|
|
"რეზონანსი "
ნათელაშვილი საქართველოში თებერვლის ბოლოს დაბრუნდება
(პირველი) "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში თებერვლის ბოლოს დაბრუნდება. როგორც "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, ნათელაშვილი უკვე გამოჯანმრთელდა და როგორც კი თვითმფრინავით მგზავრობის უფლება მიეცემა, სამშობლოში დაუყონებლივ დაბრუნდება. როგორც ცნობილია, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი 14 იანვარს შეუძლოდ გახდა და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კლინიკა "გულში" მოათავსეს. ქართველი ექიმების გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვენაში სასწრაფოდ გადაფრენა გახდა საჭირო, სადაც მას გულზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.
ყველა საზღვარგარეთ შექმნილი და, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი და მისაღები იდეა, მოდელი, თუ კონცეფცია (ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩათვლით) იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდეს საქართველო უსაფრთხო, მდგრადი და სტაბილური, მხოლოდ ცარიელ ფურცლად დარჩება, თუ საქართველო სწორად არ გაივლის სახელმწიფოსა და დემოკრატიის შენების უაღრესად მტკივნეულ და რთულ პროცესს. მით უმეტეს, რომ ყველა ამ საკითხს, როგორც ვიცით, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნატოს მხრიდან, ვიდრე საქართველოს სამხედრო პოტენციალს, რომელიც ფორმალურად - და ეს ჩვენ ზემოთაც აღვნიშნეთ - რასაკვირველია, აუცილებელი და არსებითი ნაწილია ნატოში გაწევრიანებისათვის. მე გავუზიარე ეს მოსაზრებები ჩემს ახლო რუმინელ მეგობარს, რომლის სამშობლომაც, მოგეხსენებათ, წარმატებით განვლო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. აი, რა მომწერა მან ამ ცოტა ხნის წინ: "ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ ნატოსა და ევროკავშირში მიღების პროცესში არის ის, რომ აუცილებელია აღებული ვალდებულებების შესრულება, ნდობის მოპოვება. პერსპექტიული გეგმების რეალიზება შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ მაშინ, თუ სიტყვას მუდმივად ზურგს უმაგრებს გაკეთებული საქმე და რეალური ქმედებები. საუკეთესო გზა ამ მხრივ არის ნაკლები დაპირება და მეტი საქმე. გახსოვს, ალბათ, ჩვენი საუბარი იმის შესახებ, რომ მკაცრი რიტორიკა თითქმის ყოველთვის არის ერთგვარი პრელუდია, რომლებიც დიდ ქვეყნებს შორის დიდ გარიგების და კომპრომისების წინამდებარე პროცესია. ეს უკვე ხდება, მაგალითად, ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტექსტში და გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებაში. ორივე საკითხი "დიდი ვაჭრობის" საგანი შეიძლება გახდეს უახლოეს პერიოდში. ეს მართლაც გარდატეხის პერიოდია, რადგან ძველი აფრიკული სიბრძნისა არ იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, სპილოები ჩხუბობენ თუ სიყვარულით არიან დაკავებულნი - მათ ქვეშ ბალახი მაინც ითელება. დროა, არ დაუშვათ სულელური შეცდომები და უსაფრთხოდ გავიაროთ ეს უძნელესი პერიოდი ჩვენი ქვეყნების ისტორიაში". ძნელია, არ დაეთანხმო ამ გზავნილს. საქართველოსთვის მართლაც რომ გარდატეხის ჟამია. დროა, ვიშრომოთ მუხლჩაუხრელად და ვეცადოთ, არ დავუშვათ გულუბრყვილო ან მიუტევებელი შეცდომები, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ვიაროთ წინ, მაგრამ არ უგულვებელვყოთ წარსულის მიღწევები და, რაც მთავარია, გვახსოვდეს დაშვებული შეცდომები, რათა ისინი კვლავ არ გავიმეოროთ. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ბორბლის გამოგონებით ვართ დაკავებული, უაზროდ ვანგრევთ იმ კარებს, რომელიც უკვე დიდი ხანია, გახსნილია, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც წინსვლის მაგივრად გაცილებით უკან გვხევს და გვაკარგინებს ყველაზე ძვირფას თანამოაზრეს - დროს, რომლის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია, ხოლო, სამწუხაროდ, დაკარგული შესაძლებლობების კომპენსირება, უბრალოდ, შეუძლებელი. თუმცა ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს რომ დაუგდო ყური, საქართველო მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ეპიცენტრია და ყველაფერი დედამიწაზე ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მთავარია, ამ გარდატეხის ჟამს ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებით ან არასწორად გათვლილი ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებებით უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ ჩვენი პარტნიორები და საერთოდ არ გავურთულოთ მათ კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის პროცესი ზოგიერთ ჩვენს ოპონენტთან, განსაკუთრებით, როდესაც ეს ჩვენი პრობლემების გადაწყვეტასთან არის ან იქნება დაკავშირებული. თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენც ვსწავლობთ დაშვებულ შეცდომებზე. მით უმეტეს, რომ შეცდომები დიდი ტრანსფორმაციის მტკივნეული პროცესის თანმხლები ნაწილია. სასურველია, რომ ამ დინამიკურ და ტურბულენტურ პროცესში, შეფარდება ნეგატიურსა და დადებით ქმედებებს და ნაბიჯებს შორის ყოველთვის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იყოს.
თედო ჯაფარიძე, ათენი, 15 თებერვალი, 2008 წელი
ესაუბრა თეა ნადირაძე
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |