|
|
"რეზონანსი "
ლეიბორისტები: ზოგი წამალი 305-ით, ზოგი 505-ით, რამდენიმე კი 1005-ით გაძვირდა : შატბერაშვილი აცხადებს, რომ "ავერსსა" და "პსპ"-ს შს მინისტრი ლობირებს ელზა წიკლაური
ლეიბორისტული პარტია ფარმაცევტული კომპანიების "ავერსისა" და "პსპ"-ს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოდის და ხელისუფლებას ამ მათი მონოპოლური საქმიანობის აღკვეთისკენ მოუწოდებს. აქვე პარტიის წევრი სოსო შატბერაშვილი სახელისუფლებო ლობიზე საუბრობს და აცხადებს, რომ ორივე კომპანიას ძალოვანი სტრუქტურები, კერძოდ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მფარველობს. სოსო შატბერაშვილი: ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ "ავერსსა" და "პსპ"-ს მონოპოლიური საქმიანობაში ხელი შეუშალოს. ამ ორ კომპანიას მონოპოლიზებული აქვთ არა მარტო ფარმაცევტული ბაზარი, არამედ არიან მედიკამენტების ექსკლუზიური შემომტანები, საბითუმო და საცალო გამავრცელებლები. მედიკამენტების საცალოდ და საბითუმოდ ერთობლივად გასაღება კი კანონით აკრძალულია. ამავე დროს, თითქმის ყველა პოლიკლინიკაში ექიმები რეცეპტს "ავერსისა" და "პსპ"-ს ემბლემიან ფურცელზე წერენ და პაციენტებს ეუბნებიან, რომ მათ მედიკამენტები სწორედ ამ აფთიაქებში უნდა შეიძინონ. არგუმენტად კი ხარისხს ასახელებენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ექიმებს არ აქვთ უფლება, რომ რეცეპტი სხვა ფურცელზე დაწერონ. ასე რომ, ქართული ფარმაცევტული წარმოება მთლიანად ამ ორმა კომპანიამ ჩაიდგო ხელში, მათ შემოაქვთ ნედლეული და დაკაფსულება-დატაბლეტების შემდეგ 300-400%-ით ძვირად ყიდიან. ამასთან, ორივე კომპანიაში ხელისუფლება 50%-ზე მეტ წილში ზის. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ მათ 5 მილიონად ღირებულ შენობებს 3-4 ათასად არავინ მიჰყიდიდა. ვიცით, რომ მალე ეს კომპანიები საკუთარი კლინიკების გახსნასაც აპირებენ და შენობები სწორედ ამ მიზნით დასჭირდათ. როგორც ჩანს, წამლის შემოტანიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული ყველაფერი ამ ორი კომპანიის ხელში გადადის, ეს კი ისე არ მოხდებოდა, მათ რომ ხელისუფლებაში ძლიერი ლობი არ ჰყავდეთ. "რეზონანსი": კოონკრეტულად ვინ ლობირებს, თქვენი აზრით, ამ კომპანიებს ხელისუფლებაში. ს.შ: ძალოვანი სტრუქტურები, კერძოდ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ლობირებს. თავიდან კი, როგორც ვიცით, ეს კომპანიები ავთანდილ ჯორბენაძის პროტექრორატით შეიქმნა. ანუ, გასული საუკუნის 90-იანი წლებში ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო 5-მილიონიანი გრანტი. ეს თანხა კი ჯორბენაძემ საკუთარი კეთილდღეობის მიზნით გამოიყენა და დაარსა ფირმა "ავერსი", სადაც კომპანიის დამფუძნებლებად სხვა პირები დაასახელა. ეს ძალიან კარგად იციან "ავერსშიც" და "პსპ"-შიც, მაგრამ ხმამაღლა ხომ არ იტყვიან. ისიც კარგად იციან, რომ დღეს მათ მერაბიშვილი ლობირებს, თორემ კონკურენციას ვერ გაუძლებდნენ. "რ": "ავერსში" ჯორბენაძესთან მათ კავშირს კატეგორიულად უარყოფენ... ს.შ: რა თქმა უნდა, ჯორბენაძის გვარი არსად არ ფიგურეირებდა არც მაშინ და განსაკუთრებით ახლა. მაგრამ ყველამ, ვინც ფარმაცევტულ ბიზნესშია ჩართული, კარგად იცის, რომ "ავერსი" და "პსპ"-ც ავთო ჯორბენაძის იყო. როდესაც რევოლუცია მოხდა, ამ ხელისუფლებამ ორივე კომპანიის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა, ამბობდნენ, რომ მონოპოლია მათ ხელშია და ეს უნდა მოისპოს. თუმცა, როდესაც "ავერსმა" და "პსპ"-მ საკუთარ წილში ჩასვა ეს ხელისუფლება, მთავრობაში მაშინვე გაჩუმდნენ. ამის შემდეგ კი ფრთები უფრო გაშალეს. "რ": თქვენ ამბობდით, რომ წამლები 30-50%-ით გაძვირდა, კომპანიებში კი ირწმუნებიან, რომ მედიკამენტებზე ფასმა მხოლოდ 3-4%-ით მოიმატა... ს.შ: სულ საპირისპიროს გეტყვით, მაქვს მედიკამენტების სია, სადაც ზოგიერთ წამალზე ფასმა 30%-ით, ზოგიერთზე 50%-ით, რამდენიმეზე კი საეთროდ 100%-ით მოიმატა. მაგალითად, "ბაიერის" ასპირინი ღირდა 3 ლარი, ახლა კი მისი ყიდვა 4,25 ლარადაა შესაძლებელი; ასევე, "ავერსის" მიერ წარმოებული ეფექტი ფლუ, რომელიც ღირდა 2,60 ლარი, ახლა კი ღირს - 3,05 ლარი. 37 სახეობის წამლის სია გვაქვს, სადაც 30-50%-იანი მატებაა. მედიკამენტებზე ფასი არ მოიმატებდა, რომ ყოფილიყო კონკურენცია, ჩვენთან კი ეს არ არსებოს. მე რომ ვიყო ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი და გადავწყივიტო წამლების შემოტანა, საბაჟოზე, ხელისუფლების უშუალო მითითებით, პრობლემები შემექმნებოდა. წამლებით დატვირთულ მანქანა-მაცივრებს, თუ ის არ არის "ავერსის" ან "პსპ"-ს კუთვნილი, აჩერებენ და რამდენიმე საათით ასე ჰყავთ. მითითება აქვთ, რომ ზაფხულში მზის გულზე გააჩერონ ეს მანქანები, რაც მედიკამენტის ვარგისიანობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომაც, მოვითხოვ, რომ ხელისუფლებამ მათ მონოპოლიაში ხელი შეუშალოს, კონკურენტუნარიანი გარემო კი წამლის ფასის ასე მატებას აღარ გამოიწვევს. თუმცა, წინ არის საპარლამენტო არჩევნები და გამორიცხული არ არის, რომ მედიკამენტები კიდევ გაძვირდეს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |