"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

"მზე" და "რუსთავი" უფასო პოლიტიკური რეკლამის შემცირებას ითხოვენ: "ეს არის "მზისა" და "რუსთავი2-ის" ხელმძღვანელობის მიე გამოგზავნილი წერილი, შედგენილი ხელისუფლების მიერ"

რუსიკო მაჩაიძე

"რუსთავი 2" და "მზე" საარჩევნოდ პარტიებისთვის გამოყოფილ უფასო დროის სამჯერ შემცირებას ითხოვენ. ოპოზიცია ამას ხელისუფლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლად მიიჩნევს. აპირებს თუ არა პარლამენტი ამ თხოვნის დაკმაყოფილებას, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, "შევეცდებით, დავიცვათ ბალანსი ამ ორ ინტერესს შორის."

უფასო დროის ხანგრძლივობის შემცირებას თხოვნით "რუსთავი 2"-ისა და "მზის" დირექტორებმა ირაკლი ჩიქოვანმა და ალექსანდრე ფარულავამ პარლამენტის თავმჯოდმარეს გუშინ მიმართეს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, "რუსთავი 2" და "მზე" კომერციული ორგანიზაციები არიან და მათი შემოსავალი დამოკიდებულია სარეკლამო დროის გაყიდვიდან მიღებულ მოგებაზე. მათი განცხადებით, პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი უფასო დროის გამო ზარალს განიცდიან. ისინი არჩევნებზე კომერციული პარტიებისათვის გამოყოფილი სავალდებულო უფასო დროის ხანგრძლივობის - 90 წამი ყოველ 3 საათში - განახევრებას ითხოვენ.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, "რუსთავი 2"-ისა და "მზის" მეშვეობით პარტიებმა დაახლ. 12-12 საათი გამოიყენეს, რაც, შესაბამისად, 4,5 და 0,4 მლნ დოლარის ექვივლანტია.

აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს გუშინდელ ბიუროს სხდომაზე გააცნო, თუმცა საკითხის შეფასებისგან ნინო ბურჯანაძემაც და ბიუროზე მყოფმა სხვა დეპუტატებმაც თავი შეიკავეს.

ოპოზიცია ამ ინციატივას უკვე მათ წინააღმდეგ გადადგმულ ქმედებად მიიჩნევს.

"ეს არის "მზისა" და "რუსთავი2-ის" ხელმძღვანელობის მიე გამოგზავნილი წერილი, შედგენილი ხელისუფლების მიერ," - მიაჩნია მამუკა კაციტაძეს: "ფორმალურად ისინი არიან კერძო პირების მფლობელობაში, მაგრამ ორივე ხელისუფლების ტელევიზიაა. აქედან გამომდინარე, მათი მეშვეობით ცდილობს ხელისუფლება რაღაცა კონტრქმედების განხორციელებას. ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლის საშუალება მოიპოვოს. ხელისუფლების კერძო ტელევიზიები კი კონტრქმედებებს ახორციელებენ, რომ ის ელემენტალური უფასო დრო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა ოპოზიციას, გაუქრონ. ფული ხელისუფლების ხელშია, რასაც უნდა, იმას იყიდის. ან, თუ უნდა, საერთოდ არ მისცემს მათ ფულს, იმიტომ, რომ მათია."

კახა კუკავა კი აცხადებს, რომ ამ საკითხს ეროვნული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ და პოზიციას მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებენ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნოდ უფასო დროის გამოყოფის საკითხს "საარჩევნო კოდექსი" და "მაუწყებლობის შესახებ" კანონი არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ნორმაზე ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ზუსტად ერთი წლის წინ, სტრასბურგში შეთანხმდნენ. სადაც საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. კომერციულ ტელეარხებზე რეზულტატის მქონე პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო დროის გამოყოფა გიგა ბოკერიას ეკუთვნოდა.

იგი "რეზონანსთან" საუბრისას დღესაც აცხადებს, რომ "ამ ნორმის შენარჩუნებას აპირებს." თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ დროის ლიმიტის გადახედვა მართლაც მოხდეს: "მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ შეიძლება გადავხედოთ ამ პრინციპს ისე, რომ ერთის მხრივ არ დაზარალდნენ კერძო ტელეკომპანიები კომერციული შემოსავლის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ დაცული იყოს წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სპექტრი."

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციის არგუმენტები, თითქოს ეს ხელისუფლების ინიციატივა იყოს, უსაფუძვლოა.

"რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების მხრიდან ტრადიციულ და გაბერილ ბრალდებებს, ეს სერიოზულად არ მეჩვენება. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, სურულიად უსაფუძვლოდ საუბრობდნენ, რომ არ მიეცათ კამპანიის ჩატარების საშუალება და, როგორც ჩანს, ასევე აპირებენ გაგრძელებას. ასეთი კანონმდებლობა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენია. ცხადია, ეს არ არის უნიკალური, მაგრამ ეს არის ძალიან დემოკრატიული ნორმა. მეორეს მხრივ არის ტელეკომპანიების ინტერესები და ჩვენ შევეცდებით, დავიცვათ ბალანსი ამ ორ ინტერესს შორის," - აცხადებს გიგა ბოკერია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com