|
|
"რეზონანსი "
ღმერთი გაწეულ გარჯას უყურადღებოდ არასოდეს ტოვებს: გიორგი ლობჟანიძე, ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით, პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ დააჯილდოვა ლელა ოჩიაური
ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია, "წლის წიგნი" ყურანის ქართული თარგმანის, კომენტარების და შენიშვნებისთვის, პრემიის არსებობის ისტორიაში პირველად, მიენიჭა ქართველ მკვლევარსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს. მას ჯილდო პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ გადასცა და უთხრა, რომ ეს ფაქტი ირანულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დაჯილდოების ცერემონიაზე, საერთოდ, ირანში ვიზიტის დროს და რა ახალი ხიდები გადო ორი ქვეყნის ურთიერთობების სფეროში, "რეზონანსს" თავად გიორგი ლობჟანიძე უამბობს. "რეზონანსი": რა პრემია მიიღეთ. გიორგი ლობჟანიძე: პრემიას ოფიციალურად "წლის წიგნი" ჰქვია. ეს, პრაქტიკულად, ირანის სახელმწიფო პრემიაა, რომელიც სპარსულ ენაზე გამოცემული წლიური ნაბეჭდი პროდუქციის შეფასებას ითვალისწინებს. სპარსულის გარდა, არის ორი ნომინაცია უცხოელებისთვის, უცხო ენაზე გამოცემული ნაშრომებისთვის - ირანისტიკასა და ისლამოლოგიაში, ანუ ისლამმცოდნეობაში. ჩემი ნაშრომი - ყურანის ქართული თარგმანი, შესავალითა და კომენტარებით - ისლამოლოგიაში იყო წარდგენილი. როგორც სარეკლამო ბუკლეტიდან (რომელიც დაჯილდოების ცერემონიისთვის გამოქვეყნდა) შევიტყე, წელს ამ ნომინაციაში წარდგენილი იყო 1500 ნაშრომი, მეორე ეტაპზე გავიდა 233 და აქედან, 10 საუკეთესო შეირჩა, რომელშიც მოხვდა ჩემი თარგმანიც. 10 საუკეთესოში ისეთი მეცნიერები იყვნენ, რომელთა გვერდით ჩემი გვარის გაელვებაც კი, უკვე გარკვეული პატივია. მათ შორის: პროფესორი ენდრიუ ნიუმანი; ანა-მარია ქილერი; სორბონის უნივერსიტეტიდან - ანრი ლე ფუშე-კური, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ჰაფეზოლოგია დღევანდელ მსოფლიოში (მისი ნაშრომი იყო ჰაფეზის სრული კრებული შესავალითა და კომენტარებით); მეცნიერები ისლამური, არაბული სამყაროდან, ეგვიპტიდან, ლიბანიდან, ლიბიიდან, მაღრიბის ქვეყნებიდან. ეს პრემია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დაჯილდოების ცერემონიას ესწრება და გამარჯვებულებს უშუალოდ აჯილდოებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი. წელსაც ასე მოხდა. დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გაიმართა, ქვეყნის მთავარ დარბაზში, რომელსაც "ერთიანობის დარბაზი ჰქვია" და მიგვიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ. "რ.": რა ხდებოდა ამ მიღებაზე, დაჯილდოებაზე. გ.ჟ.: ცერემონია ძალიან შთამბეჭდავი იყო. ჯერ ერთი, ყველაფერი ძალიან კულტურულად იყო გაკეთებული. დაგვახვედრეს ბუკლეტები, დაგვახვედრეს ცალკე გამოცემული წიგნები, სადაც თავმოყრილი იყო რეცენზიები, თუ რატომ, რა ღირსებების გამო ენიჭებოდა პრემია ამა თუ იმ ნაშრომს. თუ ნაკლოვანებები იყო, ისიც იყო აღნიშნული. ყველაფერი იყო დასაბუთებული, თუ რატომ იღებს ჟიური ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, განსხვავებით, ქართული რეალობიდან, როდესაც ჟიური რაღაცას გადაწყვეტს და ამას დასაბუთება არ მოჰყვება ხოლმე. სცენაზე რიგ-რიგობით გვიძახებდნენ, სადაც იდგნენ ირანის მთავრობის წევრები, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა, პრეზიდენტის მეთაურობით და გადმოგვცემდნენ საპატიო სიგელს, რომელიც, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშია, ტრადიციული ჩარჩოთი და რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, ირანის რესპუბლიკის გერბიან ქაღალდზე, ყველა ნომინანტისთვის ცალკე ტექსტით, პრეზიდენტის მიერაა ხელმოწერილი და ტრადიციულად, ხელით გადაწერილი. როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, პრეზიდენტს ეტყობა გამორჩა (რადგან ნომინირებულ ნაწარმოებებს ჩქარ-ჩქარა ასახელებდნენ), თუ რომელი ქვეყნიდან ვიყავი და ხელი რომ ჩამომართვა, მკითხა, რომელი ქვეყნიდან ბრძანდებითო. როდესაც ვუთხარი, საქართველოდან-მეთქი, თავისკენ მიმიზიდა, აღმოსავლურად, ორჯერ გადამკოცნა და მითხრა, რომ ძალიან უხარია, რომ საქართველოს წარმომადგენელი ჯილდოვდება, ეს ირანულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნებაო. ცხადია, მე დიდი სიხარულით გავიზიარე პრეზიდენტის ეს წინადადება და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენცია, თუნდ კულტურული, თუნდ სხვა ურთიერთობების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ სამომავლოდ. როგორც ადამიანს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ყოველგვარი პოლიტიკისგან შორს მდგომს, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ სწორი და პარტნიორული ურთიერთობები, პირველ რიგში, რეგიონის სახელმწიფოებთან უნდა დაამყაროს, მათ შორის, მუსლიმურ ქვეყნებთან, რომელთაგან, საქართველოსთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება ნებისმიერი ასეთი რამ, თუნდაც კულტურის სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებულია. მე ამას გეუბნებით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არა როგორც პოლიტიკოსი (პოლიტიკასთან საქმე საერთოდ არა მაქვს და მომავალშიც არ მინდა მქონდეს), არამედ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მის მომავალზე გული შესტკივა. თავისთავად პრიზი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ერთმა, ეტყობა, კოლექციონერმა იქვე, ცერემონიაზევე, იქნებ, მომყიდოო-მითხრა და საკმაოდ სოლიდურ თანხას მთავაზობდა. ბუნებრივია, ვერანაირად ვერ დავთმობდი. ჩემთვის, ყველა მატერიალურ ღირებულებაზე უფრო ძვირფასია, რომ ეს სიგელი თუ სიგელ-გუჯარი იყოს საქართველოში და ისტორიაში დარჩეს, როგორც ისტორიული საბუთი მეგობრობისა და ჩვენი ერების ურთიერთობისა. "რ.": ძალიან დავინტერესდი - რა წერია თქვენს სიგელზე. გ.ლ.: წაგიკითხავთ. "ღრმადპატივცემულო, სპეტაკო ბატონო, გიორგი ლობჟანიძე. რწმენით აღსავსე ინტელიგენტები, რომლებიც შემოქმედებითი ნიჭითა და უნარით, ცოდნით, შემეცნების წყურვილით, სულიერი და ზრახვისმიერი სიწმინდით არიან დაჯილდოებულნი, ერთის მხრივ კულტურისა და ცივილიზაციის ჭეშმარიტ მემკვიდრეებად გვევლინებიან, მეორეს მხრივ, კი მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების გზაზე სრულყოფილებისაკენ სვლის მებაირახტრეებად მიიჩნევიან. მორწმუნე და უფლისაღმსარებელ მეცნიერთა პატივისცემა არსებითად ცოდნის, მეცნიერებისა და რწმენის პატივისცემაა. ცოდნისა და მეცნიერთა შესაფასებლად, თუნდაც იმის გახსენებაც კმარა, რაც რელიგიურ წინამძღოლებს ამის შესახებ უთქვამთ. კერძოდ, ის, რომ მეცნიერნი წინასწარმეტყველთა მემკვიდრენი არიან. ზემოთქმულიდან ცხადია, რომ მეცნიერნი წინასწარმეტყველთა საქმეს განაგრძნობენ, ხალხს გონებისა და ცოდნის ჩირაღდნით ვრცელ გზაზე წინ მიუძღვიან და კაცთა მოდგმას უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს, სამართლიანობას, სიყვარულს, ერთგულებასა და თავგანწირვას უქადაგებენ. სწორედ ისინი იცავენ ადამიანის თავისუფლების, პატივისა და ღირსების წმინადათაწმიდა ნაკრძალს. მსურს, დიდი ირანელი ხალხის სახელით, დაგაფასოთ და მადლობა გადაგიხადოთ ბრწყინვალე და სასარგებლო მცდელობისთვის, რაც ნამდვილად ღირებული თხზულების შესაქმნელად გაწიეთ. მით უფრო, რომ თქვენი ნაშრომი ბრწყინვალე ყურანის ქართული თარგმანია. უზენაეს უფალს ვთხოვ, მეცნიერებისა და კულტურის სამსახურში თქვენს ყოველდღიურად მზარდ და აღმავალ წარმატებას. გულწრფელად თქვენი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი." "რ.": ძალიან შთამბეჭდავი ტექსტია. გ.ლ.: ტექსტი მართლაც შთამბეჭდავია. აღმოსავლური ხატოვანება მოგეხსნებათ, მაგრამ ამ ხატოვანების მიღმა იგულისხმება მართლა გულწრფელი პატივისცემა, რაც სტრიქონებს შორის, მე მგონი, ძალდაუტანებლად იკითხება და თვითონ ტექსტიდანაც კარგად ჩანს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ პრემიას მივიღებდი, მით უფრო, რომ პრემიის წინა პერიოდი, ნაშრომის წარდგენის შემდეგ, მის დეტალურ ანალიზს ითვალისწინებს. როდესაც ყურანის თარგმანია, ის გადის მრავალსაფეხურიან აპრობაციას, შეიძლება ასე ითქვას, ყუმის სასულიერო ცენტრებში. ეს გახლავთ შიიტური მუსლიმური სამყაროს და საერთოდ, მუსლიმური სამყაროს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი და ბუნებრივია, მათი შეფასება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მე, სხვა რელიგიის წარმომადგენელი ვარ - მართლმადიდებელი ქრისტიანი, გულწრფელი მოყვარული და დამფასებელი მუსლიმური კულტურისა, მაგრამ მაინც სხვა კულტურის წარმომადგენელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ ბუკლეტში (სადაც მოკლედაა შეფასებული, რის გამო გენიჭება პრემია), დასკვნაში ნათქვამია, რომ შესავალსა და კომენტარებში ბევრი რამ, თვითონ ისლამური სამყაროსთვის, ახალი ინტერპრეტაცია იყო. თუნდაც ეს ფრაზა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და განმაწყობს მომავალი მუშაობისთვის. პრემიის მიღება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ისინი ძალიან დიდი მეცნიერები არიან, მაგრამ პრაქტიკოსი ირანისტი მათ შორის ცოტა იყო, ასე ვთქვათ, ისეთი, ვისაც სპარსული ემარჯვებოდა ისე, რომ ექსპრომტად შეეძლო სიტყვის წარმოთქმა. როდესაც ჩვენ შეხვედრა გვქონდა ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ამ მეცნიერებს სთხოვეს, სიტყვა ეთქვათ, ყველამ თავაზიანად მადლობა გადაიხადა და ამაზე შეჩერდა. ამ პრემიის კომიტეტის მდივანი, უცბად ასეთ რამეს ამბობს - წელს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მომხდა ჩვენი პრემიების ისტორიაში, პირველად დაჯილდოვდა ყურანის არაბულიდან პირველი ქართული თარგმანი და იქნებ ვთხოვოთ ჩვენს მთარგმნელს, მან მაინც აგვიხნას, საქართველო აღმოსავლეთია თუ დასავლეთი.! - რა თქმა უნდა, ნახევრადხუმრობით, თავისი ნაგულისხმები სამწერტილით. ბუნებრივია, მე მადლობა გადავუხადე პრემიისათვის, იმ თბილი მასპინძლობისთვის, რაც ირანულმა მხარემ მართლა უშურველად გაგვიწია და შემდეგ ვუთხარი ასეთი რამ - ყურანში ძალიან ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მონაკვეთია - "კურთხეულია ხე ზეთისხილისა, არც აღმოსავლურია, არც დასავლური არამედ მისი ფესვი ორივე ამ მხრიდან ამოდის და ორივე მხარის ღირსებებით არის შემკული." მართლა, როდესაც ეს ფრაზა პირველად წავიკითხე, იმ წუთას გამახსენდა საქართველო და ზუსტად ამის გამო მიყვარს ეს ფრაზაც და ზუსტად ეს მიმაჩნია საქართველოს თავისებურებად, რომ მას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, იყოს ორი ქვეყნის საზღვრად და ატარებდეს ორივე - აღმოსავლეთისა და დასავლეთის - თვისებებს. დარბაზში ევროპელები ერთ მხარეს ისხდნენ, მასპინძლები და აღმოსავლელები - მეორე მხარეს და უცებ, ევროპული მხარიდან მესმის ტაში, რომელსაც აჰყვა აღმოსავლეთი. გამეხარდა, რომ სწორად იქნა აღქმული, რაც მე იმ წუთას ვთქვი. ჩემთან მოვიდა ანრი ლე ფუშე-კური და მითხრა, რომ ჩემმა სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა და მკითხა, ვიყავი, თუ არა სორბონაში ნამყოფი. ვუთხარი, რომ არა და მან მითხრა, ე.ი. ჯერ არა ხარო. შემდგომ, როდესაც სასტუმროში დავბრუნდით, მაჩუქა თავისი ნამუშევარი, ბოდიში მომიხადა, ერთი ცალი დამრჩა, ყდაზე ცოტა გადაცრეცილია, მაგრამ წარწერას გაგიკეთებო და თან მითხრა, რომ ერთ წელიწადში ამთავრებს პედაგოგიურ კარიერას და ძალიან სურს, რომ სორბონაში თავის მემკვიდრედ თქვენი მონა-მორჩილი იხილოს. შეიძლება ითქვას, ეს მისი მხრიდან თავაზიანი შემოთავაზება იყო, მაგრამ, თავისთავად, ეს თავაზიანობაც ჩემთვის ბევრ რამეს გულისხმობდა და ძალიან სასიხარულო იყო. ირანში იმყოფებოდა ლიბიის უმაღლესი მუფთი, რომელიც მხოლოდ არაბულად ლაპარაკობდა. აღმოჩნდა, რომ მისი სიტყვების სათარგმნელად, სინქრონისტი სჭირდებოდათ და უცბად ვერავინ ვერ მოძებნეს. ვისაც უთხრეს, ყველამ თავი შეიკავა. აღმოჩნდა, რომ მე უნდა მეთარგმნა. სინქრონი საერთოდ რთული საქმეა, მით უმეტეს, როდესაც სინქრონს ერთი ენიდან მეორე უცხო ენაზე აკეთებ, ამ შემთხვევაში, არაბულიდან სპარსულზე. ნახევარი საათი ვთარგმნიდი და სიტყვის ბოლოს ტაში მოჰყვა. ევროპულმა ნაწილმა განაცხადა, რომ ეს ტაში სინქრონისტს ეკუთვნოდა, ხოლო როდესაც სამარშრუტო ტაქსით სასტუმროში ვბრუნდებოდით, დელეგაციის ავღანელმა წევრმა (ძალიან საინტერესო პიროვნებამ), რამდენჯერმე გამიმეორა, როგორი კეთილი ბატონი ბრძანდებით, როგორ კარგად გვითარგმნეთ ჩვენი არაბულიო! "რ.": ცხადია, ამ ყველაფრით გახარებული იქნებით. გ.ლ.: ვგრძნობ, რომ მარტო მე არა ვარ, ვინც ეს პრემია მიიღო. აქაა აღმოსავლეთმცოდნეობის დიდი სკოლა, ქართული სკოლა, რომლის შედეგი თუ პროდუქტია, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, გიორგი ლობჟანიძე, რომელიც დაჯილდოვდა. ამიტომ, შეუძლებელია, მადლობით არ გავიხსენო ყველა ის ადამიანი - თუნდაც თინა მარგველაშვილი, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, რომელსაც ვუმადლი ყურანის ამ თარგმანსაც და საერთოდ, იმასაც, რომ აღმოსავლეთმცოდნე ვარ. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართვლოში, ბატონ მოჯთაბა დემირჩილუს და საქართველოს ელჩს ირანში ლევან ასათიანს და მის მოადგილეს ნიკოლოზ ხუციშვილს, რომლებმაც პრემიაზე წარადგინეს ჩემი თარგმანი და საერთოდ, დიდი დახმარება გამიწიეს. ყურანის ეს თარგმანი ვერ განხორციელებოდა, რომ არ ყოფილიყო ნაირა გელაშვილი. 12 წელი ვთარგმნიდი. ამაში იგულისხმება მასალის მოძიება, შეკრება, დამუშავება, მაგრამ აშკარად მჭირდებოდა ერთ ადგილას დაფიქსირება (რომ უბრალოდ თვიური შემოსავალი მქონდოდა და იძულებული არ ვყოფილიყავი, სამსახური კიდევ სადმე მეძებნა), რომ მუშაობის გაგრძელება შემძლებოდა. ნაირა გელაშვილმა დაწერა პროექტი - ყურანის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა და კავკასიური სახლის ევროპელ პარტნიორებს წარუდგინა. პროექტის დაფინანსებას ფონდი "ჰორიზონტი" დათანხმდა. მუშაობის ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამ ადამიანებმა მომცეს საშუალება, რომ თარგმანი დამესრულებინა და პრაქტიკულად, ამ საქმისათვის თავი მომება, ისე, როგორც საჭირო იყო. მინდა მათაც კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა. ყველა აღნიშნავს, რომ თარგმანი ენობრივად მოწესრიგებულია, გამართულია. ზედმეტი მოკრძალების გარეშე ვიტყვი, რომ რასაკვირველია, ეს ძირითადად მთარგმნელის დამსახურებაა, მაგრამ რედაქტორმა არანაკლები წვლილი შეიტანა ტექსტის ენობრივად მოწესრიგებაში და მინდა გულწრფელი, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო ბატონ როსტომ ჩხეიძეს, გაწეული დახმარებისთვის, არაერთი ფასეული შენიშვნისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა მხატვარს - სოფო კინწურაშვილს, წიგნის შესანიშნავ გრაფიკოსს. ერთი კაცი მარტო ვერაფერს გააკეთებდა. როგორც გითხარით, მიმაჩნია, რომ იმ წუთას სცენაზე უბრალოდ მე ვიდექი, ჩემს უკან იდგა უამრავი ხალხი, ვისაც მართლა გულწრფელად უხაროდა ამ პრემიის მიღება. ეს ჩემთვის მართლა დიდი დღესასწაული იყო. ვიცი, რომ შრომა ყოველთვის დაფასდება, შეიძლება იქ არ დაფასდეს და ანაზღაურდეს, სადაც ელი, მაგრამ ღმერთი გაწეულ გარჯას უყურადებოდ არასოდეს ტოვებს. ასე მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, მართლა დამიფასდა. იქ, ცხადია, ფულადი პრემიაცაა (შეიძლება ითქვას, სიმბოლური, ამით კაცი ვერ გამდიდრდები და აშენდები), მაგრამ ყველა მატერიალურ სიმდიდრეზე ძვირფასი ეს ურთიერთობები და ის დაფასებაა, რაც ამ დაჯილდოებისას ვიგრძენი
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |