|
|
"რეზონანსი "
მერია ბაღს ანგრევს და ავტოსადგომს აშენებს: "ამ ტერიტორიაზე ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება" ელზა წიკლაური
მაშინ, როდესაც დედაქალაქის მთავრობა ახალი სკვერების გაშენებითა და ძველის რეაბილიტაციით იწონებს თავს, გასული საუკუნის 80-იან წლებში გაშენებულ ბაღს განადგურების საშიშროება ემუქრება. საქმე ეხება ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს, რომელსაც "ახალდაქორწინებულთა" ბაღი ჰქვია და რომელსაც, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მალე მთლიანად გაანადგურებენ. ამ ფაქტით შეშფოთებული მოსახლეობა დახმარებას დიდუბე-ჩუღურთის რაიონის გამგებელს სთხოვს. რაიონის გამგებელი რამაზ სულამანიძე კი აცხადებს, რომ საკითხი და საერთოდ სკვერის თემა მხოლოდ ბაზრობის ადმინისტრაციასა და მოსახლეობას შორის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება.
"არ დავნებდებით" გასული საუკუნის 80-იან წლებში, დიდუბეში, ახლანდელი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობას საკუთარი ნებითა და ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი შემოღობა, სკვერი გააშენა და მას "ახალდაქორწინებულთა ბაღი" უწოდა. მაშინ თბილისში, განსაკუთრებით ამ რაიონში წესად იყო, რომ ახალდაქორწინებულები ამ სკვერში ერთ ნერგს რგავდნენ. მოგვიანებით, ეს წესი რატომღაც მიივიწყეს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ბაღში მაინც ჩადიოდა და ნარგავებს უვლიდა. მას შემდეგ, რაც ელიავას ბაზრობა გაშენდა, ხალხმა ბაღზე ზრუნვა გააათმაგა. დღეს ამბობენ, რომ "ახლადდაქორწინებულების" ბაღი ბაზრობის აშენების შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთათვის, რამდენადაც ის ამ უბნის "ერთადერთი სავენტილაციო" სისტემად იქცა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის მობინადრეები ამბობენ, ამ სკვერში რამდენიმე ბულდოზერი და სატვირთო ავტომობილი გამოჩნდა. მათივე თქმით, ტექნიკამ სკვერში არსებული რამდენიმეწლიანი ხეების მოჭრა დაიწყო. "როდესაც ადგილზე ჩავედით და ვიკითხეთ, რა ხდებოდა, ჯგუფის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ისინი დაიქირავეს და აკეთებენ იმას, რაც უბრძანეს. ვერ გავიგე, რატომ უნდა მოჭრან ხეები ამ ადგილას, სადაც სულ მოძრაობაა, ეს ბაღი ხომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. ბავშვები ჩაგვყავდა, ვასეირნებდით და იქ ჰაერს ვსუნთქავდით. დღეს რატომღაც სურთ, რომ ესეც აღარ გვქონდეს", - უთხრეს "რეზონანსს" ბაღის მოპირდაპირე კორპუსის მობინადრეებმა. მათივე თქმით, პროტესტი ამ სკვერის ახლოს ახალი სავაჭრო ცენტრის, ლურჯ-ყვითელ ფერებში აგებულმა შენობამაც გამოიწვია: "თუმცა, მაშინ არავინ მოგვისმინა და შენობა მაინც აშენდა. დღეს კი ვითხოვთ, რომ ეს ბაღი არ დაგვინგრიონ და დაგვიტოვონ ისეთი, როგორიც არის". რის აშენებას აპირებენ ამ სკვერის ტერიტორიაზე, ამაზე კონკრეტული პასუხი მოსახლეობას არ აქვს. ნაწილი ამბობს, რომ ამ ადგილას ავტოსადგომის აშენება სურთ, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ახალი გზის გაყვანას აპირებენო. მოკლედ, ბაღის მომავალი დანიშნულება დღემდე კონკრეტულად არავისთვის ცნობილი არ არის, ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივებისთვის მაინც: "გასული წლის შემოდგომაზე ამ ბაღში ავტომანქანების გაჩერება აქტიურად დაიწყო, აჩერებდნენ მანქანებს და თელავდნენ ნარგავებს. ჩვენი თხოვნის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მერიამ ეს ბაღი რკინის გისოსებით შემოღობა. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე დღის წინ არათუ გისოსების, არამედ ნარგავების მოძირკვაც კი დაიწყეს. ვკითხეთ, რა უნდა გააკეთეთო და გვთიხრეს, რომ ახალი გზა გაგვყავსო. ჩვენ კი ვიცით, რომ ბაღის ადგილას ავტოსადგომის აშენება სურთ. მოკლედ, არ ვიცით, რას უპირებენ და უნდათ ამ ბაღისგან", - აღნიშნეს ჩვენთან საუბარში ადგილობრივებმა. ბაღის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენ, მწვანეების" ეკოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე ლია სომონიშვილი, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი თქმით, მოსახლეობა ამ ბაღს არავის არ დაუთმობს. "ამ ბაღს უკვე წლებია, ვუვლით, რათა ვისუნთქოთ და დასასვენებელი ადგილი გვქონდეს. დღეს კი, ვიღაც მოდის და ტერიტორიას გვინგრევს. ამას არავინ შეეგუება, რადგან ამ ტერიტორიაზე ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და ამით ვითარების უფრო დამძიმებას ხელს არ შევუწყობთ. ერთადერთი სავენტილაციო ზონა, ეს არის "ახალდაქორწინებულთა ბაღი" და ჩვენ ამის დათმობას არ ვაპირებთ. ამ ბაღის გარშემო დავა უკვე რამდენიმე წელია მიდის. უფრო ზუსტად, პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც მის ქვედა მხარეზე კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი აშენდა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიას, საკრებულოს და მივიღეთ 2007 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება, სადაც წერია, რომ ამ სკვერის ტერიტორიაზე არც გზის გაყვანა უნდა მოხდეს და არც ავტოსადგომი უნდა აშენდეს. დადგენილების არსებობის მიუხედავად, დღეს ვიღაც მოდის და ბაღს ანგრევს, არადა, სარეკრიაციო ზონების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაშიც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ბაღებში ყველა სახის მშენებლობა აკრძალულია", - გვითხრა ლია სიმონიშვილმა.
"ყველაფერი მოსახლეობასთან თანხმობით გადაწყდება" მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ვითარების გაცნობა დიდუბე-ჩუღურეთის გამგებელმა რამაზ სულამანიძემ გადაწყვიტა. მეტიც, როგორც მოსახლეობა აცხადებს, მან ბაზრის ერთი ნაწილის მეპატრონესა და მათ შორის შუამავლის როლის შესრულებაც კი გადაწყვიტა. "ჩვენ მოსახლეობა ამ ბაზრის ადმინისტრაციას შევახვედრეთ და მათ საკუთარი მოთხოვნები ერთმანეთში გაცვალეს. ისინი, საერთო ჯამში, შეთანხმდებიან, რომ მოქმედებებს შეთანხმების საფუძველზე დაიწყებენ. თვითონ მოსახლეობაც დაინტერესებული, რომ იქ გზა გავიდეს და განიტვირთოს მოძრაობა. რაც შეეხება იმას, თითქოს მთლიანი სკვერი უნდა განადგურდეს, ეს ასე არ არის. აქ საუბარია მხოლოდ ძველ სკვერზე, რომელსაც საკუთარი ფუნქცია უკვე დიდი ხანია, დაკარგული აქვს. ასე რომ, ყველაფერი გადაწყდება იმის შემდეგ, როდესაც ადმინისტრაცია და მოსახლეობა შეთანხმდება", - დასძინა "რეზონანსთან" საუბარში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა რამაზ სულამაინემ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |