"რეზონანსი "
# 47
ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2008 წელი

რევოლუციის გმირი თუ მსხვერპლი: ლევან მინაშვილი, რომელიც აქციებზე შვილთან ერთად დადიოდა, ოპოზიციის გვერდით დგომას აპირებს

ნინო მიქიაშვილი

მიუხედავად ციხეში გატარებული სამი თვისა, 18 თებერვალს გირაოთი გათავისუფლებული ლევან მინაშვილი დღეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შიმშილობის აქციაში მონაწილეობას მიიღებს. ციხეში შებრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაჩერებას არ აპირებს - ამბობს, რომ ისევ ის ლევან მინაშვილია, რაც 2003 წლის 23 ნოემბერს და 2007 წლის 2-7 ნოემბრის აქციებზე იყო.

შეგახსენებთ, რომ 2-7 ნოემბრის აქციაზე მინაშვილი სხვებთან ერთად შიმშილობდა (მის გვერდით 4 წლის ქალიშვილიც იყო); 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება, რასაც თავად არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის სინდისის და პოლიტპატიმარია. 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო მინაშვილის ბრალეულობის საკითხს განიხილავს. სასამართლოში მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

ლევან მინაშვილი ოთხი წლის წინ - 2003 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროსაც ოპოზიციაში იყო, მაგრამ ხელისუფლებისგან დევნას არ განიცდიდა; აქციებზე 25 დღის ქალიშვილთან ერთად დადიოდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია, არც ოპოზიციის მაშინდელ ლიდერებს და არც "ბი-ბი-სისა" და "სი-ენ-ენს".

იმაზე, თუ რა დაუჯდა ტაქსის უკანა საქარე მინის ჩამტვრევა; სად არიან ახლა მისი მეუღლე და შვილი; როგორ აიძულეს ვიდეოკამერის წინ ჩვენების მიცემა და როგორ და რატომ უმტვრევენ ნეკნებს პატიმრებს გლდანის #8 საპყრობილეში, "რეზონანსს" ლევან მინაშვილი შეხვდა და ესაუბრა.

"რეზონანსი": როგორ და რისთვის დაგაკავეს?

ლევან მინაშვილი: დაკავებას წინ რაც უძღვოდა, ჯერ იმას მოგიყვებით - 7 ნოემბრის შემდეგ უბნის პოლიციიდან მოვიდნენ და მითხრეს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი მოსახლეობის აღრიცხვას ვაკეთებთო (ერთ-ერთი მათგანი, გამომძიებელი დავით ბუხრაშვილი სწორედ ის იყო, ვინც რამდენიმე დღის შემდეგ ციხეში გამგზავნა). ეჭვი შემეპარა და პოლიციელებს ვუთხარი, წინა მეზობელიც ახალია, ზემოთაც და ქვემოთაც, იმათთან რატომ არ მიდიხართ-მეთქი.! იმათთანაც მივალთო, - მომიგეს. შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემი ოჯახის გარდა არავისთან შესულან. პოლიციელებს პირდაპირ ვუთხარი, კონტროლზე გყავართ აყვანილი და ხვალ ან ზეგ რაღაცის გაკეთება გინდათ-მეთქი. დიდი ხანი არ გასულა, ოჯახში კონფლიქტი მოხდა...

"რ": რა იყო კონფლიქტის მიზეზი.

ლ.მ: მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 7 ნოემბერს მოიმოქმედა, მეუღლემ მითხრა: ბავშვი აქციაზე აღარ წაიყვანო, შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროსო.

"რ": 2-7 ნოემბრის აქციაზე შიმშილობისას 4 წლის ქალიშვილი გვერდით გეჯდათ, არა.

ლ.მ: დიახ, ასე იყო. მეუღლესთან საუბრისას პოზიციებს არ ვთმობდი. ამასობაში მეუღლემ ტანსაცმელი ჩაალაგა, რომ ბავშვი გაეშორებინა და ტაქსში ჩაჯდა. მანქანა რომ დაიძრა, მძღოლს დავუძახე, გააჩერე-მეთქი. მეუღლისთვის მინდოდა, მეთქვა დაწყნარდი-მეთქი. სოფელია, ქვები ყრია; ერთი მოზრდილი ქვა ავიღე, მოვიქნიე, ვიფიქრე, დამინახავს და შეეშინდება-მეთქი. უცებ, ქვა ხელიდან დამისხლტდა და ტაქსის უკანა საქარე მინა გატყდა. მძღოლს არ გაუჩერებია, ის პირდაპირ პოლიციაში წასულა.

შემდეგ ცოლისძმამ დამირეკა, ტაქსის მძღოლი პოლიციაშია, ჩამოდი, მინას ხომ გაუკეთებო.! პრობლემა არ არის-მეთქი; ჩავედი და იქ ამიყვანეს.

"რ": რა მუხლი მოგიყენეს.

ლ.მ: 187 მუხლი - კერძო ნივთის დაზიანება. ვუთხარი, მინა განზრახ არ ჩამიმტვრევია, შემთხვევით მოხდა და დაპატიმრება არ მეკუთვნის, მაქსიმუმ ადმინისტრაციული ჯარიმა და ზარალის ანაზღაურება შეიძლება დამაკისროთ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ტაქსის მძღოლს ალბათ, წაუთაქუნეს და 400-ლარიანი ზარალი გააფორმეს.

"რ": საქარე მინის გარდა რაიმე დაუზიანდა მანქანას.

ლ.მ: არაფერი. ესაა 1993 წელს გამოშვებული "ოპელ ასტრა". საქმე ისაა, რომ ზარალი 150 ლარს ზემოთ თუ არის, მაშინ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გამომძიებელ ბუხრაშვილს პირდაპირ ვუთხარი: თქვენ ის არ ხართ, ჩემთან "აღრიცხვაზე" რომ იყავით მოსული.! თქვენ ჩემი დაკავების დავალება გაქვთ მოცემული-მეთქი. მერე ატყდა რეკვები, შეურაცხყოფები, იმ სიტყვებს მე ახლა უბრალოდ, ვერ გავიმეორებ. მეუბნებოდნენ, ოპოზიციამ გიშველოსო. ჩვენებაში დავწერ, რაც მოხდა-მეთქი, რომ ვუთხარი, სამინისტროში, პროკურატურაში გადარეკეს, ვიდეოკამერაც მოიტანეს, მაგრამ რისი თქმაც მინდოდა, ის არ მათქმევინეს.

"რ": რისი თქმა გინდოდათ?

ლ.მ: რაც ჩემს ოჯახში მოხდა, ამაში ხელისუფლებას ვადანაშაულებდი. მითხრეს: დაწერე, რომ ცოლთან მოგივიდა კამათი და ყველაფერი მაგიტომ მოხდაო; მემუქრებოდნენ. ძმაც მყავს და კინაღამ ისიც დაიჭირეს. ვიფიქრე, მთელ ოჯახს ხომ არ დავაჭერინებ, ბოლო-ბოლო თავს სასამართლოზე გავიმართლებ-მეთქი და დავწერე: ცოლთან კამათი მომივიდა, მერე ასე და ასე მოხდა, განზრახ არ მისვრია-მეთქი. კამათი რაზე მოგვივიდა, ეს არც დამაწერინეს და არც ვიდეოკამერის წინ მათქმევინეს; ხელზე ბორკილები დამადეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. მუხლი იმის გამო დამიმძიმეს, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვიდექი და სიმართლისთვის ვიბრძოდი; მე ამ ხელისუფლების უკანონო პატიმარი, სინდისის და პოლიტიკური პატიმარი ვარ.

ვეუბნებოდი, მიშას დავალებას ასრულებთ, ხვალ-ზეგ მთავრობა შეიცვლება და პასუხს აგებთ-მეთქი. ამაზე დამცინავად მპასუხობდნენ: ისე არ აგიდგათ გვერდებიო. ორი დღის შემდეგ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მომისაჯეს. პროცესზე ვთქვი, არსად გამქცევი არ ვარ, ძიების დასრულებამდე გირაოთი გამათავისუფლეთ-მეთქი, მაგრამ პროკურორმა თამარ ნოზაძემ ფეხები გააფიჩინა - ეს საშიში პიროვნებაა, ციხეში უნდა გავუშვათო. პროცესის დასრულების შემდეგ #5 იზოლატორში გადამიყვანეს.

"რ": რამდენკაციან საკანში იყავით?

ლ.მ: საკანში 24 ადგილი და 86 ადამიანი იყო. იქიდან 7 დეკემბერს გლდანის #8 საპყრობილეში გადამიყვანეს.

"რ": ახალ საპყრობილეში.

ლ.მ: ახალი საპყრობილე არ ჰქვია, ეს არის კონცლაგერი, პირდაპირი მნიშვნელობით.

"რ": რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს.

ლ.მ: ის, რომ იქ არის ახალაია-სააკაშვილის დიქტატურა და ტერორი. რასაც იქ პატიმრებს უშვებიან, იმას ფაშისტები არ უზამდნენ ტყვეებს.

"რ": იქნებ, დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ.

ლ.მ: პატიმრებს სასტიკად ცემენ.

"რ": თქვენ გცემეს.

ლ.მ: ჩემს მიმართ ძალადობა არ გამოუყენებიათ, მაგრამ პატიმრებს სიგარეტის ჩაწოდება-აწოდების გამო ფიზიკურად უსწორდებიან.

"რ": პატიმრებს ბადრაგები ცემენ.

ლ.მ: ბადრაგები და ციხის უფროსი თამაზ მელაძე თავის "ბუგორებიანად" - ორმეტრიან ახმახებთან ერთად ექვსკაციან, რვაკაციან საკანში შედის და ერთი პატიმარი რომ "დააშავებს", ყველას ცემენ, ხალხს ნეკნები აქვს ჩამტვრეული.

"რ": რეზინის ხელკეტებით ურტყამენ პატიმრებს.

ლ.მ: იმხელა ხელები აქვთ, ხელკეტები რად უნდათ.! მაგალითად, ახალ წელს ამ საპყრობილეში ცოდვის ტრიალი იყო; პატიმრებმა ერთმანეთს გავძახეთ - ახალი წელი მივულოცეთ და ამას ხალხის ნეკნებში მსხვრევა მოჰყვა. დამიჯერეთ, ნამდვილად არაფერს ვამეტებ. ვინმე ამ საპყრობილეში თუ შევა და პატიმრებს იქაურ ამბებს გამოჰ-კითხავს, მაშინ იმის გარანტიაც უნდა მისცეს, რომ გათავისუფლების შემდეგ გარეთ უარეს დღეში არ ჩავარდება. ასეთი გარანტიის მიმცემი კი არ არსებობს.

"რ": როგორ გაგათავისუფლეს.

ლ.მ: ახლა თქვენ მე როგორც თავისუფალ ადამიანს, ისე მიყურებთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, მე ახლაც პატიმარი ვარ. 18-ში ბადრაგმა დამიძახა: ადექი, სასამართლო გაქვსო. გამიკვირდა, რადგან სასამართლო 21-ში მქონდა დანიშნული. პროცესზე პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა - ორთვიანი პატიმრობა გირაოთი შეეცვალოსო. როგორც ვიცი, ესეც კანონის დარღვევაა. 2 000-ლარიანი გირაო დამაკისრეს, რომელიც 8 მარტამდე უნდა გადავიხადო, მაგრამ სასამართლო გრძელდება - ჩემი ბრალეულობის საკითხს საქალაქო სასამართლო 28 თებერვალს 10 საათზე განიხილავს.

"რ": საინტერესოა, თქვენი მეუღლე რა განწყობით არის ამ ყველაფრის შემდეგ.

ლ.მ: ჩემი მეუღლე ციხეში მაკითხავდა; რა თქმა უნდა, ჩემი გათავისუფლება გაუხარდა. ჩემს გათავისუფლებამდე ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში იწვა, ახლა გამოვიდა და დროებით თავისი ძმის ოჯახშია. მე ბავშვთან ერთად ჩემს ძმასთან ვარ, რადგან სახლში შეშაც კი არ მაქვს.

"რ": მუშაობთ.

ლ.მ: არა.

"რ": და როგორ აპირებთ 2 000 ლარის გადახდას.

ლ.მ: არ ვიცი; ალბათ, ახლობლები დამეხმარებიან.

"რ": მიიღებთ მონაწილეობას 22-ში დაგეგმილ აქციაში.

ლ.მ: რა თქმა უნდა, მივალ. შიმშილობის დაწყებაზეც ვფიქრობ. მე ვარ ისევ ის ლევან მინაშვილი, რაც ვიყავი 2003 წელს და რაც ვიყავი 2007-ში; მე ჩემი ხალხის და ოპოზიციის გვერდით დგომას ვაგრძელებ, რათა ეს ქვეყანა ტერორისა და დიქტატურისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com