"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

მხატვარი დაიღუპა

რედაქციისგან:

რამდენიმე დღის წინ ქართული საზოგადოება შეძრა შემზარავმა ინფორმაციამ - ღამე გაჩენილი ხანძრის დროს, საკუთარ სახელოსნოში, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, 43 წლის ასაკში დაიღუპა მხატვარი თორნიკე ამბოკაძე.

ეს ყველაფერი ერთად - ხანძარი, ახალგაზრდა ასაკი, გარდაცვალება დაბადების დღეს - ფაქტს კიდევ უფრო მეტ ტრაგიზმს ანიჭებს. ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი, თან ასეთი საშინელი სიკვდილი, მით უმეტეს ასეთ გარემოებებში, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ჩვენთვის, "რეზონანსელებისთვის", თორნიკე ამბოკაძის დაღუპვა უსაზღვროდ გულდასაწყვეტი იმიტომაცაა, რომ მასთან ჩვენი ცხოვრების საკმაოდ დიდი და საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთია დაკავშირებული და იმიტომაც, რომ ეს კეთილი, თბილი, ადამიანების, სამშობლოს, საქმის მოყვარული, გონიერი, მოაზროვნე, განათლებული, ნიჭიერი (როგორც პირიოვნება და როგორც შემოქმედი) ადამიანი ძალიან, ძალიან გვიყვარდა.

მისი მეტად მახვილი, საოცრად მკაფიო, მთავარ სათქმელს ზუსტად ჩავლებული, ასე ვთქვათ, "მიზანში მორტყმული", ნამდვილი ოსტატის ხელით შექმნილი ნახატები - პოლიტიკური და სოციალური, აქტუალური პამფლეტები - იმდროინდელი "რეზონანსის" განუყოფელი ნაწილი იყო, სტილის, სპეციფიკის თავისთავადი დამახასიათებელი ნიშანი, რაც გაზეთს უფრო მეტ მოცულობითობას და სისავსეს სძენდა. თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, სტატია, რედაქტორის შემდეგ, მხატვრისთვის "მოეწონებინა", რადგან ვიცოდით, მასალა მკითხველს წაუკითხავი არასოდეს დარჩებოდა - თორნიკეს "ილუსტრაციები" იყო ამისი გარანტი.

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ამბოკაძე "რეზონანსში" უკვე რამდენიმე წელია, აღარ მუშაობდა, ვისაც წილად ხვდა მასთან თანამშრომლობის ბედნიერება, ხშირად ვიხსენებდით მასაც და მის ნამუშევრებსაც, რომელთა უმეტესობა, როგორც ჩვეულებრივი მკითხველში, ასევე, მათში, ვისაც ეხებოდა და "ამხელდა," - ცოცხალ, შესაბამის, რეაგირებას იწვევდა და თავის ფუნქციას სრულფასოვნად ასრულებდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თორნიკეს გარდაცვალების ამბავი, ყოფილ და მოქმედ "რეზონანსელებს" (ვისაც ერთმანეთი წლები არ გვინახავს და შეიძლება მინიმალური კონტაქტიც არ გვქონია) შორის სატელეფონო ზარები არ შეწყვეტილა. პირველი, რასაც ერთმანეთს ვეუბნებოდი, მბჟუტავი იმედით - იქნებ ეს ჩვენი თორნიკე არ იყო.! სამწუხაროდ, ჩვენი თორნიკე აღმოჩნდა. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, მან უკვე ამ ქვეყნიდან წასულმა, კვლავ დაგვაკავშირა ერთმანეთს სხვადასხვა მხარეს მიმოფანტული თანამშრომლები და ერთანეთი თავიდან გვაპოვნინა ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ ჩვენმა გიო სანაიამ.

მიღებულია, როდესაც ადამიანი კვდება, მის შესახებ მხოლოდ კარგს ამბობენ, მხოლოდ საუკეთესოდ ახასიათებენ მას, მაგრამ თორნიკე ამბოკაძე ის პიროვნება იყო, რომელსაც ასეთი "შეღავათები" არ სჭირდებოდა.

იგი ყველას მართლა გულწრფელად უყვარდა (და ამას თორნიკეს "ზურგსუკან" ხშირად აღნიშნავდნენ) - მეგობრებს, კოლეგებს, თანამშრომლებს, შორეულ ნაცნობებსაც კი... და ყველას საამისოდ არაერთი მიზეზი ჰქონდა.

თორნიკეს უახლოესი მეგობარი, მხატვარი კახა მამულაშვილი: მინდა რაღაც გავიხსენო ჩვენი ურთიერთობიდან, რაიმე ამბავი, მაგრამ ისეთი გაოგნებული, ისეთი დამწუხრებული ვარ, საერთოდ ვერაფერს ვიხსენებ. არც ის ვიცი, რა ვთქვა.

იუმორის უბადლო ნიჭი ჰქონდა, იუმორის ასეთი გრძნობა მეტად იშვიათია. სულ ხუმრობდა. სულ შაყირობდა. ძალიან გულიანი ადამიანი იყო, მეგობრების ძალიან დიდი მოსიყვარულე და მეგობრებსაც საოცრად, უზომოდ გვიყვარდა.

მის შემოქმედებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო, ოღონდ ცოტა ზარმაცი, როგორც ყველა ნამდვილი ხელოვანი, ჭეშმარიტად ნიჭიერი შემოქმედი. თან საოცრად მორიდებული იყო, მოკრძალებული, ყოველგვარი ამბიციის გარეშე.

ბოლო პერიოდში სულ მუშაობდა. ძმასთან ერთად ხატებს წერდა. იყო უზომოდ დიდი პატრიოტი. სამშობლო მისთვის ყველაფერზე წინ იდგა, ყველაფერზე მთავარი იყო.

თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, ფერმწერი გია ბუღაძე: თორნიკე ამბოკაძე ნიჭიერი ადამიანი იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რექტორად სულ ახალი არჩეული ვიყავი, შევთავაზე, რომ ჩვენთან, აკადემიაში, გამოფენა გაეკეთებინა - პოლიტიკური პამფლეტის თემაზე.

სამწუხაროდ, მან არ მიიღო ჩემი ეს წინადადება, იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა. პირიქით, ძალიან გაუხარდა, იდეა ძალიან მოეწონა, მაგრამ როგორღაც ისე მოხდა, რომ ვეღარც მე გამოვიჩინე აქტიურობა და ალბათ, მანაც ჩათვალა, რომ ამის გაკეთება საჭირო არ იყო. თუმცა მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ასე მომხდარიყო, რადგან მჯერა, გამოფენა თორნიკეს ცხოვრებაში გარკვეულ, ძალიან სერიოზულ სხივს შეიტანდა და ჩვენ ყველა სრულიად ახალი კუთხით დავინახავდით ამ ნიჭიერ ადამიანს.

თქვენთან, "რეზონანსში," ხშირად იბეჭდებოდა მის მიერ საინტერესო ინტერპრეტაციებით გაკეთებული, პოლიტიკური და სოციალური ტიპის ნამუშევრები, რომლებიც არ იყო კარიკატურები პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო, ჩემი გაგებით, მართლა სერიოზული პოლიტიკური ხედვა, რომელიც არცთუ შორეული, საკმაოდ პირდაპირი გადაძახილი იყო დომიესთან. თორნიკე ამბოკაძე თითქოს ჩართული იყო ამ არხში, იმ მიმართულებით, რომ ხედავდა გარკვეულ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებს გარკვეული სიმძაფრით, გარკვეული სარკაზმითაც, ირონია ხომ თავისთავად იგულისხმებოდა, მის ნამუშევრებში იყო შარჟის ელემენტებიც და ამას აკეთებდა ძალიან კარგი, სხარტი ხაზით, მოქნილი სახასიათო ნიშნით და ეს იყო ძალიან საინტერესო. თან, რაც მთავარია, სრულიად თავისუფალი, დამოუკიდებელი იყო კომუნისტური პერიოდის პოლიტიკური ჩანახატის, პამფლეტის გავლენისგან.

მე ძალიან, საოცრად მიჭირს მასზე ლაპარაკი. ახალგაზრდა კაცი წავიდა... სულ ნახევარი წლის წინ გარდაიცვალა თორნიკეს მამაც, არაჩვეულებრივი ქართველი მხატვარი - ფერმწერი და ილუსტრატორი ედუარდ ამბოკაძე. იგი ჩვენი არაჩველებრივი პედაგოგი იყო, მისი ფერწერისა და გრაფიკისგან მეც ბევრი რამ მისწავლია. და რა უცნაურია, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები ასე ერთად წავიდნენ!..

ახლაც მინდა, ეს ყველაფერი რომ დალაგდება, როდესაც გავა დრო და ამ ტრაგიკული ფაქტით გამოწვეული განცდები ოდნავ ჩაქრება, მაგრამ თორნიკეს მხატვრული სული მის ნამუშევრებში დარჩება (იმედი მაქვს, რომ რედაქციაშიც გექნებათ მისი ნამუშევრები შემორჩენილი), ვისურვებდი გამოფენის გაკეთებას, რაც მის სიცოცხლეში ვერ განვახორციელე.

"რეზონანსის" სპორტის განყოფილების რედაქტორი აკაკი გვიმრაძე: თორნიკე ძალიან თბილი ადამიანი იყო, ძალიან გულგახსნილი, გულუხვი, მეგობრული, ძალიან უყვარდა მეგობრები და მათთან დროსტარება.

ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი ზვიად შვანგირაძე: როდესაც თორინიკე ჩვენთან, "რეზონანსში" მოვიდა, იგი ისე შემოვიდა ჩვენს წრეში, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს. არც მას და არც ჩვენ ერთმანეთს მიმართ წუთიერი გაუცხოებაც კი არ გვიგრძვნია. თავიდანვე ძალიან ნიჭიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. იმ პერიოდში, თორნიკეს ნახატის გარეშე გაზეთის არც ერთი ნომერი არ გამოდიოდა. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თორნიკე თვითონ გვთავაზობდა იდეას, ხშირად იჯდა ჩვენთან და იდეაზე ერთად ვმუშაობდით. ბოლოს იმდენად გაიწაფა ამ საქმეში, რომ მის მიერ დამუშავებულ აზრს 100%-ით ვენდობიდით ხოლმე. ძალიან ხშირად მინახავს, სტატიებს კითხულობდა იმისთვის, რომ მათ აზრს ბოლომდე ჩაწვდომოდა, რათა შემდეგ ეს ყველაფერი ნახატში გადმოეცა. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე მეგობრობაში გადაიზარდა, მაგრამ შემდეგ თორნიკე "რეზონანსიდან" წავიდა და ურთიერთობაც თითქოს მინელდა, თუმცა როცა კი შევხვდებოდით ერთმანეთს, ყოველთვის სასიამოვნო იყო ამ ნიჭიერ და თავისუფალი აზროვნების კაცთან საუბარი. რამდენადაც ვიცი, ბოლოს ხატწერაზე მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ ქუჩაში ვნახე და მას შემდეგ, მისგან არაფერი მსმენია დღევანდელ დღემდე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com