|
|
"რეზონანსი "
კერძო ქონების ექსპროპრიაცია - მერიის სტილი : ქალაქის მერი არა საქართველოს კანონმდებლობას, არამედ პრეზიდენტთან არსებულ პირად ურთიერთობებს ეყრდნობა ნინო ალექსიძე
მერია ტერიტორიებისა თუ შენობა-ნაგებობების ძალადობრივ მიტაცებაში დაადანაშაულეს. ამჯერად, ქალაქის მთავრობას უკანონო პრივატიზებაში ბრალი სახალხო დამცველმა დასდო. მერიის მტაცებლურ მისწრაფებებს ყველაზე ნათლად შარშანდელი გახმაურებული მოვლენები ადასტურებს, როდესაც ძალისმიერი მეთოდებით ქალაქის მთავრობამ მოქალაქეები საცხოვრებელი სახლებიდან გაყარა. მერია კი ირწმუნება, რომ ყველა პრივატიზება კანონიერი გზით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს.
მერია და "ცენტრ პოინტი" სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის მერიამ 2007 წლის ზაფხულში საპრივატიზებოდ გამოიტანა თბილისში, კონსტიტუციის #6-ში მდებარე მიწა და შენობა-ნაგებობები, რომელთა ნაწილს ჯერ კიდევ 1994 წლიდან სხვა მეპატრონე ჰყავდა და იგი ამხანაგობის მიერ იყო პრივატიზებული. "2007 წლის 11 ივლისს, ამ ობიექტის პრივატიზებამდე, სასამართლომ დაავალა თბილისის მერიას, გაეცა ამ ობიექტზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თბილისის მერიამ სადავო ობიექტი სრულიად უკანონოდ გამოიტანა გასაყიდად, ხოლო გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში, ჯერ მთავრობის დადგენილებით, შემდეგ კი პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს ობიექტი პირდაპირი მიყიდვის ფორმით "ცენტრპოინტ ჯგუფს" გადაეცა", - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ მერიის წარმომადგენელს, რომელმაც ვერ წარმოადგინა ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, ხოლო სიტყვიერ საუბარში სრულიად არასამართლებრივი არგუმენტი მოიყვანა - თითქოს მერია მოქმედებდა საჯარო ინტერესის შესაბამისად, რადგან ეს ობიექტი 14 წლის წინ, სულ რაღაც 20 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. 2007 წელს კი გაცილებით ძვირად გასხვისდა. "ამ ლოგიკით, ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ჩატარებული ყველა პრივატიზება გავაუქმოთ. მოვახდინოთ ყველაფრის ნაციონალიზება და შემდეგ თავიდან გავყიდოთ ყველა ობიექტი. ამჟამად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტი ხელმეორედ გაიყიდა, იგი როგორც საკუთრება ჯერ კიდევ არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი რეგისტრირება დაუშვებელია მანამ, სანამ ეს დავა საბოლოოდ არ გადაწყდება", - განაცხადა სუბარმა და თბილისის მერიის იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, ვინც ეს ობიექტი საპრივატიზებოდ მოამზადა. როგორც "რეზონანსს" "ცენტრ პოინტში" განუმარტეს, აღნიშნული ობიექტები კომპანიას არა პირდაპირი მიყიდვის წესით, არამედ ღია ტენდერის საფუძველზე გადაეცა. "ცენტრ პოინტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თიკა რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციის ქუჩა #6-ში მდებარე ობიექტები მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იყო გამოტანილი, სადაც მითითებული იყო შესაბამისი საკონკურსო პირობები. შესაბამისად, ობიექტების შესყიდვა ტენდერში გამარჯვების საფუძველზე მოხდა. "კომპანია კეთილსინდისიერი მყიდველია და თუ პრეტენზიები აქვთ, ისინი მერიასთან უნდა ჰქონდეთ და არა "ცენტრ პოინტთან", - განაცხადა რუხაძემ. თუმცა, როგორც კეთილსინდისიერ მყიდველს, კარგი იქნებოდა კომპანიას გაეთვალისწინებინა, რომ კონსტიტუციის #6-ში მდებარე მიწასა და შენობა-ნაგებობების მფლობელებს უგულავას უწყება უკანონოდ გაუსწორდა და მატერიალურთან ერთად, მორალური ზიანიც მიაყენა. ბიზნესში იურიდიული ფაქტორების გარდა, სხვა ნიუანსებიც მნიშვნელოვანია.
ხალხით მიყიდული ტერიტორია მერიის მიერ "ძალადობრივი გასხვისების" ნათელი მაგალითებია თაბუკაშვილის ქუჩის 50-52-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და რუსთაველის #30-ის შენობის ხელმეორედ გასხვისება. თაბუკაშვილის საცხოვრებელი სახლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათი გამოსახლება პირადად გიგი უგულავას ინტერესებში შედიოდა. ზედამხედველობის სამსახური კი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა კორპუსის დემონტაჟს, ამას სამართლებრივ ქმედებას უწოდებდა. "იმელის" შენობის გვერდით მდებარე კორპუსის კანონიერება-უკანონობაზე დავა, ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მაშინ კორპუსის მეპატრონეებმა სასამართლოს მიმართეს. მათ სასამართლოში დავა მოიგეს, რომლის საფუძველზეც ზედამხედველობის სამსახურს სპეციალური აქტის გარეშე, შენობის დემონტაჟი აეკრძალა. მესაკუთრეების ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ ქალაქის მთავრობამ საქმის მოსაგებად კანონებიც კი შეცვალა და ისე მოაწყო, როგორც სურდა. შეტანილი ცვლილებების თანახმად, ზედამხედველობის სამსახურს მესაკუთრის მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკუთრების დემონტაჟის მოხდენის უფლება მაინც ეძლევა. მობინადრეთა დიდი ბრძოლის მიუხედავად, თაბუკაშვილის #50-ის მცხოვრებლები ძალისმიერი მეთოდებით კორპუსიდან მაინც გამოაძევეს. 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობა 1998 წელს დაეწყო და 2000 წელს დასრულდა. მესაკუთრეების თქმით, 2002 წლიდან კორპუსში 24 ოჯახი ცხოვრობდა. საჯარო რეესტრიდან მიღებული ამონაწერის მიხედვით, მათ ბინები კანონის დაცვით ჰქონდათ შეძენილი და გამოსახლების ძირითადი მიზეზი თბილისის მერის, გიგი უგულავას პირად ინტერესები იყო. როგორც თაბუკაშვილის მაცხოვრებლები და იურისტები აცხადებდნენ, კომპანია "ევორდს" ე.წ. იმელის შენობა მის გვერდით არსებული თაბუკაშვილის #50-ში მდებარე კორპუსით მიეყიდა. "ევორდის" წარმომადგენელმა თქვა, რომ უგულავამ შესთავაზა - კორპუსს დავანგრევთ და ტერიტორია იყიდეთო", - აცხადებდნენ კორპუსის მეპატრონეები. მერია კი ირწმუნებოდა და დღესაც ირწმუნება, რომ დემონტაჟი კანონის სრული დაცვით მოხდა და მისი ექსპლუატაციაში მიღება ამ კორპუსის უკანონობის გამო დაუშვებელი იყო. ამჟამად, თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე პასუხისმგებლობა, მთლიანად ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეკისრება. 2007 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღება, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის პრეროგატივა იყო. ამ სამსახურს შენობის ჩაბარება, მხოლოდ მას შემდეგ შეეძლო, რაც ზედამხედველობის სამსახურიდან შესაბამის ცნობას მიიღებდა. 2007 წლის 16 მაისის #102 დადგენილების მიხედვით, (2005 წლის 11 აგვისტოს #140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე), დედაქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მთლიანად, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გადაეცა. მთლიანი უფლებების მინიჭების შემდეგ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა "უკანონო" შენობა-ნაგებობების გამოსავლენად და მათი დემონტაჟის განსახორციელბლად ბრძოლა უფრო აქტიურად დაიწყო.
მერიის სხვა "საგმირო საქმეები" თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პრივატიზება, ძირითადად შემთხვევებში დიდი ბურუსითაა მოცული. მაგალითისათვის, თუნდაც კომპანია "თბილისის წყალთან" დაკავშირებით არსებული გაურკვევლობაც კი საკმარისია. ამ უმნიშვნელოვანესი ობიექტის გასხვისებიდან ორიოდ თვეში ირკვევა, რომ ტენდერი საერთაშორისო და ადგილობრივი ყველა წესის უხეში დარღვევით ჩატარდა. ამასთანავე, "მულტიპლექს სოლუშენს", იგი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნულზე განმარტების გაკეთება და ისიც არაფრისმთქმელის, მხოლოდ "რეზონანსში" დაბეჭდილი წერილის შემდეგ იკადრა. გარკვეულ ეჭვებს ბადებს "დიღმის ჭალების" სრულიად უცნობი კომპანიისათვის - "დიქსი დეველოფმენთ ჯორჯიასათვის" გადაცემაც. მერიასა და კომპანიას შორის გარიგება შარშან შედგა და ჰოლანდიურ კომპანიას "დიღმის ჭალები" 58 მილიონ დოლარად მიჰყიდა. დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის, ე.წ. დიღმის ჭალები 122,18 ჰექტარზეა გადაჭიმული. "დიქსი დეველოფმენთმა" ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 80 ლარად შეიძინა. გაურკვეველი წარმომავლობის "დიქსი-დეველოფმენტი" ლისის ტბისა და "შერატონ მეტეხი" პალასის აუქციონშიც იღებდა მონაწილეობას. მაშინ კომპანიას არ გაუმართლა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა უმეტესობა, იურისტები, ოპოზიცია და ბოლო პერიოდში სახალხო დამცველიც მერიას და პირადად მერს უკანონობაში ადანაშაულებს, ქვეყნის მთავრობა ამ საკითხით არ ინტერესდება. ეკონომიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს სრულიად ადვილი გასაგებია იმ ფონზე, როდესაც ქალაქის მერი არა საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ქვეყნის პრეზიდენტთან არსებულ პირად ურთიერთობებს ეყრდნობა. "დიდი ხანია გვმოძღვრავს ქვეყნის პრეზიდენტი, რომ თბილისელები ჯერ არ მოვმწიფებულვართ მერის არჩევისათვის. შესაბამისად, მის მიერ დანიშნული მერი ეყრდნობა არა საქართველოს კანონმდებლობას, არამედ პირად, კეთილ ურთიერთობას პრეზიდენტთან. აქედან გამომდინარე, მერიას არავინ სთხოვს იმოქმედოს კანონმდებლობის ჩარჩოში. რაც დღეს ხდება, სამწუხაროდ, სრულიად ლოგიკურია - ქვეყნის პრეზიდენტი დედაქალაქის მოსახლეობას უმწიფრებად გვთვლის", - აცხადებს ცისკარიშვილი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |