მე ვიტყოდი, უფრო "სტრატეგიულად" აწარმოონ დიალოგი თავიანთ პარტნიორებთან ნატოსა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში ბრიუსელსა და წამყვან ევროპულ დედაქალაქებში. საჭიროა, რომ ეს დიალოგი სუფთა "ქართული საკითხიდან" გაფართოვდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური კონტექსტის ფარგლებში. უნდა ითქვას, რომ დღეს ეს ყოველთვის ასე არ ხდება. თუ ჩვენ უფრო მრავალფეროვანს გავხდით ჩვენს მოქმედებებს და გეგმებს ამ მიმართებით, უფრო ეფექტურ გავლენას მოვახდენთ საზოგადოებრივ აზრზე, განსაკუთრებით ევროპაში და სწრაფად შევცვლით ჯერ კიდევ არსებულ მრავალ ნეგტიურ მოსაზრებას, არასწორ აღქმას და მსოფლმხედველობას. მივუბრუნდეთ ისევ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პერსპექტივებს და ზოგიერთ იმ "ტექნიკურ კომპონენტს" ამ მიმართებაში, რომელიც დაკავშირებული გაწევრიანების პროცესთან. საქართველოს სურს, შეუერთდეს ორგანიზაციას, რომელიც ინაწილებს უსაფრთხოების საფასურს, თუმცა კი გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს მისი ნაკლებად ძლიერი წევრებისათვის. მაგალითად, ნატოს ისეთი ძლიერი წევრიც კი, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, ხარჯავს თავისი თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2,2%-ს. გაცილებით ნაკლებს გაიღებენ ნატოს სხვა ქვეყნები. თვით გაერთიანებული სამეფოც ვერ დაფარავს თავისი თავდაცვისა და უშიშროების მოთხოვნების სრულ სპექტრს იმ დაფინანსებით, რომელიც გაწერილია მის სამხედრო ბიუჯეტში, მაგრამ ნატოს მეშვეობით, ამ ორგანიზაციის გაერთიანებული სამხედრო სტრუქტურების და სტრატეგიული რესურსების წყალობით, დიდი ბრიტანეთი შეიძლება დაეყრდნოს სხვა წევრი-ქვეყნების დახმარებას, როცა მის ინტერესებს საფრთხე ემუქრება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ნატოში გაერთიანება დაზოგავს ჩვენს საბიუჯეტო თანხებს. ალბათ, გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება. თუმცა, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ევროატლანტიკურ სტანდარტებთან მიერთება სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ, მაგალითად, სახელმწიფოს დეკრიმინალაზიაცია, ჯარის, პოლიციის და საზღვრის დაცვის სამსახურების მოდერნიზება, რაც ნატოს სტანდარტების მოთხოვნაა, ასევე დიდი თანხების ხარჯვასთან არის დაკავშირებული, თუმცა არარეფორმირებული სტრუქტურების შენარჩუნება უფრო მეტ ზარალს მოუტანს სახელმწიფოს, რომ არაფერი ვთქვათ მის იმიჯზე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ამიტომაც ზოგიერთი ექსსპერტი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების რეჟიმის შექმნა და მისი შენარჩუნება ბევრად მეტი ღირს, ვიდრე უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა. დავამატებდი, რომ უსაფრთხოება ნატოს ფარგლებში, ალბათ, უფრო ნაკლები დაგვიჯდება, ვიდრე ნატოს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ არჩევანს თვალი უნდა გავუსწოროთ და რეალისტურად მივუდგეთ, და ეს არჩევანი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. საქართველოს ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ნატოს არჩევანი არ არის, ეს საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა! დაბოლოს, საქართველოს სურს, შეუერთდეს იმ ორგანიზაციას, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს და რომელიც დაფუძნებულია პრინციპულად მისი წევრ-ქვეყნების სუვერენიტეტის ხელშეუხებლობაზე. ერაყის კონფლიქტი არ გადაიზარდა ნატოს კონფლიქტად იმ მარტივი მიზეზით, რომ ნატოს რამდენიმე წევრი-ქვეყანა დაუპირისპირდა მათი საჯარისო ფორმირებების ამ საომარ ოპერაციებში მონაწილეობას. მართალია, ნატოს 26 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ორგანიზაციამ უნდა აწარმოოს სამხედრო ოპერაციები ავღანეთში, მაგრამ ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო არ ჩაერთო შეიარაღებული ძალებით ამ ოპერაციაში, ზოგიერთი კი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობს მხოლოდ ბრძოლაში ჩართვის შეზღუდული წესებით. ასე რომ, ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს გარდა არავის ექნება უფლება შეიარაღებულ კონფლიქტებში ქართული საჯარისო ფორმირებების გაგზავნაზე. შეიძლება თუ არა, რომ ჩვენთვის რაიმე არასასარგებლო მოჰყვეს ნატოში გაერთიანებას. პასუხი შესაძლოა, ძირითადად ჰიპოთეზების სფეროში არსებობდეს, თუმცა გამორიცხული არაფერია, ხოლო ერთი პრობლემა შეიძლება სრულად რეალურიც კი იყოს. დღეს გარკვეული პოლემიკა და დებატები მიმდინარეობს უკრაინაში ამ საკითხთან მიმართებით: შესაძლებელია სიტუაციის გამწვავება - და მოსკოვი მუდმივად აკეთებს აპელირებას, რომ ნატოში რომელიმე ყოფილი საბჭოური რესპუბლიკის გაწევრიანებას აუცილებლად მოჰყვება "სერიოზული შდეგები" რუსეთთან მათი ურთიერთობის სფეროში. ამჟამად, როდესაც საქართველოში უკვე შედგა თუნდაც ფორმალური ხასიათის პლებისციტი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იგი თითქოს განთავისუფლდა ამ დებატებისა და დისკუსიების აუცილობელობისაგან, რადგან პლებისციტის თანახმად ქართული პოლიტიკური ელიტა, ისევე როგორც საზოგადოება, ძირითადად დადებითად არის განწყობილი ნატოს მიმართ. თუმცა გარკვეული რისკები ამ მხრივ კვლავ სახეზეა. ნაჩქარევი, არასწორად გაკვალული ბილიკი ნატოს წევრობისაკენ ამ რისკებს საფრთხედ აქცევს. საფრთხე რეალური ხდება ნებისმიერი ქვეყნის დაყოფისა და სუსტი მხარეების არსებობის პირობებში - უკრაინაში ეს ფორმალურად ეხება ქვეყნის ვირტუალურ დაყოფას დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. საქართველოში კი ეს დაკავშირებულია გაყინული კონფლიქტების არსებობასთან და სხვა პრობლემებთან. ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიული გზით გადავლახოთ ეს სიძნელეები. თუმცა ზოგიერთი უცხოელი "კეთილმოსურნე" გვთავაზობს, მაგალითად, იმ ვარიანტსაც, რომ ვიფიქროთ ნატოში დაკარგული ტერიტორიების გარეშე შესვლაზე. ეს, რა თქმა უნდა, არასოდეს არც კი განიხილებოდა ვარიანტადაც კი ადრე და დარწმუნებული ვარ - და ეს ბევრჯერ მსმენია დასავლელი კოლეგებისაგან - რომ დღევანდელი ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს ამის თეორიულ ვარიანტსაც კი. გასაგები და მხარდასაჭერია ასეთი მიდგომა: საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა არაფერზე არ შეიძლება გაიცვალოს! ამიტომ არსებული გამოწვევები გკარნახობს, ვაწარმოოთ უფრო თანმიმდევრული, მაგრამ ასევე უფრო მკაფიოდ განსაზღვრული კურსი ინტეგრაციისაკენ: ნატოში გაწევრიანების საჯარო აღქმის გაუმჯობესებასაკენ მიმართულ ქმედებებს ქვეყნის შიგნით, რეგიონალური დაყოფის შესაძლებელ შემცირებას და თვით საქართველოს პოტენციალის განვითარებას და მის მდგრადობას და გამთლიანებას და რეალური და სუვერენული დამოუკიდებლობის დაფიქსირებას - საქართველოს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღოს ნებისმიერი ხასიათის გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში და ასევე მკაცრად დაიცვას აღებული ვალდებულებები. რუსეთი (და ნებისმიერი სხვა ქვეყანა) პატივისცემით არ მოეკიდება საქართველოს ნებისმიერ არჩევანს, ვიდრე ნათელი არ გახდება, რომ უშუალოდ საქართველომ გააკეთა ასეთი არჩევანი და ვიდრე საქართველოს არ ექნება შესაძლებლობა, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება ნებისმიერ რეალურ გამოწვევაზე ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ. ნატო გააგრძელებს საქართველოს დახმარებას არჩევანის გაკეთებაში და იმოქმედებს შესაბამისად. თუმცა, ისევე როგორც წარსულში, დღესაც დგას სტრატეგიული კითხვა, მიეხმარება თუ არა თვით საქართველო საკუთარ თავს. ჩემმა კონკრეტულმა მოსაზრებებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე რამდენიმე ზოგად დასკვნამდე მიმიყვანა, რომლებიც ძალიან ახლო კავშირშია ჩვენს მისწრაფებებთან ნატოსთან მიმართებაში და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავალო პერსპექტივებთან. საერო-კავკასიური კონფედერაცია თბილისს სოხუმთან შუამავლობას სთავაზობს (პირველი) საერო-კავკასიური კონფედერაცია საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან შუამავლობას სთავაზობს. როგორც საერთო კავკასიური კონფედერაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა, მათ შეუძლიათ მხარეები დიალოგისათვის ურთიერთნდობის, ღირსების და სამართლიანობის საფუძველზე მოამზადონ. საერო-კავკასიური კონფედერაცია კონფლიქტების დიალოგის გზით გადაჭრას ემხრობა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის წინააღმდეგ გამოდის. "თუ ომს საქართველო მოიგებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე პრაქტიკულად აფხაზები აღარ დარჩებიან, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ხოლო თუ ბრძოლაში საქართველო დამარცხდება, ის ამ ტერიტორიის დაკარგვას იურიდიულად გააფორმებს, რაც ასევე დაუშვებელია", - აცხადებენ საერო-კავკასიური კონფედერაციის წარმომადგენლები. მათივე მტკიცებით, "რუსეთი არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ თუ ამის მცდელობა მაინც იქნება, მას საერთაშორისო მხარდაჭერა არ მოჰყვება და ეს თავად რუსებმაც კარგად იციან. რუსეთის საპასუხოდ საქართველოს შეუძლია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა სცნოს და ამით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს, რამაც შესაძლოა კავკასიური ომიც გამოიწვიოს". საერო-კავკასიური კონფედერაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ათ წელზე მეტია კავკასიელი ხალხის კულტურული დაახლოები მიზნით მოღვაწეობს. ორგანიზაციის ფუნქციონირების ძირითად მიზანს კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა წარმოადგენს. ყველა საზღვარგარეთ შექმნილი და, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი და მისაღები იდეა, მოდელი, თუ კონცეფცია (ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩათვლით) იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდეს საქართველო უსაფრთხო, მდგრადი და სტაბილური, მხოლოდ ცარიელ ფურცლად დარჩება, თუ საქართველო სწორად არ გაივლის სახელმწიფოსა და დემოკრატიის შენების უაღრესად მტკივნეულ და რთულ პროცესს. მით უმეტეს, რომ ყველა ამ საკითხს, როგორც ვიცით, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნატოს მხრიდან, ვიდრე საქართველოს სამხედრო პოტენციალს, რომელიც ფორმალურად - და ეს ჩვენ ზემოთაც აღვნიშნეთ - რასაკვირველია, აუცილებელი და არსებითი ნაწილია ნატოში გაწევრიანებისათვის. მე გავუზიარე ეს მოსაზრებები ჩემს ახლო რუმინელ მეგობარს, რომლის სამშობლომაც, მოგეხსენებათ, წარმატებით განვლო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. აი, რა მომწერა მან ამ ცოტა ხნის წინ: "ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ ნატოსა და ევროკავშირში მიღების პროცესში არის ის, რომ აუცილებელია აღებული ვალდებულებების შესრულება, ნდობის მოპოვება. პერსპექტიული გეგმების რეალიზება შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ მაშინ, თუ სიტყვას მუდმივად ზურგს უმაგრებს გაკეთებული საქმე და რეალური ქმედებები. საუკეთესო გზა ამ მხრივ არის ნაკლები დაპირება და მეტი საქმე. გახსოვს, ალბათ, ჩვენი საუბარი იმის შესახებ, რომ მკაცრი რიტორიკა თითქმის ყოველთვის არის ერთგვარი პრელუდია, რომლებიც დიდ ქვეყნებს შორის დიდ გარიგების და კომპრომისების წინამდებარე პროცესია. ეს უკვე ხდება, მაგალითად, ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტექსტში და გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებაში. ორივე საკითხი "დიდი ვაჭრობის" საგანი შეიძლება გახდეს უახლოეს პერიოდში. ეს მართლაც გარდატეხის პერიოდია, რადგან ძველი აფრიკული სიბრძნისა არ იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, სპილოები ჩხუბობენ თუ სიყვარულით არიან დაკავებულნი - მათ ქვეშ ბალახი მაინც ითელება. დროა, არ დაუშვათ სულელური შეცდომები და უსაფრთხოდ გავიაროთ ეს უძნელესი პერიოდი ჩვენი ქვეყნების ისტორიაში". ძნელია, არ დაეთანხმო ამ გზავნილს. საქართველოსთვის მართლაც რომ გარდატეხის ჟამია. დროა, ვიშრომოთ მუხლჩაუხრელად და ვეცადოთ, არ დავუშვათ გულუბრყვილო ან მიუტევებელი შეცდომები, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ვიაროთ წინ, მაგრამ არ უგულვებელვყოთ წარსულის მიღწევები და, რაც მთავარია, გვახსოვდეს დაშვებული შეცდომები, რათა ისინი კვლავ არ გავიმეოროთ. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ბორბლის გამოგონებით ვართ დაკავებული, უაზროდ ვანგრევთ იმ კარებს, რომელიც უკვე დიდი ხანია, გახსნილია, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც წინსვლის მაგივრად გაცილებით უკან გვხევს და გვაკარგინებს ყველაზე ძვირფას თანამოაზრეს - დროს, რომლის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია, ხოლო, სამწუხაროდ, დაკარგული შესაძლებლობების კომპენსირება, უბრალოდ, შეუძლებელი. თუმცა ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს რომ დაუგდო ყური, საქართველო მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ეპიცენტრია და ყველაფერი დედამიწაზე ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მთავარია, ამ გარდატეხის ჟამს ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებით ან არასწორად გათვლილი ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებებით უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ ჩვენი პარტნიორები და საერთოდ არ გავურთულოთ მათ კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის პროცესი ზოგიერთ ჩვენს ოპონენტთან, განსაკუთრებით, როდესაც ეს ჩვენი პრობლემების გადაწყვეტასთან არის ან იქნება დაკავშირებული. თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენც ვსწავლობთ დაშვებულ შეცდომებზე. მით უმეტეს, რომ შეცდომები დიდი ტრანსფორმაციის მტკივნეული პროცესის თანმხლები ნაწილია. სასურველია, რომ ამ დინამიკურ და ტურბულენტურ პროცესში, შეფარდება ნეგატიურსა და დადებით ქმედებებს და ნაბიჯებს შორის ყოველთვის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იყოს.
ათენი, 15 თებერვალი, 2008 წელი ესაუბრა თეა ნადირაძე
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |