|
|
"რეზონანსი "
სახელოვანი მკვლევარი, პედაგოგი, მეცნიერების ორგანიზატორი
თვალსაჩინო მეცნიერ-ეკონომისტს და ღირსეულ აღმზრდელ პედაგოგს, შესანიშნავ საზოგადო მოღვაწეს და ნიჭიერ ორგანიზატორს, სანიმუშო მამულიშვილსა და ჭეშმარიტ მოქალაქეს, ბატონ ლეო ჩიქავას დაბადების 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის რექტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლეო ჩიქავა დაიბადა 1928 წლის 20 თებერვალს, ზუგდიდის სოფელ კოკში, პედაგოგის ოჯახში. 1944 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1950 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1968 წელს - სადოქტორო დისერტაცია. ლ. ჩიქავამ ლექციების დამოუკიდებელი კურსის წაკითხვა დაიწყო 1954 წელს - მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1955-1969 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე. 1969 წელს მიწველ იქნა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგედ, 1974 წელს კი ამავე თანამდებობაზე არჩეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1983 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში: 1983-1990 წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1991-2006 წწ. - მისივე ძალისხმევით შექმნილი დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. ლ. ჩიქავამ არა მარტო დამოუკიდებელ საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც თავისი ჯეროვანი სიტყვა თქვა, როგორც მეცნიერ-ეკონომისტმა, სოციოლოგმა და დემოგრაფმა. ამის დასტურად თუნდაც უბრალო თვალის გადავლებაც იკმარებდა ყველაფერ იმაზე, რაც მას გაუკეთებია: 160-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელთა საერთო მოცულობა 350-მდე ნაბეჭდი თაბახია. მათ შორის ცალკე წიგნად გამოცემული 18 მონოგრაფიული გამოკვლევა, უმაღლესი სკოლის სტუდენტებისათვის რამდენიმე ორიგინალური სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო. გამოკვლევებში ორიგინალურადაა გადმოცემული შრომის საზოგადოებრივი დანაწილების, წარმოების ტერიტორიული სპეციალიზაციის და ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებელთა განსაზღვრის, ეროვნული შემოსავლის სტრუქტურის რეგიონული თავისებურებების, საზოგადოებრივ კვლავწარმოებაში არამატერიალური წარმოების სფეროს ადგილისა და როლის ფრიად აქტუალური საკითხები. 1990-იან წლებში ინტენსიურად იკვლევს ეკონომიკური თეორიის ისეთ გლობალურ საკითხებს და დემოგრაფიის პრობლემებს, როგორიცაა: ქვეყნის მოსახლეობის ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრა, მოკვდაობის შემცირების ეკონომიკური ეფექტიანობა, კრიტიკულ დემოგრაფიულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და შობადობის მაჩვენებელთა ურთიერთდამოკიდებულება, მოსახლეობის შრომისუნარიან დასაქმებულთა დემოგრაფიული დატვირთვის გაზრდა, ბავშვთა სასურველ და მოსალოდნელ რაოდენობას შორის სხვაობის განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აგრეთვე ლ. ჩიქავას 2006 წელს გამოცემული სქელტანიანი მონოგრაფიული გამოკვლევა "ინოვაციური ეკონომიკა", რომელსაც შეიძლება ითქვას, ანალოგია არ მოეძებნება ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში. ამ ნაშრომში მაღალმეცნიერულ დონეზეა განხილული ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ტენდენციები, კანონზომიერებანი, თავისებურებები, მიზნები, გადაუჭრელი პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები. ნაშრომში საკმაოდ პრობლემური ხასიათისაა, ავტორი სადისკუსიო საკითხებზე ეკამათება უცხოელ ავტორებს და გვთავაზობს ორიგინალურ შეხედულებებს, რომლებიც მეცნირულ-თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. ლეო ჩიქავას მეცნიერული და საზოგადოებრივი საქმიანობის მრავალი უმნიშვნელოვანესი მომენტი უშუალოდ მის დიდებულ მასწავლებლებთან არის დაკავშირებული. მათ მიმართ ბატონი ლეო მუდამ უსაზღვრო ერთგულებას, პატივისცემასა და მადლობას გამოხატავდა. გავიხსენებ ერთ ეპიზოდს აკად. პ. გუგუშვილთან და აკად. ვ. ჩანტლაძესთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ბატონი პაატა გუგუშვილი და ბატონი ვასილ ჩანტლაძე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართულ და ქართულ-რუსულ ვარიანტზე, მაგრამ ისე გარდაიცვალნენ, რომ ამ ნაშრომის დასრულება ვერ მოასწრეს. ჯერ ბატონი პაატა გარდაიცვალა და მთელი სიმძიმე ბატონ ვასოზე გადავიდა, მაგრამ დიდი შრომატევადი სამუშაოს გამო მანაც დაწყებული ნაშრომის 50%-ზე მეტის დასრულება ვერ მოასწრო, ისე აღესრულა. გარდაცვალებამდე ორი-სამი დღით ადრე, იგრძნო რა აღსასრულის მოახლოება, ბატონ ვასოს ოჯახის წევრებისათვის უთქვამს: "მაგიდაზე დევს ბატონ პაატასა და ჩემ მიერ მომზადებული ეკონომიკური ტერმინოლოგიის" დაუსრულებელი ტექსტის ხელნაწერი. ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ჩვენი მოწაფე - ლეო ჩიქავა შეძლებს მის დასრულებასო. თუ ცოცხალს ვერ მომისწრო, ბატონ ლეოს გადაეცით ჩემი თხოვნა, რათა მიხედოს ამ ეროვნულ საქმეს". ეს ხელნაწერი წამოიღო ბატონმა ლეომ და თითქმის დაძაბული შრომის 5 წელი მოანდომა მის შევსებას, ტექსტის ბოლომდე დასრულებასა და გამოცემას (2001 წ.). ამ ტერმინოლოგიის დიდ მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბატონი ლეო უდიდეს სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიდა, რომ მან წარმატებით აღასრულა სასიქადულო მასწავლებლის დანაბარები თხოვნა. ლ. ჩიქავას საქმიანობაში დიდი ადგილი უჭირავს საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას (იტალია, გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი, რუსეთი), იგი, როგორც მაღვალკვალიფიციური ლექტორი, მიწვეული იყო გერმანიაში, სადაც ბერლინის, როსტოკისა და შვერინის უმაღლეს სასწავლებელბში წაიკითხა ლექციების ციკლი ეკონომიკური თეორიის აქტუალურ საკითხებზე. სამაგალითოა და ყველასათვის მისაბაძი ბატონი ლეო, როგორც აღმზრდელი და მასწავლებელი. იგი შესაშური და გასაოცარი ჰარმონიულობით უხამებს ერთმანეთს სტუდენტებისადმი მტკიცე პრინციპულ მომთხოვნელობას და უაღრესად გულთბილ, ყურადღებიან მამა-შვილურ დამოკიდებულებას. მისი რჩევა-დარიგებით და უშუალო ხელმძღვანელობით ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ეზიარა ეკონომიკური მეცნიერების ძნელსა და რთულ გზას. მაგალითად, დოქტორისა და კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს 30 მეცნიერ მუშაკს. მისი ოპონირებით დაცულია 80-მდე დისერტაცია. უაღრესად ფართოა ბატონ ლეოს საზოგადოებრივი მოღვაწეობის თვალსაწიერი: საერთაშორისო და ადგილობრივი ჟურნალისტების სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დემოგრაფიული სექციის თავმჯდომარე; ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის დემოგრაფიისა და მიგრაციის პალატის თავმჯდომარე; დემოგრაფიის სამთავრობო კომისიის წევრი და სხვა. იგი დაჯილდოვებულია "ღირსების ორდენით" და მრავალი მედლითა და სიგელით. ღმერთმაც ნუ მოაკლოს ბატონ ლეოს ამ ძალის შთაგონებული და მაცოცხლებელი ზეგავლენა, ხოლო ჩვენს საზოგადოებას, მეგობრებსა და კოლეგებს - მისი სიყვარული და თანადგომა. პროფ. გედევან ხელაია
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |