"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

ოპოზიცია მოშიმშილეთა შესაძლო დარბევას არ გამორიცხავს: ეროვნულ საბჭოს უკვე 50-მდე მოხალისემ მიმართა

სოფო ქვლივიძე

ოპოზიცია მასობრივი შიმშილობისათვის ემზადება. ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიების ოფისებში მხარდამჭერთა რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. "ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის თქმით, საბჭოს უკვე 50-მდე მოხალისემ მიმართა.

ოპოზიცია რეგისტრაციაგავლილ მხარდამჭერთა ზუსტ რაოდენობას დღეს გამოაცხადებს. მათი ნაწილი შიმშილობის აქციაში მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი მათ დაცვას უზრუნველყოფს. სიების დაზუსტების შემდეგ გამოცხადდება ის ქალაქებიც, სადაც შიმშილობა დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ მემორანდუმში არსებული პუნქტები დაკმაყოფილდება, შიმშილობა შეწყდება და ოპოზიცია მოლაპარაკებების ფორმატს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ ხელისუფლებას სამპუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა. საბჭოს წევრები ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ცესკოს თავმჯდომარისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის გადაყენებას მოითხოვენ. 22 თებერვლამდე ამ 3 მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევში ოპოზიცია შიმშილობის მასშტაბურ აქციას იწყებს.

ამ აქციის შეწყვეტის კონკრეტული თარიღი არ არსებობს. როგორც საბჭოში აცხადებენ, ის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, უვადოც აღმოჩნდეს. შესაბამისად, აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, ყველა მოხალისეს ისიც უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ აქცია, შესაძლოა, ფატალური შედეგებით დასრულდეს და არავითარ შემთხვევაში არ იქნება მხოლოდ შიმშილობა შიმშილობისათვის. საბჭო აცხადებს, რომ რისკზე მიდის.

"შიმშილობის აქციის სპეციფიკის მიხედვით, ის უვადოა, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ყველაზე ცნობილი უკიდურესი ვადა 69-ე დღეა, რომელიც ირლანდიელების შიმშილობის დროს დაფიქსირდა. მაშინ სწორედ 69-ე დღეს დაიღუპა უკანასკნელი მოშიმშილე," - განუცხადა "რეზონანსს" დავითაშვილმა.

მოხალისეთა რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მოშიმშილეების და მათი დამცველების რეგისტრაცია თბილისში - პარტია "თავისუფლების" (რუსთაველის #37), "კონსერვატიული პარტიის" (დ. აღმაშენებლის #41), პარტია "საქართველოს გზის" (ჭოველიძის #14), პარტია "ქართული დასის" (რ. ლაღიძის #6) და "ხალხის პარტიის" (კანდელაკის #47) ოფისებში მიმდინარეობს.

"მოხალისეებს ვთხოვთ, როდესაც რეგისტრაციის გასავლელედ მოგვმართავენ, პირადობის მოწმობა თან იქონიონ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, ვინ იღებს შიმშილობის აქციაში მონაწილეობას," - აღნიშნა დავითაშვილმა.

22 თებერვალს შიმშილობას თავად კობა დავითაშვილიც დაიწყებს. მისი თქმით, ამ აქციაში ოპოზიციის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მათი გვარები აქციის დაწყების დღეს გახდება ცნობილი.

ოპოზიცია ითვალისწინებს რა 7 ნოემბერს, გამთენიისას პოლიციის მიერ მოშიმშილეთა დარბევას, კარვების დამცველთა მობილიზებასაც გეგმავს. დამცველთა რეგისტრაცია პარტიების ოფისებში უკვე დაიწყო. ამასთან, კარვების გაშლისათვის ეროვნული საბჭო დამატებითი ნებართვისათვის მერიისადმი მიმართვას არ აპირებს. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოშიმშილეთა დარბევა მოხდეს.

დავითაშვილის განცხადებით, უნდა გაშალონ კარვები, რათა მოხდეს მოშიმშილეების გარემო პირობებისაგან დაცვა, ამისთვის კი ოპოზიცია დამატებითი ნებართვის აღებას არ აპირებს.

"მერიისაგან აქციების ჩატარების ნებართვა 22 თებერვლამდე გვაქვს აღებული, ხოლო შემდეგ შევიტანთ განაცხადს ამ ვადის გაგრძელების შესახებ. ის, რომ ხელისუფლებას არ სურს თბილისში კარვები იხილოს, არგუმენტი არ არის. მათ არ აქვთ უფლება, რომ კარვების გაშლას ხელი შეუშალონ," - განუცხადა "რეზონანსს" დავითაშვილმა.

დავითაშვილი საზოგადოებას შემოწირულობების გაღებისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, "თი-ბი-სი ბანკში" "კონსერვატიული პარტიის" ანგარიშია გახსნილი, რომლის ნომერია 700804. შემოწირულობების გადარიცხვა მოქალაქეებს სწორედ ამ ანგარიშზე შეეძლებათ.

"ეს თანხები გვჭირდება იმისათვის, რომ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება," - აღნიშნავს "ხალხის პარტიის" ლიდერი.

შემოწირულობებში არა მარტო თანხები, არამედ თბილი ტანსაცმელი და კარვებიც იგულისხმება. დავითაშვილის პარტიაში კარვები მოხალისეებმა გუშინ უკვე მიიტანეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com