|
|
"რეზონანსი "
ბურჯანაძის საარჩევნო კამპანია - საპრეზიდენტო დავით ებრალიძე
აშკარაა, ნოემბერში სააკაშვილსა და ბურჯანაძეს შორის მომავალ ხელისუფლებაზე დიდი გარიგება შედგა. ბურჯანაძის პირველობას დასავლეთში რომ პოზიტიურად უყურებენ, ამის კონსტატირება პატარ-პატარა დოზებით დიდი ხანია, ხდება. მაგრამ, ნოემბრის ამბების შემდეგ იგი ხელისუფლების გადასაბარებლად სააკაშვილისთვისაც რეალური ფსონის დასადები კანდიდატი გახდა. ნებისმიერი ერთმმართველი "შემოქმედი" ხელისუფალის უმთავრესი საზრუნავია ისეთი შემცვლელის ხელისუფლებაში მოყვანა, რომელიც მის ნამოქმედარზე პრობლემებს არ შეუქმნის. მით უფრო მნიშვნელოვანია ეს საკითხი სააკაშვილისთვის, რომლის მისამართითაც მომაკვდინებელი ბრალდებები სულ უფრო მძაფრად გამოითქმის. ადრე თუ მისი უმთავრესი ამოცანა იყო "შემოქმედება", ახლა მისი უმთავრესი ამოცანაა ამ შემოქმედებაზე პასუხისმგებლობისგან თავის დაცვა. სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ხელისუფლება მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს, ან არადა, მისდამი ლოიალურმა პირმა გადაიბაროს. ოპოზიციის ამოცანა კი გაცილებით რთულია - წაართვას ძალაუფლება სააკაშვილი. ოპოზიციამ თავისი ამოცანა მნიშვნელოვნად გაირთულა, როდესაც "დაყაბულდა" სააკაშვილის პრეზიდენტობას სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების პირობით. საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლების ასაღებად საჭირო იყო ამომრჩეველთა 50% პლიუს ერთი ხმა, ხოლო საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების ხელში ასაღებად უკვე საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესე იგი 66%-ზე მეტი ხმა, რაც ერთი-ორად რთული ამოცანაა. ამ ბარიერის დაძლევა ოპოზიციას რეალურად დემოკრატიული არჩევნების პირობებშიც გაუძნელდება. პროცესები სააკაშვილისთვის მისაღებ ჩარჩოებში მიედინება. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ამოცანა მინიმუმი და მაქსიმუმი ერთი და იგივეა - საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, სააკაშვილის ამოცანა მინიმუმი იმას წარმოადგენს, რომ ოპოზიცია კონსტიტუციური უმრავლესობით ვერ მოვიდეს და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას პარლამენტიდან საფრთხე არ შეექმნას. ბურჯანაძეზე ფსონის დადებით ბურჯანაძე ივალდებულებს სააკაშვილს, პარლამენტიდან ხიფათი აარიდოს, ხოლო ხელისუფლების შეცვლისას შეძლოს სააკაშვილის ჩანაცვლება და ამით სააკაშვილი შემდგომი პასუხისმგებლობისგან დაიცვას. ბურჯანაძისა და სააკაშვილისთვის კარგი იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია უმრავლესობით ვერ მოვა და ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეობას შეინარჩუნებს. თუმცა, ოპოზიციის უბრალო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაშიც ბურჯანაძე მაინც მთავარ "სკრიპკას" ითამაშებს პარლამენტში. ხელისუფლებისთვის ყველაზე ცუდ ვარიანტში ბურჯანაძე პარლამენტში ოპოზიციურ ძალას შექმნის და იმ პოზიციიდან დაიცავს არსებულ პრეზიდენტს და მის მომავალს. სააკაშვილისა და დასავლეთის ბურჯანაძის გაძლიერებისადმი ინტერესი ცხადია, მაგრამ ოპოზიციას რაღაში აინტერესებს ბურჯანაძის გაძლიერება. აბა, რითი უნდა ავხსნათ ოპოზიციის განცხადებები, რომ ბურჯანაძეს კი უნდა, მაგრამ სახელისუფლო სხვა ძალები არ აძლევენ მემორანდუმის შეთანხმების საშუალებასო. იქნებ, ბურჯანაძის პერსპექტივებს ვერ აფასებენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |