|
|
"რეზონანსი "
ნავთობმა 100 დოლარს მეორედ გადააბიჯა: შავი ოქროს გაძვირების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს მაკა ხარაზიშვილი
ნიუ იორკის სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასმა 100 დოლარს ისევ გადააჭარბა. სპეციალისტების განცხადებით, ნავთობის გაზრდის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს და პროცესი ოპეკის წევრ რამდენიმე ქვეყანასა და ამერიკას შორის დაძაბულმა ურთიერთობამ გამოიწვია. ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ფასები მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის. თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა ანაც ფასი 100 დოლარის ნიშნულზე შენარჩუნდა, საწვავი საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაძვირდება. 2008 წლის 20 თებერვალს საერთაშორისო ფასები ერთ ტონა ნავთობპროდუქტებზე, რომლითაც ხორციელდება საქართველოში იმპორტი, შეადგენს: ბენზინი - პრემიუმი 862.50 დოლარს, დიზელი - 895.75 დოლარს. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკაში დიზელის საწვავის საშუალო საცალო ფასმა, საშუალოდ, 1 გალონზე 3,396 დოლარი (1 ამერიკული გალონი - 3,785 ლიტრი) შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2007 წლის დეკემბრის შემდეგ. ერთი კვირის განმავლობაში დიზელის საწვავის საშუალო ფასი ქვეყანაში გაიზარდა 11,6 ცენტით, შესაბამისად, მისი საშუალო საცალო ფასი 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 90,5 ცენტით მაღალია. ასევე, საყურადღებოა, რომ აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო საცალო ფასი 10,7%-ით აღემატება ბენზინის საშუალო საცალო ფასს, რომელმაც 1 გალონზე 3,042 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკვე 29 კვირაა ზედიზედ აშშ-ში დიზელის საწვავის საცალო ფასი ბენზინის საცალო ფასზე მაღალია. ცნობისათვის, აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასის აბსოლუტურ რეკორდად ბარელზე 3,444 დოლარი ითვლება, რომელიც 2007 წლის 26 ნოემბერს დაფიქსირდა. რაც შეეხება ბენზინს, აშშ-ში ბენზინის საცალო ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშშ-ში ბენზინის საცალო საშუალო ფასმა 1 გალონზე 3,042 დოლარი (1 გალონი - 3,78 ლიტრი) შეადგინა. აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი გასული კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 8,2 ცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი ბენზინი ნიუ იორკშია, რომლის ფასი 1 გალონზე 3,215 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფი ტეხასის შტატში - 2,924 დოლარი გალონზე. ცნობისათვის, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასის აბსოლუტურ რეკორდად ბარელზე 3,218 დოლარი ითვლება, რომელიც 2007 წლის 21 მაისს დაფიქსირდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა კლოდ მანდილმა ოპეკს ნავთობის მიწოდების სასწრაფო გაზრდისკენ მოუწოდა. იგი მიიჩნევს, რომ ფასის გაზრდა ნავთობპროდუქტების არასაკმარის მარაგებს უკავშირდება. "ოპეკმა იცის სიტუაციის შესახებ. ბაზარი კარგად არაა მომარაგებული. ორგანიზაციამ მოკლე ხანში წარმოება უნდა გაზარდოს. ფასებთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა. თუმცა მიმაჩნია, რომ მისი შემცირების საუკეთესო საშუალება ენერგიის გამოყენების ეფეტურობის შემდგომი ზრდაა, განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროში", - აღნიშნა მანდილმა. ნავთობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ნავთობის გაზრდის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს და ეს პროცესი ძირითადად პოლიტიკურმა მანიპულაციებმა გამოიწვია "საერთაშორისო ფასები ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1 ტონა ნავთობპროდუქტები 100 დოლარით არის გაზრდილი. თუ ეს პროცესი გარძელდა, ბუნებრივია, საწვავი ადგილობრივ ბაზარზეც გაძვირდება. ნავთობის გაზრდის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობ, ეს პროცესი ხელოვნურად, სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულაციების გამო ვითარდება. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზარზე დოლარიც უფასურდება", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი. "რეზონანსი": 5 მარტს ოპეკის წევრი ქვეყნების შეხვედრა იგეგმება, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დოლარზე უარის თქმა და ნავთობის სხვა ვალუტებით ვაჭრობის საკითხის განხილვაა. თუ ოპეკის წევრი ქვეყნები დოლარზე უარს განაცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ნავთობის ფასზე გავლენას მოახდენს. ვანო მთვრალაშვილი: არა მგონია დოლარზე უარი განაცხადონ. უბრალოდ, ვაჭრობა, დოლარის გარდა, სხვა ვალუტაშიც განხორციელდება. არა მარტო სანავთობო ბირჟები, არამედ კონკრეტული კომპანიები გარიგებებს დოლარზე აწარმოებენ. ეს დამკვიდრებული ტრადიციაა. ბოლო პერიოდში დოლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ვენესუელა, ირანსა და ამერიკას შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობაა. ბოლო რამდენიმე წელია ეს სახელმწიფოები გამოდიან ინიციატივით, რომ სანავთობო ვაჭრობა დოლარის გარდა სხვა ვალუტაშიც განხორციელდეს. ირანმა შექმნა სანავთობო ბირჟა, სადაც ვაჭრობა დოლარისა და ევროს გარდა, რუსული რუბლითაც ხორციელდება. ოპეკის შეხვედრაზე ეს ორი ქვეყანა, მას სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, დააყენებენ საკითხს, რომ ვაჭრობა რამდენიმე ვალუტაში განხორციელდეს. ის, რომ ვაჭრობის სხვა ვალუტაზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს, მარტივად განსახილველი არ არის. ვფიქრობ, ნავთობი გაიყიდება სხვა ვალუტაშიც და დოლარშიც.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |