"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

სუბარი ხელისუფლებას საკუთრების უფლების ხშირ დარღვევაში ადანაშაულებს

(ინტერპრესნიუსი) საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლება კვლავ ხშირად ირღვევა. სოზარ სუბარმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთრების უფლების დარღვევის რამდენიმე მაგალითი, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისთან დაკავშირებული ფაქტი დაასახელა.

მისი განცხადებით, მოსამართლე მილერი ხარებავამ არ შეისწავლა საქმე და უსაფუძვლოდ დააყადაღა არა მხოლოდ ოფისში ირაკლი ოქრუაშვილის წილი, არამედ სხვა 10 პირის კუთვნილი უძრავი ქონებაც.

"სასამართლომ ყადაღა მხოლოდ იმ მიზნით დაადო შენობას, რომ არ მომხდარიყო მისი გასხვისება და არავის ჰქონდა უფლება, ხელი შეშეელა მესაკუთრის მიერ დაყადაღებული ქონების სარგებლობისთვის. შესაბამისად, დაცვის პოლიციის მხრიდან მოხდა დარღვევა", - განაცხადა სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, რეკომენდაციით მიმართა გენერალურ პროკურორს, რათა შეისწავლოს დაცვის პოლიციის მიერ საკუთრებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლა და დააყენოს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი.

გარდა ამისა, სუბარის თქმით, დაცვის პოლიციის უფროსს მიმართა რეკომენდაციით, რათა გაათავისუფლონ შენობა.

სუბარმა ყურადღება საკუთრების უფლების დაცვის კომისიაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მისმა სამსახურმა შეიმუშავა შესაბამისი პროექტი, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

"თუ ამ კომისიას ძლიერი უფლებამოსილება არ ექნება, მაშინ მის არსებობას აზრი არა აქვს", - განაცხადა სუბარმა. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა სუბართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკუთრების დაცვის კომისია შეიქმნებიდა, რომელსაც სახალხო დამცველი უხელმძღვანელებდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com