|
|
"რეზონანსი "
რუსული პერსპექტივა ქართული ღვინისათვის მარიამ ხიდაშელი
სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. რუსული გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ინფორმაციით, სპეციალურად მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისთვის რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა განცხადებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც, რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს დააბრუნოს ქართული ღვინის ნაწარმი რუსულ ბაზარზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ ღვინის ხარისხის კონტროლის შემთხვევაში, სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარება ქართულ მხარეს ღვინის ექსპორტის პრობლემის მოგვარებაში. ამ ინფორმაციამ მეღვინეები და მევენახეები ერთობ გაახარა. უკვე ორი წელია საქართველოში, განსაკუთრებით კი, კახეთში ყურძნის რეალიზაცია მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. რუსეთში შექმნილი კრიზისის გამო, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს დიდი რაოდენობით აუთვისებელი მარაგები დარჩათ. თანაც წლეულს ყურძნის არნახული მოსავალი მოვიდა. იმის გამო, რომ ყურძნის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, გლეხები იძულებულები გახდნენ ყურძენი ან მინიმალურ ფასში ჩაებარებინათ, ან თვითონ დაეწურათ. ბევრი ისეთი ფაქტიც მოხდა, როდესაც გაყიდვის მომლოდინე გლეხებს გაფუჭებული ყურძენი საერთოდ გადასაყრელი გაუხდათ. შარშანდელთან შედარებით, შარშან ყურძნის მოსავალი, დაახლოებით, 50-60%-ით მეტია, ანუ თუ შარშანწინ 110 ათასი ტონა ყურძენი მოვიდა, შარშან ამ მაჩვენებელმა 200 ათას ტონას გადააჭარბა. "წლეულს მდგომარეობა უფრო გართულდა, მოსავალი შარშანდელზე გაცილებით მეტია, თანაც მეღვინეებს ორი წლის ღვინო აქვთ გასაყიდი. თუ ემბარგო მოიხსნება, ალბათ, ჩვენც გვეშველება. რუსეთის ბაზარს ვერც ერთი ქვეყნის ბაზარი ვერ ჩაანაცვლებს. იმ ქვეყანაში ჩვენს პროდუქციას იცნობენ და პატივს სცემენ", - ამბობს ყვარლელი ვაჟა ვარადაშვილი. სხვათა შორის, რუსეთის სავაჭრო პალატამ ქართველ მეღვინეებს დახმარება შარშანაც აღუთქვა. საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა ქართველი მეღვინეები დააიმედეს, რომ ღვინის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებები მოკლე ხანში გაიმართებოდა. პალატის წარმომადგენლებმა ქართველების მცდელობა ფალსიფიკაციის აღმოსაფხვრელად დააფასეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართულ ღვინოს ფალსიფიკატორების სახით ყველაზე დიდი მტრები თვითონ რუსეთში ჰყავს. მაშინ, რუსეთის არაკომერციული ორგანიზაციის "ალკოჰოლური ბაზრის მონაწილეთა ეროვნული კავშირის" ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ დრობიზმა კი აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ქართული ღვინო რუსეთში არ შედიოდა, არ არსებობდა ოფიციალური ინფორმაცია ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამჯერად კი, თურმე პალატის წევრები ქართული მთავრობის მცდელობას ფალსიფიკაციის აღმოსაფხვრელად პრესიდან გებულობენ და აფასებენ. ექსპერტების განცხადებით, ემბარგოს საკითხის გადაჭრა მაინც იმაზეა დამოკიდებული დაუჭერს თუ არა საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთს მხარს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ქართული მხარე, რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას არ დაეთანხმება მანამ, ვიდრე რუსეთი საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზებას არ მოახდენს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აღიარებს საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებსა და ხელშეკრულებებს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან დადო, საქართველოს მის მსო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ექსპერტთა მტკიცებით, ორივე მხარე გარკვეულ დათმობებზე წასვლას აპირებს. მათი ვარაუდით, სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის ფინალი ასეთი იქნება - ქართული მხარე რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელს აღარ შეუშლის, ხოლო კრემლი ქართველებს საკუთარ ბაზარში პროდუქციის შეტანის ნებართვას დაყაბულდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |