"რეზონანსი "
# 47
ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2008 წელი

რას უნდა ველოდოთ სააკაშვილი-პუტინის შეხვედრიდან: თბილისი ემბარგოს გაუქმებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას რეალურად მიიჩნევს

სოფო ქვლივიძე

თბილისში იმედოვნებენ, რომ სააკაშვილი-პუტინის შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. მით უმეტეს, რომ წინასწარი მოლაპარაკებებიდან გამომდინარე არსებობს იმის წინაპირობა, რომ სავაჭრო ემბარგოს გაუქმების, საჰაერო მიმოსვლისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებისათვის შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს პუტინი სააკაშვილთან პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრას მართავს. თბილისში ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე გავლენას ეს ფაქტორიც მოახდენს. მოსკოვში უკვე იმყოფება ქართული სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ეკონომიკური მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლეჟავა ხელმძღვანელობს. დღეს რუსეთის დედაქალაქში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე გაემგზავრა. სააკაშვილი-პუტინის შეხვედრა დსთ-ს არაფორმარული სამიტის ფარგლებში შედგება.

ვარაუდობენ, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრას გარკვეული დაძაბული ფონი შეიძლება შესძინოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხმა. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თბილისი დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ სპეკულაციას კოსოვოს თემით. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები მხოლოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე.

ეკონომიკის მინისტრის - ეკა შარაშიძის განცხადებით კი, საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით "პოზიტიური სიგნალები" არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრის დროს იქნება მიღებული. რაც შეეხება რუსული მხარის განცხადებებს ქართული კომპანიების დავალიანების შესახებ, მინისტრის თქმით, ესეც მოლაპარაკებების საგანი იქნება.

რას უნდა ველოდეთ სააკაშვილი-პუტინის შეხვედრისაგან, ამ საკითხზე "რეზონანსი" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილს ესაუბრა.

კოტე გაბაშვილი: მოლოდინი ბუნებრივია თეორიულია. რაც შეეხება პოზიტიურ თვალსაზრისს, უნდა ველოდოთ ურთიერთობის შესაძლო გაუმჯობესებას. მოგეხსენებათ, პუტინი ამთავრებს თავისი პრეზიდენტობის ვადას. ამასთან, ბოლო პერიოდში წარმოებულმა ანტიქართულმა პოლიტიკამ ვერავითარი წარმატება ვერ მოუტანა რუსეთს. პირიქით, დაუზიანა კიდეც პოლიტიკური იმიჯი. შესაძლოა, ამ ვითარებაში, ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ გამოთქმული სურვილები რეალობად იქცეს. მაგალითად, ეკონომიკური და სატრანსპორტო ემბარგოს მოხსნის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის ნორმალიზაციის თვალსაზრისით.

"რ": რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის თემას.

კ.გ: რასაკვირველია, შეხვედრის დროს მთავარი საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა იქნება. კარგი იქნება, თუ ეს პროცესი პოზიტიურად წარიმართება. რუსეთი წინასწარი მოლაპარაკებებით თანხმდება იმაზე, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტები გაიხსნას რუსეთ-საქართველოს საზღვრის ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მონაკვეთზე. თუ ეს მოხდა, ბუნებრივია, ეს გააჩენს შესაძლებლობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად.

მაგრამ, ბუნებრივია, არსებობს უარყოფითი თემები. თუ რუსეთი მოინდომებს, რომ კვლავ გააგრძელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გამოყენება საქართველოს საწინააღმდეგოდ, მაშინ, ურთიერთობების გაუარესება გამორიცხული არ არის.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვმა კოკოითთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის დუმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელოსუფლების მიერ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიმართვის საკითხის განხილვას აპირებს. ეს უკიდურესად გაამწვავებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის. შესაძლოა, ეს უშუალოდ კოსაჩოვისა და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მცდელობაა, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობის ნორმალიზებას. თუ ეს საერთო აზრია და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ამ მხრივ განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები, ეს ამ ურთიერთობებს, ბუნებრივია, გაამწვავებს.

მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი წავა ურთიერთობების გამოსწორებისაკენ. საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში მიდის უკვე გაცხადებული 3 პრინციპით. ესაა, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი არჩევანის თავისუფლების გარანტიები. ეს უკანასკნელი გულისხმობს საქართველოს ორიენტაციას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

"რ": უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ კოსოვოს პრეცედენტი იქნება გამოყენებული და რუსეთი ეცდება ამით მანიპულირებას.

კ.გ: თუ არ იქნება გამოყენებული, ეს კარგი იქნება, მაგრამ უნდა ველოდოთ იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან კოსოვოს პრეცედენტი იქნება გამოყენებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტად და არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აღიარებას გაუტოლდება.

"რ": რაც შეეხება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას და საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რეალურია, რომ ახლო მომავალში გადაწყდეს ეს საკითხები.

კ.გ: ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ ეს იქნება ძირითადი ხაზი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, ძალიან კარგი იქნება. თუმცა, ერთ-ერთი ხაზი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რომლის სანაცვლოდ, ბუნებრივია, რაიმეს დათმობას არავინ აპირებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com