|
|
"რეზონანსი "
"კოსოვო პრეცედენტი ვერ გახდება" ვასო კაპანაძე
ინტერვიუ რუმინეთის ელჩ დან მიჰაი ბარლიბასთან
ზუსტად 17 წლის წინათ, 1991 წლის 18 თებერვალს, რუმინეთის რესპუბლიკა პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. აპრილის დასაწყისში ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც ცენტრალური საკითხი ალიანსის გაფართოების პერსპექტივები იქნება. "რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას... კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ვერ გახდება პრეცედენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში," - აცხადებს რუმინეთის ელჩი საქართველოში დან მიჰაი ბარლიბა. 2-4 აპრილს რუმინეთის დედაქალაქი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. საქართველოსთვის ამ სამიტის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რადგანაც ბუქარესტში გასამართ ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები იქნება. ქართულ-რუმინული ურთიერთობების თემაზე და ნატოს ბუქარესტის სამიტის ირგვლივ სასაუბროდ "რეზონანსი" შეხვდა და ესაუბრა რუმინეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში დან მიჰაი ბარლიბას. "რეზონანსი": თქვენი შეფასებით, რამდენად აქტიურად და ინტენსიურად ვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის. დან მიჰაი ბარლიბა: ურთიერთობები ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის საკმაოდ აქტიურად ვითარდება. ელჩის რანგში საქართველოში ჩამოსვლიდან 3 დღეში, 2006 წლის 5 ივნისს, მქონდა პატივი, ბუქარესტში გამეცილებინა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა ის დასწრებოდა შავი ზღვის ქვეყნების ხელმძღვანელთა ფორუმს დიალოგისა და პარტნიორობისათვის. წელს, იანვარში, რუმინეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში. აპრილის დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილს კვლავ ველით ბუქარესტში, სადაც ნატოს სამიტი გაიმართება. ვფიქრობ, რომ როგორც პრეზიდენტების, ისე პრემიერ-მინისტრების, სამთავრობო, აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელთა დონეზე კონტაქტები მეტად მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუმინეთის სენატის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრება. ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო და მეგობრული ურთიერთობები დიდი ხანია, რაც ჩამოყალიბდა. ყველასთვის კარგად ცნობილი ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დაიბადა საქართველოში, შემდგომში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუმინეთში, იქცა ერთგვარ სიმბოლოდ ქართველი და რუმინელი ხალხების მეგობრობისა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ახალი ჯგუფის აქტიური წევრია და შესაბამისად, ჩვენს ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მხარდაჭერისა და მისი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში. "რ": როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დ.მ.ბ: შარშან, წლის ბოლომდე, არაოფიციალური მონაცემებით, რუმინული წარმოების პროდუქციის ექსპორტმა საქართველოში 140 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. საქართველოდან რუმინეთში კი მხოლოდ 0,5 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა. ბუნებრივია, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი. ჩემი სურვილია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ინტენსიურად და სწრაფად ვითარდებოდეს. ჩვენ უკვე გვყავს ეკონომიკური მრჩეველი საელჩოში და მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის გაზრდას. საქართველოში რუმინეთიდან ძირითადად საწვავი მასალების, ქიმიური მრეწველობის, მანქანა-დანადგარების, ხელსაწყოების, ხის ნაწარმის, ავეჯის ექსპორტირება ხდება. ქართულ ბაზარზე აქტიურად საქმიანობს ჰოლდინგი "რომპეტროლი", რომლის აქციების 75%-იც, როგორც ცნობილია, "ყაზმუნაიგაზმა" შეიძინა. რაც შეეხება სოციალურ სფეროს, აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რუმინეთის მთავრობამ საქართველოს შარშან 300 ათასი ევრო გამოუყო 2 პროგრამის განსახორციელებლად - კახეთის რეგიონის და აჭარის ავტონომიის ეკონომიკური განვითარების მიზნით. გარდა ამისა, მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ევრო გამოიყო ასევე კახეთის რეგიონისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის შესაძენად; მარტის დასაწყისში ეს პროგრამა რეალურად ამოქმედდება, ხოლო თანხა რეგიონს უკვე მიღებული აქვს. ევროპული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთი დემოკრატიული განვითარების გზაზე დახმარებას სამ სახელმწიფოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას უწევს. ცალკე აღნიშვნის ღირსია უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არსებობს ტურიზმის სფეროში. საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებლური ტრადიციებიდან გამომდინარე, ამ დარგში ურთიერთობები უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს ვესტუმრე, გარდა ცხინვალის რეგიონის არაკონტროლირებადი ნაწილისა და აფხაზეთისა. ვნახე ქართული კულტურის ისეთი უძველესი მონასტრები და ეკლესიები, რომელთა მსგავსიც ჩვენ რუმინეთში არ გაგვაჩნია. შესაბამისი ტურისტული პროგრამების ორგანიზების პირობებში მათ უამრავი დამთვალიერებელი შეიძლება ეწვიოს არა მარტო რუმინეთიდან, არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოებიდანაც, რუმინეთის თუ სხვა მეზობელი ქვეყნების გავლით. გელათის, ბაგრატის, ბოდბეს, ალავერდის და სხვა ღირსშესანიშნეობების დათვალიერება მათთვის ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება. უამრავი საინტერესო ტურისტული ობიექტის ნახვა შეიძლება რუმინეთშიც. რუმინეთი თავისი კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, მშვენიერი ბუნებით, მთებით, მდინარეებით, ისტორიული ძეგლებით, ლეგენდებით გამოირჩევა. მარტო დრაკულას შესახებ ლეგენდა რად ღირს. ლეგენდა ლეგენდად, ხოლო მეფე ვლად დრაკულა რეალურად მოღვაწეობდა მე-15 საუკუნეში და საკმაოდ ძლიერი მმართველიც იყო. იგი შეურიგებელი იყო მათ მიმართ, ვინც კანონებს პატივს არ სცემდა. შემდგომში მის შესახებ ლეგენდაც წარმოიშვა. ტურიზმი კი, როგორც ცნობილია, საინტერესო და შთამბეჭდავი ლეგენდების საფუძველზეც კარგად ვითარდება. რუმინელები და ქართველები უზარმაზარი კულტურისა და ტრადიციების მქონე ერები ვართ. ამდენად, თანამშრომლობა ჩვენს შორის კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს. მოხარული ვიქნები, თუ საქართველოში რუმინელი ტურისტების რიცხვი და რუმინული ბიზნესის აქტიურობა უფრო გაიზრდება. არანაკლებ კმაყოფილი ვიქნები, თუ ქართული ბიზნესი უფრო აქტიურად წარმოჩინდება რუმინულ ბაზარზე და ქართველი ტურისტებიც უფრო მრავლად ეწვევიან რუმინეთს. "რ": ივნისში 2 წელი სრულდება, რაც თქვენ საქართველოში ელჩის რანგში მოღვაწეობთ. როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მისი განვითარების პერსპექტივებს. დ.მ.ბ: 1995 წელს პირველად ვესტუმრე საქართველოს, როცა სუფევდა ენერგოკრიზისი და ბევრი სხვა სახის პრობლემა - მაღაზიების თაროები ნახევრად ცარიელი იყო, მოსახლეობის წინაშე გაცილებით მწვავედ იდგა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, არასასურველი კრიმინოგენული მდგომარეობა. დღესაც არსებობს სირთულეები, მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლები არ არის ისეთ დონეზე, როგორც ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია, უჭირთ პენსიონერებს; დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ, მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები თანდათანობით მოგვარდება. პატივს ვცემ და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პროგრამას "საქართველო სიღარიბის გარეშე". მჯერა, რომ შესაბამისი რეფორმების გატარების შემთხვევაში რამდენიმე წელიწადში ცხოვრების დონე საქართველოში დაახლოებით ორჯერ გაუმჯობესდება. "რ": როგორც ცნობილია, საქართველო აქტიურად მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. აპრილში ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართება. როგორ შეაფასებდით სამიტის მნიშვნელობას. დ.მ.ბ: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იქნება, რადგანაც სამიტის ცენტრალური საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პერსპექტივები იქნება. ნატოში გაწევრიანების გზაზე სხვადასხვა სფეროში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები მნიშვნელოვანი არგუმენტია საქართველოს სასარგებლოდ. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც, მხედველობაში მაქვს ნოემბრის მოვლენები, თუმცა შეცდომებზე სწავლა ყველას შეუძლია, ვისაც ამის სურვილი აქვს. რუმინეთის პრეზიდენტმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, რადგანაც ნატოს წევრობა ქვეყნის სტაბილურობაზე მიანიშნებს და ინვესტირების დონესაც გაზრდის - ასე მოხდა რუმინეთში, მას შემდეგ, რაც რუმინეთი 2004 წელს ნატოს წევრი სახელმწიფო გახდა. საქართველოს მეტად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია და დიდი ენერგეტიკული პროექტების უშუალო თანამონაწილეა. ამდენად, ნატოსთვის და ევროკავშირისთვის, ვფიქრობ, მეტად სასარგებლო იქნება ამ ორგანიზაციებში საქართველოს წევრობა. "რ": სულ ახლახან კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც რიგი სახელმწიფოების მიერ მისი აღიარებაც მოჰყვება. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესზე. დ.მ.ბ: კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ვერანაირ გავლენას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ კონფლიქტებზე რეალურად ვერ მოახდენს. კოსოვო ვერ გახდება პრეცედენტი ან მოდელი კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მან უმჯობესია, კარგად შეისწავლოს კავკასიაში და კერძოდ, შავიზღვისპირეთში არსებული რეალობები. კოსოვო აბსოლუტურად ცალკე აღებული, სპეციფიკური შემთხვევაა. მთავარია, რომ გაგრძელდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაუმჯობესების ფონზე, რათა ეს რეგიონები ფაქტობრითად ერთიანი, სუვერენული საქართველოს ფარგლებში მოქცეს. როგორც რუმინეთის ელჩი საქართველოში, მომავალში ამ რეგიონებსაც სიამოვნებით ვეწვევი ისევე, როგორც ვსტუმრობ ხოლმე საქართველოს ამა თუ იმ რეგიონს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |