"რეზონანსი "
# 47
ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2008 წელი

რუსების მტკიცებით, სააკაშვილი საარჩევნოდ აფხაზეთში შეჭრას გეგმავს

(ინტერპრესნიუსი) რუსი სამშვიდობოების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება მარტი-აპრილის პერიოდში აფხაზეთში შეჭრისა და ელვისებური განმათავისუფლებელი ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ სამშვიდობოების ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

მათი ვერსიით, სპეცოპერაციის გეგმის მზადების შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან მიიღეს.

"ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა ძალოვანი ბლოკის მასთან დაახლოებულ შემადგენლობასთან და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველ აქტივთან კონსულტაციები გაიარა. ელვისებური ოპერაცია არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას უზრუნველყოფს. სააკაშვილი აფხაზეთში შეჭრას 2008 წლის მარტი-აპრილში გეგმავს. ამ პერიოდში რუსეთში საპრეზიდენტო ხელისუფლების გადაცემის ღონისძიებები გატარდება," - იუწყება სამშვიდობოების ვებ-გვერდი.

სამშვიდობოთა ვარაუდით, სააკაშვილს იმედი აქვს, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო რუსეთი ოპერაციაზე სწრაფ რეაგირებას ვერ შეძლებს, ამ ხნის განმავლობაში კი ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში მთავარ პოზიციებს დაიკავებენ.

სამშვიდობოები ასევე ირწმუნებიან, რომ ოპერაციის დაწყებამდე ქართული მხარე სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შეაიარაღებულ პროვოკაციებს მოაწყობენ, რისი მიზანიც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მათი დისკრედიტაცია იქნება.

"ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით სააკაშვილმა აშშ-ის ადმინისტრაციისგან მხარდაჭერის პირობა უკვე მიიღო და ძალოვან მინისტრებს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის აქტიურად მომზადება დაავალა," - აცხადებენ სამშვიდობოები.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com