"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება სრულდება

განაცხადების რაოდენობამ ასს დიდი ხნის წინ გადააჭარბა. ერთ-ერთი მათგანია რადიომსმენელისთვის კარგად ნაცნობი ჟურნალისტი ნინო ცხოიძე, რომელიც უკვე 28 წელია, ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს და არ დარჩა სფერო (პრესა, რადიო, ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტო), სადაც მას არ უმუშავია.

თვითონ თავს უფრო რადიოჟურნალისტად მიიჩნევს. ამბობს, რომ რადიოში 16 წლის მუშაობამ დიდი პოპულარობა მოუტანა და მსმენელთა სიყვარულიც.

ნინო ცხოიძე 5 წლის წინ ევროპაში მოგზაურობისას შემთხვევით დაინტერესდა უცხოეთში მცხოვრები ქართველების ბედით და მას შემდეგ ისე კარგად შეისწავლა ემიგრაციის სფერო, რომ ლამის ექსპერტიც კი გახდა. იგი ჟურნალ "ემიგრანტების" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია და ახლა ასოციაცია "მეოხთან" ერთად ევროპაში დოკუმენტურ ფილმსაც იღებს. ამასთან, საპატრიარქოს რადიო "ივერიაში" საავტორო გადაცემას ამზადებს, რომელსაც "სხვა საქართველო აქ არი..." ეწოდება.

"რეზონანსი": რამდენადაც ვიცი, ამ კონკურსში მონაწილეობა თავიდან შენი სურვილი არ იყო. როგორ მოხდა, რომ განცხადების შეტანა მაინც გადაწყვიტე.

ნინო ცხოიძე: ნადვილად არ ვაპირებდი. მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების თავჯდომარემ, ქალბატონმა ნელი ჩაფიძემ რამდენჯერმე დამირეკა, შენი კანდიდატურის წარდგენა გადავწყვიტეთო. რამდენიმე დღის გამნავლობაში ისეთმა კოლეგებმაც დამირეკეს, დიდი ხანია რომ არ მინახავს და მკითხეს, განცხადება თუ შეგაქვსო. მაინც დაველოდე სხვა კანდიდატების გვარების გამოცხადებას და რომ მივხვდი, ამჯერად უფრო პროფესიონალები გამოჩნდნენ მსურველები, ვიფიქრე, დავეთანხმები და ვნახავ, რამდენად ობიექტურად მოხდება შერჩევა-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, დასაკარგი არაფერი მაქვს და როგორც მეუბნებიან, დიდი ხანია "არც ერთ გამოფენაში არ მიმიღია მონაწილეობა", ნაცნობებს მაინც დავენახვები, რომ არსად წავსულვარ და არც მოვმკვდარვარ!..

"რ": მართლაც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად ჩანხარ ეკრანზე, რომ აღარაფერი ვთქვათ რადიოზე, სადაც დილის 6 საათიდან ღამის 2 საათამდე ყველა საინფორმაციო გამოშვებაში შენი ხმა ისმოდა.

ნ.ც: ეტყობა, ვერ აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილას. არც მე ველოდი, რომ ასე უეცრად დასრულდებოდა ჩემი ჟურნალისტური აქტიურობა.

"რ": აჭარის ტელევიზიას გულისხმობ.

ნ.ც: ასე გამოდის. რადიოში გარკვეული შეზღუდვები მქონდა. მართალია, პირდაპირ ეთერში და სიუჟეტშიც ცენზურა საერთოდ არ მეხებოდა და თავისუფლად ვლაპარაკობდი ჩემს სათქმელს, მაგრამ ეთერის დამთავრების შემდეგ საყვედურსაც ვიღებდი და საავტორო გადაცემაც დამიხურეს იმის გამო, რომ სოხუმის დაცემის დღეს მოქალაქეთა კავშირის პოზიცია არ გავიზიარე და იმედის ნაცვლად, ტკივილზე და ტრაგედიაზე გადავიტანე აქცენტი. იმასაც ვგრძნობდი, რომ ახალბედა ჟურნალისტებს უფრო ანებივრებდნენ: საზღვარგარეთ და სემინარებზე აგზავნიდნენ, მე კი ყველა რთულ სიტუაციაში დროის ნებისმიერ მონაკვეთში მარბენინებდნენ. საკუთარ დაბადების დღეზეც სულ ვაგვიანებდი, ან ვერც მივდიოდი. რა თქმა უნდა, ალბათ ეს იმით აიხსნებოდა, რომ მენდობოდნენ და ჩემი სიუჟეტები უფრო სჭირდებოდათ. მაგრამ ანაზღაურება ბევრად დაბალი მქონდა, ვიდრე ასეთი მუშაობისათვის ეკუთვნის ჟურნალისტს. რაღაცით მაინც ხომ უნდა მეგრძნო დაფასება.! არც ბინა შემიძენია და არც მანქანა. ვერც დასასვენებლად მივდიოდი წელიწადში ორჯერ, ჩემი კოლეგებისაგან განსხვავებით. თუმცა ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ფულისთვის არასოდეს წავსულვარ სადმე სამუშაოდ, თორემ 16 წელი ამ დაბალ ხელფასზე არ ვიმუშავებდი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ იქ საჭირო ვიყავი. რადიოდან წასვლის ძირითადი მიზეზი სწორედ დაუფასებლობა და ზოგიერთი თანამშრომლის არაკოლეგიალობა იყო. ამიტომაც, კახა არჩვაძემ რომ დამირეკა, აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიუროს ხელძღვანელად დავინიშნე და შენნაირი პროფესიონალი და ერთგული ჟურნალისტი მჭირდებაო, არც დავფიქრებულვარ.

ოღონდ აქ მეორე უკიდურესობაში ჩავვარდი. თუ რადიოში მთავრობისა და პრეზიდენტის კრიტიკა არ შეიძლებოდა, ტელევიზიაში შევარდნაძის ბრიფინგების გაშუქებისასაც კი მისი ახლო პლანით ჩვენება ამიკრძალეს. ხოლო თუ სააკაშვილს ვახსენებდი, სულერთი იყო რა თვალსაზრისით, იმ სიუჟეტს საერთოდ ბლოკავდნენ. მაგრამ რადიოსგან განსხვავებით მაინც კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ანაზღაურებაც გაცილებით მეტი მქონდა. სამწუხაროდ, ორი თვის მეტი არ დამცალდა. არადა, მეგონა, ამით ჩემი შემოქმედების ახალი ეტაპი იწყებოდა. საერთოდ, ძალიან მიუღებლად მიმაჩნდა, ჟურნალისტების პოლიტიკური შეხედულებების გამო შევიწროება, რაც ზვიად გამსახურდიას დროს მოხდა და ვთვლიდი, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პერიოდში ჟურნალისტი ობიექტური და მიუკერძოებელი უნდა იყოს. მაგრამ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აქა-იქ მომხვდა ყურში - "აჭარის ტელევიზიაში რომ მუშობდიო", "ასლანს ემსახურებდიო" და ჩრდილში გადავედი. თუმცა იმის მტკიცება არ დამიწყია, ზოგიერთისაგან გასხვავებით, ვინც დღევანდელ სიტუაციას კარგად მოერგო, აბაშიძესთან არც ექსკლუზიური ინტერვიუ მქონდა აღებული და არც გამარჯობა მქონდა ნათქვამი.

ამიტომ ჯერ სამენოვანი საინფორმაციო სააგენტო "უორლდ ნიუსი" გავხსენი, შემდეგ კი სამენოვანი ჟურნალი "ემიგრანტები" გამოვუშვი. მაგრამ დაფინანსება არც ისე იოლი აღმოჩნდა. არც ბიზნეს-პარტნიორები გამომადგა, როგორც ქართულ ბიზნესში ხდება, გადაგდება მომინდომეს და იძულებული გავხდი, საქმეს მარტო გავძღოლოდი. ხელისუფლებიდანაც ვერ ვიგრძენი ვერანაირი ყურადღება. მეგონა, პრეზიდენტის ვიზიტებზე მაინც მოვახერხებდი გაყოლას, რომ ქართველებს შევხვედროდი. მაგრამ მხოლოდ 2004 წელს მქონდა პრეზიდენტის აკრედიტაცია და მხოლოდ ერთხელ მოვხვდი სააკაშვილის პრესკონფერენციაზე. ეს შანსი ხელიდან არ გამიშვია და კითხვაც დავუსვი ემიგრაციაზე. ევროპიდან ქართველებმა დამირეკეს. ბევრს უნახავს პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში და უკმაყოფილოები იყვნენ მისი პასუხით "ცოტა მიდის უცხოეთში და ბევრი ბრუნდებაო". არადა, ემიგრაცია სულ უფრო იზრდება და ამაზე თვალის დახუჭვა კარგს არაფერს მოგვიტანს.

"რ": მართლაც დროულია ალბათ ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა. გამოცდილების გასაზიარებლად არ დაგიკავშირდა ბატონი იულონ გაგოშიძე.

ნ.ც: თვითონ არც იცოდა, ასეთი ჟურნალი რომ არსებობდა. მე შევხვდი. თავიდან ძალიან გაუხარდა, ხომ მასწავლით, რაც იცითო. მაგრამ მეორე შეხვედრაზე ინტერვიუ რომ ჩავიწერე ჩემი ახალი საავტორო გადაცემისთვის, ის ენთუზიაზმი ვერ დავინახე. თუმცა თვითონ პრობლემის გადაჭრისათვის უკვე საინტერესო საკითხებიც გამაცნო. სათვისტომოებისა და დიასპორების ხელმძღვანელებს რომ ვუთხარი, რას აპირებს საქართველოს მთავრობა, მათაც მოიწონეს ზოგი რამ. ოღონდ თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდებაო, ისიც დასძინეს.

"რ": ისევ ტელევიზიას დავუბრუნდეთ. ზოგიერთმა ჟურნალიტმა ამთავითვე განაცხადა, რომ დირექტორობისათვის იბრძოლებს და ეს კონკურსი მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის არ იმართება...

ნ.ც: იმაზე მეტი ამბიცია არასოდეს მქონია, ვიდრე უნდა მქონოდა. წლების მანძილზე მივეჩვიე, რომ კოლეგები მოდიოდნენ, ან მირეკავდნენ და ყველაფერს მეკითხებოდნენ, ჩინოვნიკთა ტელეფონის ნომრებისა და მათი რეგალიებიდან დაწყებული, კანონპროექტების შინაარით დამთავრებული. მე კი მიკვირდა, რომ შვებულების დროსაც არ ჩერდებოდა ჩემი მობილური. მაგრამ ტელევიზიის დირექტორობაზე არასოდეს მიოცნებია, არც ახლა ვაპირებ ბრძოლას. ისე, რადიოს დირექტორობას უფრო შევძლებდი ალბათ. რადიოში მაინც მეტი გამოცდილება მაქვს. თუმცა ზოგიერთს არც ერთის გამოცდილება არ ჰქონდა და ამბიცია ეყო.

ჩემი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ კოლეგებთან ერთად ხალხის ინტერესები დავიცვა. ეს ტელევიზია ხალხს ეკუთვნის და მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. სხვათა შორის, ამას ფოფხაძის და გოგელიას ხელმძღვანელობის დროსაც კარგად ახერხებდა. მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, "ტელე-იმედის" დახურვის შემდეგ სამაუწყებლო ტელევიზიას უფრო ხშირად ვუყურებ, ვიდრე მანამ და სხვებთან შედარებით, უფრო ობიექტურად მეჩვენება. სიუჟეტებიც და დებატებიც ისეთი ცალმხრივი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, არც მთლად თავისუფალია. სანამ ტელევიზია სახელმწიფო ბიუჯეტზე იქნება, ან ხელისუფლების წარმომადგენელი ბიზნესმენის მფლობელობაში, იგი მიუკერძოებელი ვერ იქნება.

იმედი მაქვს, ამჯერად მაინც შეირჩევა ისეთი სამეურვეო საბჭო, რომელსაც ჩემს საავტორო გადაცემას მაინც თამამად წარვუდგენ. პენსიონერობისთვის ნამდვილად არ ვემზადები და არც ჩემი რესპონდენტების ბედი მინდა გავიზიარო!



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com