"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

ქართველები და რუსები დიდ ავიაციას უბრუნდებიან: მოლაპარაკებები ჯერჯერობით მხოლოდ თავშეკავებული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

მარიამ ხიდაშელი

რუსები და ქართველები საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ისევ საუბრობენ. მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო. ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდება. პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, მან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისგან წინასწარი თანხმობა უკვე მიიღო.

მოსკოვში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ლეჟავას ხელმძღვანელობით ჩავიდა. მინისტრის მოადგილემ მოსკოვში ვიზიტამდე განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გამართვა და ურთიერთობის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია. "პოზიტიური სიგნალები არსებობს, მათ შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. საკითხი მარტივი არ არის, მაგრამ თავშეკავებული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა", - განაცხადა ლეჟავამ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთიდან წინასწარი თანხმობა არის. "ბოლო თვეებსა და კვირებში ჩვენი რუსი კოლეგებისგან პოზიტიური სიგნალები გვაქვს. მე მქონდა შეხვედრები რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მივაღწიეთ წინასწარ თანხმობას საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართულმა კომპანიებმა რუსეთის საჰაერო ავიაციის წარმომადგენლებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით წერილობით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათ ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. მიმართვაში ისინი რუს კოლეგებთან მოსალაპარაკებლად შეხვედრას ითხოვდნენ.

"ჩვენ დიდი ხანია შეხვედრას ვითხოვთ, რომელზეც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დეტალები და სხვა საკითხები უნდა გადაწყდეს. რეისების შესასრულებლად მზად ვართ. რეისების აღდგენას მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ტექნიკური პრობლემები კი არ არსებობს", - განაცხადეს კომპანიების წარმომადგენლებმა.

წელიწადნახევრის განმავლობაში რუსებმა რეისები რამდენჯერმე საგანგებო თხოვნის გამო დაუშვეს. შარშან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისები 7, 10 და 11 აპრილს შესრულდა. ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შესაძლებლობა მისცეს რუსეთში ვიზიტით პირდაპირი მარშრუტით ჩასულიყო და არა მესამე ქვეყნის გავლით.

გარდა ამისა, რუსულმა ავიაკომპანიებმა საკმაოდ პარადოქსულ სიტუაციაში ჩააყენეს ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანია, როდესაც კომპანიას რეისების შესრულებაზე ჯერ ნებართვა მისცეს, ხოლო მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება უარყვეს - იმის მოტივირებით, რომ გადაწყვეტილება ზეპირად იყო მიღებული და არა წერილობით. პარადოქსი ის იყო, რომ ამ ავიაკომპანიას მოსკოვის რეისზე ბილეთები უკვე გაყიდული ჰქონდა.

საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო და სატრანსპორტო მიმოსვლა 2006 წლის ოქტომბერში შეწყდა. ამის მიზეზი საქართველოში რუსი სამხედროების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება და საქართველო-რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობები გახდა. მოსკოვმა საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსი ჯაშუშების აღმოჩენას ელჩის გაწვევით, ეკონომიკური ბლოკადითა და ქართველი ემიგრანტებისადმი მკაცრი მოპყრობით უპასუხა.

საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე მოსკოვში მიმოსვლა კვირაში 10 სიხშირით, ანუ 20 რეისით ხორციელდებოდა. მათ შორის 3 რეისი ჰქონდა "საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს", 6 - "აეროფლოტს", 7 - "ჯორჯიან ეარვეიზს" და 4 - "სიბირს". გარდა ამისა, "ნაციონალური ავიახაზები" რუსეთში სანკტ-პეტერბურგისა და მინვოდის მიმართულებით დაფრინავდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com