"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

"ქალბატონმა ბურჯანაძემ "თავისუფლების ინსტიტუტის" მიჯნა ვერ გადალახა"

ეკა ბასილაია

ერთიანი ეროვნული საბჭოს მიერ ხალისუფლებისთვის წარდგენილი სიიდან პატიმრების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია, დარჩენილია რამდენიმე ადამიანი, რომელთა გასათავისუფლებლად ტექნიკური პროცედურებია საჭირო; 21 თებერვალს თამარ კინწურაშვილი უკვე დაწერს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას; მიღწეულია საკონსტიტუციო ცვლილებაც, რომლითაც ახალ პარლამენტს შესაძლებლობა ეძლევა, მთავრობას ნდობა ხელახლა გამოუცხადოს. როგორც პარტმენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ეს ჩამონათვალი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებია. მისი თქმით, ხელისუფლება გადაწყვეტილების მისაღებად ადრეც მზად იყო და ეს ოპონენტებმაც კარგად იცოდნენ.

რა შესრულდა და როგორ. რომელი მხარეა დამაჯერებელი. ამ თემაზე საპირისპირო არგუმენტებს "ეროვნულ საბჭოს" წევრი თინა ხიდაშელი აფიქსირებს.

"რეზონანსი": პატიმრების გათავისუფლების საკითხი ბოლომდე მოგვარდა.

თინა ხიდაშელი: ჯერჯერობით ორი ადამიანია გათავისუფლებული: ერთი არის ლევან მინაშვილი, ცნობილი ახალგაზრდა, რომელიც პატარა ბავშვთან ერთად დადიოდა აქციებზე და მეორე - ქოიავა. დანარჩენზე მე ინფორმაცია არ მაქვს. ორი ადამიანის გათავისუფლება კარგია, მით უმეტეს, ტყუილად იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით შეთანხმება შედგა და შეთანხმების პროცესში რაიმე სერიოზული წინსვლა გვაქვს.

"რ": ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილების მისაღებად ადრეც მზად იყო და ეს ოპოზიციამაც კარგად იცის...

თ.ხ: ის დოკუმენტი, რომელიც საპასუხოდ გამოგვიგზავნეს, სრულიად სამარცხვინო და დამცინავია თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ქუჩაში იდგა და პროტესტს გამოთქვამდა. ბევრ რამეზე თითქოს შევთანხმდით, მაგრამ შემდეგ პასუხის სახით რაც მოგვაწოდეს, სრულიად არაადეკვატური იყო იმ ყველაფრისა, რაზეც გვეგონა, რომ უკვე შეთანხმებული ვიყავით.

"რ": პოლიტპატიმართა სიაში საუბარია ცნობილ ფიგურებზეც. მაგალითად ოქრუაშვილზე შეთანხმდით, რომ ბრალდება მოეხსნება.

თ.ხ: მსგავსი საუბარი არ ყოფილა.

"რ": ლევან ბერძენიშვილზე, გამსახურდიაზე, ხაინდრავაზე.

თ.ხ: ამბობენ, რომ მათზე საქმე აღძრული არ არის. ეს ძალიან კარგია და ჩვენც ერთადერთ რამეს ვითხოვთ: გამოვიდეს გენერალური პროკურორი და როგორ საჯაროდაც დადო ბრალი, ასევე საჯაროდ თქვას, რომ ამ პირების გარშემო არანარი ეჭვები არ არის. საჯაროდ არ აფიქსირებენ და ჩვენც ვერ გავიგეთ, რა ხდება.

იმედს ვიტოვებ, რომ პარასკევამდე მიხვდებიან და გადააბიჯებენ იმ "ეგოს", რომელიც ახლა ამოძრავებთ და ის საკითხები, რომელზეც ყველანი შეთანხმებულნი ვიყავით, რეალურად გადაწყდება და არ მიგვიყვანენ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე.

"ბ": საუბარი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული მემორანდუმის ერთი საკითხი, რის მიხედვითაც ახალ პარლამენტს შესაძლებლობა ეძლევა, მთავრობას ნდობა ხელახლა გამოუცხადოს, გადაწყვეტილია.

თ.ხ: ქალბატონი ბურჯანაძე ამ ბოლო დროს ხშირად ეწევა ტყუილის ტირაჟირებას. ჩვენი მოთხოვნა ნდობის გამოცხადება არ ყოფილა. ეს მათი სურვილია. ჩვენი მოთხოვნა იყო ახალი მთავრობის წარმოდგენა, რაც პრინციპულად განსხვავდება ნდობისგან. ნდობის არგამოცხადება ნიშნავს, რომ ახალ პარლამენტში შემოტანილი ვანო მერაბიშვილის ნდობა არ იქნება გამოცხადებული, მაგრამ ის დარჩება მინისტრად. ჩვენ ახალი მთავრობის შემოსვლას ვითხოვთ და თუ თავიდან შემოყვანილ ვანო მერაბიშვილს არ დაამტკიცებს პარლამენტი, ის მინისტრი ვეღარ იქნება.

"რ": საუბარია იმაზე, რომ კინწურაშვილი 21 თებერვალს გადადგება...

თ.ხ: ძალიან კარგი იქნება. ძალიან იშვიათად ვლაპარაკობ იმაზე, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, მაგრამ ყველა იმ აბსურდმა, რაც მთელი კვირის განმავლობაში მოვისმინეთ, მიგვანიშნა იმას, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდებოდა. მიხეილ მაჭავარიანმა ღიად გვითხრა, რომ კინწურაშვილს განცხადება უკვე დაწერილი აქვსო, ჩვენ განცხადების ჩვენება მოვთხოვეთ. კინწურაშვილი არ არის მთავარი საკითხი, მაგრამ მათ თქვეს და ჩვენც ვუთხარით, რომ ეს იქნებოდა კეთილი ნების ჟესტი. მეორე დღეს კი მოვისმინეთ ჩვენზე ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ. ალბათ, ქალბატონმა ბურჯანაძემ "თავისუფლების ინსტიტუტის" მიჯნა ვერ გადალახა.

"რ": ე.ი. აცხადებთ, რომ მაჭავარიანმა და ბურჯანაძემ მოიტყუეს.

თ.ხ: ეს არ არის პირველი შემთხვევა.

ბევრჯერ ვთქვი და გთხოვთ, დაბეჭდოთ. თუკი ბურჯანაძე თამამად თვლის, რომ ის მართალია, სიმართლის დამცკიცება საჯაროდ და ღიად მოახდინოს და არა მონოლოგის, არამედ ოპონენტთან ერთად საუბრის რეჟიმში. პირდაპირ ეთერში პუნქტობრივად გავიაროთ მემორანდუმი და ვნახოთ, მათი მხრიდან რეალურად იყო თუ არა რომელიმე საკითხზე კონსესუსი იმ პასუხში, რომელიც გამოგვიგზავნეს.

ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდნენ, რომ ჩვენი საპასუხო დოკუმენტით ყველა კითხვაზე გაიცემა პასუხიო, მერე კი გამოვიდა არაფრისმითქმელი და ცინიკური დოკუმენტი. ამის შემდეგ კი უნდა დავჯდეთ და ვიფიქროთ, ახლა ნეტავ რა სიურპრიზს გვიმზადებს ხელისუფლება.! ეს აბსოლუტურად არანორმალური სიტუაციაა.

"რ": ანუ, 22 თებერვალს უნდა ველოდოთ კარვების გაშლას და შიმშილობის დაწყებას.

თ.ხ: შიმშილობა იმ შემთხვევაში არ დაიწყება თუ ვნახავთ, რომ მემორანდუმში ჩამოყალიბებულმი დებულებების შესრულებისაკენ ნაბიჯი იდგმევა და შეთანხმების ის ნაწილი მაინც სრულდება, რომელსაც ვთვლიდით, რომ უკვე მიღწეული გვქონდა.

"რ": მარტო პატიმრების გათავისუფლება არ იქნება შიმშილობის არდაწყების მიზეზი.!

თ.ხ: ეს არ იქნება საკმარისი, რადგან თავიდანვე ვამბობდით, რომ პატიმრების გათავისუფლება ეს სრულიად უპირობო ნაბიჯია და ამომრჩეველთან კავშირში არ არის. როცა ადამიანი ტყუილად ზის ციხეში, არ შეიძლება მისი თავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი გახდეს. პატიმრების გათავისუფლება არ არის არაფრის პირობა, სხვა ყველა საკითხი კი ბუნებრივია არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი.

"რ": კარვების გაშლის სურვილს ხელისუფლება როგორ შეხვდება.

თ.ხ: იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ შეცდმებზე მაინც ისწავლა რაღაც. ამდენად, დარბევას გამოვრიცხავ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com