"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

ევროპელებს რუსული ინვესტიციები აღიზიანებთ: ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსულ კაპიტალზე ცუდად არ რეაგირებს, ესპანეთია

ნინო ალექსიძე

ევროპელთა უმეტესობა რუსული ინვესტიციების წინააღმდეგია - ასეთი შედეგები აჩვენა ევროპის ქვეყნებში გამოცემა "ფაინენშელ თაიმსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ. რუსული კაპიტალი განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის მოსახლეობას აღიზიანებს. გამოკითხულთა შორის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ფულზე ცუდად არ რეაგირებს, ესპანეთია. გამოკითხულ ესპანელთა 55%-ისათვის მათი ქვეყნის ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს.

"ფაინენშელ თაიმსმა" ევროპელების რუსეთისადმი დამოკიდებულება გამოკითხვის მეშვეობით გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება აშინებს. მთლიანად ევროპელები და განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის მოსახლეობა ენერგოსაკითხებში პირველ ადგილზე გადასახადებს, კერძოდ კი, ელექტროენერგიის გადასახადებს აყენებს. მათთვის მეორე ადგილზე ენერგორესურსების წარმომავლობაა.

რაც შეეხება რუსეთიდან, ენერგორესურსების სხვა მომწოდებელზე გადასვლას, ევროპელები მიიჩნევენ, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება დადებითი, თუ აღნიშნული ცვლილება გადასახადების გაზრდას არ გამოიწვევს.

"ფაინენშელ თაიმსის" გამოკითხვის მიხედვით, ევროპელები თვლიან, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი კეთილმეზობლური ქვეყნაა. ევროპელთაგან ერთადერთი, ვინც ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, დიდი ბრიტანეთია. იქ მოსახლეობის 50% რუსეთს უარყოფითად აფასებს.

დღეისათვის ევროპაში გაზის ძირითადი მიმწოდებელი რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სააქციო საზოგადოება "გაზპრომის" შვილობილი "გაზექსპორტია". ამჟამად ევროპის იმპორტის 2-3 გაზპრომის მიერ კონტროლირდება. ექსპერტთა პროგნოზებით, 2020 წლისათვის არსებული მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში 85% "გაზპრომის" მიერ გაკონტროლდება. ევროკავშირი ენერგომატარებლების, განსაკუთრებით კი გაზის დეფიციტს უკვე მწვავედ განიცდის და მომავალში ეს პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ვინაიდან გაზის მოხმარება სულ უფრო მატულობს. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო საკუთარი გაზის ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც აირის დამატებით რესურსებზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

ამერიკელ ექსპერტთა დასკვნებით, რუსეთი ევროპაში თავისი მონოპოლიის კიდევ უფრო გაძლიერებას "გაზპრომისა" და "როსნეფტის" საშუალებით აპირებს. ევროკავშირი აშშ-სთან კრემლის გეგმების წინააღმდეგ კი იბრძვის, მაგრამ ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ ჩანს.

გაზსადენი "ნაბუკო", რომელიც რუსული გაზის ალტერნატივად განიხილება, ექსპლუატაციაში 2012 წლის ნაცვლად 2013 წელს შევა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს თავად კონსორციუმის წევრმა კომპანიებმა. "ნაბუკოს" მეშვეობით უნდა განხორციელდება შუააზიური ენერგორესურსის ევროპაში მოხვედრა რუსეთის გვერდის ავლით. ამ დროს კი რუსეთი თავისი პროექტების ამუშავების დაჩქარებას ყველანაირად ცდილობს და გეგმების განხორციელებისათვის იბრძვის.

კერძოდ კი, რუსული კომპანია უახლოესი 9 წლის განმავლობაში ევროპაში გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდას აპირებს. "ნორდ სტრიმის" მილსადენი სწორედ ამ გეგმების განხორციელებას მოემსახურება. ამ პროექტს პოლიტიკურ ზურგს გერჰარდ შრიოდერი უმაგრებს, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგ, "გაზპრომმა" მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშნა. სანამ კანცლერის პოსტიდან წამოვიდოდა, შრიოდერმა გერმანიის მხრიდან "ნორდ სტრიმის" მხარდაჭერა უზრუნველყო.

ბოლო წლებში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა გაზის მიწოდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ უკრაინას, ბელორუსს, სომხეთსაც შეუწყვიტა. აირის შეწყვეტით დაემუქრა ევროპასაც. "გაზპრომიდან" გაისმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროექტები - "ნორდ სთრიმი" და "სამხრეთ დინება" არ განხორციელდება, 27 ქვეყნისაგან შემდგარი პოლიტიკური გაერთიანება 85 მილიარდი კბ-მ რუსული აირით გამოწვეულ "სიცარიელეს" შეიგრძნობს.

რუსული გიგანტი "გაზპრომი" ახორციელებს გაზისა და სხვა ენერგორესურსების გეოლოგიურ დაზვერვას, მოპოვებას, ტრანსპორტირებას, შენახვას, გადამუშავებასა და რეალიზაციას. კომპანიის საკონტროლო პაკეტის 50.002%-ის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. ენერგოგიგანტს ეკუთვნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის მარაგები. მსოფლიოს მასშტაბით გაზის მარაგების 17%, ხოლო რუსეთის - 60% "გაზპრომზე" მოდის. გარდა ამისა, რუსული გიგანტი კომპანია პლანეტაზე გაზის საერთო მოპოვების 20%-ს ახორციელებს. "გაზპრომს" ეკუთვნის მსოფლიოში უმსხვილესი გაზის სატრანსპორტო - რუსეთის გაზმომარაგების ერთიანი სისტემა.

აზერბაიჯანში ირანული გაზის გამათბობლების გაყიდვა აიკრძალა

(ინტერპრესნიუსი) აზერბაიჯანში ირანული გაზის გამათბობლების გაყიდვა აიკრძალა. როგორც მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის და პატენტის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა რამიზ გასანოვმა განაცხადა, ირანიდან იმპორტირებულ გამათბობლებს სერტიფიკატები არ ჰქონდა და მათი შემოტანის ფაქტების გამოძიება მოხდება.

გასანოვი აღნიშნავს, რომ გაზის გამათბობლების აკრძალვა სავაჭრო წერტილებში აიკრძალა.

2007 წელს აზერბაიჯანში საყოფაცხოვრებო გაზის გამოყენებისას 151 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა. უბედური შემთხვევების ძირითად მიზეზად სწორედ ირანული წარმოების გაზის გამათბობლები სახელდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com