"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

"კაჟივით ჯანმრთელი ვარო": რა უთხრა გარდაცვალებამდე პატარკაციშვილმა გიორგი თარგამაძეს

თამთა ქარჩავა

"რამდენიმე დღის წინ გავიარე კომპლექსური სამედიცინო შემოწმება და კაჟივით ჯანმრთელი ვარო", - განუცხადა ბიზნესმენმა ლონდონში ყოფნისას გიორგი თარგამაძეს. როგორც თარგამაძე აცხადებს, პატარკაციშვილი როგორც ფაქტორი, თავიდანვე გახდა ძალიან გამაღიზიანებელი ხელისუფლებისათვის. რა უთხრა მას ბიზნესმენმა ლონდონში და რას ითხოვდა ხელისუფლება მისგან "ტელეიმედის" სანაცვლოდ. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, გიორგი თაგრამაძეს ესაუბრა.

გიორგი თარგამაძე: პირველ რიგში, ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა ოჯახის წევრებისა და მისი ყველა ახლობლის მიმართ. დღეს საზოგადოებისთვის უფრო რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ეს არ იყო მკვლელობა, ვიდრე დამტკიცება იმისა, რომ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მას ღირსებასთან, კაცობასთან, ადამიანურ ღირებულებებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულება ჰქონდა. მინდა შეგახსენოთ ჩემს "ღია ეთერში" მისი მიმართვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის: "რაც გინდა გააკეთეთ, რაც გინდა ის წამართვით, ერთადერთი, რასაც გთხოვთ, ჩემს ღირსებას ნუ შეეხებით." ამ სიტყვების ავტორს, ცხადია, ძალიან გაუჭირდებოდა შეურაცხყოფებისა და დაუმსახურებელი ბრალდებების იმ ნიაღვრის მოსმენა და ატანა, რომელიც მისი მისამართით გაისმოდა.

ნოემბრის ბოლოს ვნახე ლონდონში, თავად მომიყვა, რამდენიმე დღის წინ გავიარე კომპლექსური სამედიცინო შემოწმება და კაჟივით ჯანმრთელი ვარო. ეს სიტყვები კარგად მახსოვს. ალბათ, ამის გადამოწმება სულ არ იქნება რთული და ამას გააკეთებს კიდეც გამოძიება. როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით ვერსიების გამოთქმის საფუძველი არსებობს. ახლა მთავარია, გამოძიებამ იმუშაოს შედეგიანად. ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა, ცხადია, გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს ხელისუფლებას. ამავე დროს, თუ ეს იყო ორგანიზებული კრიმინალური დანაშაული, უკვე სხვა სიბრტყეზე გადავა ეს საქმე.

"რ": როდიდან დაიწყო ხელისუფლებასა და პატარკაციშვილს შორის დაპირისპირება.

გ.თ: ვფიქრობ, რომ ბადრი პატარკაციშვილი როგორც ფაქტორი, თავიდანვე გახდა ძალიან გამაღიზიანებელი ხელისუფლებისათვის. რადგან ხელისუფლებამ მოახერხა წლების განმავლობაში საკუთარი მონოპოლიის ქვეშ ყველა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სფეროს აღება. ორი მიმართულებით დარჩა მას პრობლემა, ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის გამგებლობაში მყოფი ფინანსები. სხვა მხრივ, ყველა სხვა ქართული ბიზნესი და საფინანსო აქტივი აბსოლუტურად კონტროლქვეშ იყო. ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, პოლიტიკისადმი მათი ნეიტრალიტეტი გარანტირებული ჰქონდათ. ასევე მედია-რესურსი, რომელიც ბატონი ბადრის სახელს უკავშირდებოდა. სიმართლის ოთხწელიწადნახევარი საქართველოს სწორედ "ტელეიმედმა" აჩუქა და ვისი იყო ეს დამსახურება, თუ არა არხის დამფუძნებლისა.

ამ ორი ძირითადი რესურსის მიმართ ხელისუფლების პანიკური დამოკიდებულება გახდა პატარკაციშვილის წინააღმდეგ ატეხილი ისტერიის და პროვოკაციული ნაბიჯების საბაბი. შედეგად მივიღეთ ეს სურათი. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა რაიმე ჩარევას ადგილი, რომელიც გახდა გულის შეტევის მიზეზი. სხვათა შორის, თავის დამოკიდებულება ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი სიკვდილის შემდეგაც ვერ დამალა.

"რ": კონკრეტულად ვის გულისხმობთ.

გ.თ: ქალბატონ ნაზი არონიას, რომლის მიმართ საერთო აღშფოთება არის ამ საზოგადოებაში. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს, ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, არის მოვლენები, რომელთა მიმართაც ხალხს აქვს საერთო აზრი. 52 წლის ასაკში გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის ბოლო წლების საქართველოს ცხოვრებაში. მისი ცხედარი არ გაცივებულა და ასეთი ტიპის კომენტარები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი ნაზი არონიას მხრიდან, არ ჯდება ეთიკისა და ადამიანობის ფარგლებში. ისე, დიდი წარმოდგენა ამ ქალბატონის ეთიკურ თუ პოლიტიკურ ღირებულებებზე არასოდეს მქონია, მაგრამ, გამოგიტყდებით, მეც კი გამოცა და გამაოგნა მისმა საქციელმა და განცხადებამ.

"რ": თქვენ ახლოს იცნობდით პატარკაციშვილს და თუ გრძნობდით მისგან იმას, რომ საფრთხეები რეალურად არსებობდა.

გ.თ: თბილისში ამ თვალსაზრისით ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ქმნიდა იმის გარანტიას, რომ ასეთი ტიპის საფრთხეები თავიდან აცილებულიყო. მაგრამ რაც ვნახე, როგორ გადაადგილდებოდა ლონდონში, აბსოლუტურად ჩვეულებრივად, ზედმეტი დაცვის გარეშე, გამიჩნდა კიდევაც კითხვები მის მიმართ. უბრალოდ, თავს დაცულად გრძნობდა იმ სახელმწიფოში, რომელსაც ბრიტანეთი ჰქვია. მისთვის სიფრთხილეც კი არ შემიმჩნევია რაც ალბათ შეცდომა იყო.

"რ": რა ბედი ელის "იმედს".

გ.თ: ყველაფერს გავაკეთებ, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მობილიზების კუთხითაც, რომ "იმედმა" იარსებოს. ზოგადი ინფორმაცია მაქვს მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ვიცი, რომ სიტყვიერად გარკვეული შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ იურიდიულად არ გაფორმებულა. ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ისე რჩება, როგორც იყო აქამდე.

ბატონი ბადრი თავისი ფინანსური რესურსებით, გავლენით და საერთაშორისო კონტაქტებით წარმოადგენდა ფაქტორს, რომელიც ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებობდა. ასეთი ერთი-ორი ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ხელისუფლებას ისინი ან განეიტრალებული ჰყავს ან აქვს გარკვეული აპრობირებული მეთოდები მათ გასანეიტრალებად. ბადრი პატარკაციშვილი ამ ჭრილში ხელისუფლების მხრიდან ვერ განიხილებოდა თავად მისივე პოზიციების გამო. ეს იყო მთავარი ფაქტორი და ამის შემადგენელი ნაწილი იყო მისი მედია- რესურსი ტელე და რადიო "იმედის" სახით.

"რ": ხელისუფლებასა და პატარკაციშვილს შორის დაპირისპირება მართლა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან უარი თქვა რკინიგზის სანაცვლოდ "იმედი" დაეთმო.

თ.გ: ეს იყო ზაფხულის ბოლოს. განსაკუთრებით აგვისტოში გააქტიურად ეს თემა, ჯერ რაღაცა ჭორების დონეზე მესმოდა. შემდეგ ვეცადე გადამემოწმებინა და აღმოჩნდა, რომ მართლაც არსებობდა ასეთი შეთავაზება. თუმცა არ შედგა. ამის თაობაზე თავად ბადრიმ გააკეთა განცხადება. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახდა საბოლოო ზღვარი, რის შემდეგაც ყველა სხვა მეთოდი დაპირისპირებისა ამოიწურა და ხელისუფლება გადავიდა უფრო აქტიურ ნაბჯებზე. ეს პროცესი დააჩქარა ოქრუაშვილის განცხადებებმა, რომელიც აღმოჩნდა კატალიზატორი ქვეყანაში დაგროვილი პოლიტიკური პროცესების გასააქტიურებლად. ამ ფონმა შექმნა ის ვითარება, როდესაც ხელისუფლებამაც უამრავი შეცდომა დაუშვა, ხშირ შემთხვევაში - დანაშაულიც.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com