"რეზონანსი "
# 47
ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2008 წელი

რაგბის ახალი პრეზიდენტის ჯვარი: "ის ეიფორია, რაც გამოწვეულია ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებებით, შეიძლება შეიცვალოს ღრმა კრიზისით"

მამუკა ნაცვალაძე

24 თებერვალს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, ამ პოსტზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატურა - გია ნიჟარაძე ჯერჯერობით რაბგის კავშირის ვიცე-პრეზიდენტია.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტობის პრეტენდენტს საკმაოდ საინტერესო ოთხწლიანი პროგრამა აქვს მომზადებული. ჩვენი საუბარი სწორედ ამ პროგრამის მკითხველისათვის გაცნობას ისახავს მიზნად.

გია ნიჟარაძე: ჩვენი პროგრამის პრიორიტეტებია ბავშვთა რაგბი, შიდა ჩემპიონატი და კლუბების გაძლიერება, ამასთანავე მთელი შიდა მეურნეობის მოწესრიგება და ინფრასტრუქტურა. ანუ ეს არის ის მთლიანი ქვაკუთხედი, რაზედაც ქართული რაგბი უნდა აშენდეს. ნაკრები, რომელიც აპოგეაა ჩვენი საქმიანობის, და ყველაზე უკეთ აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია ქართული რაგბი, მაინც მწვერვალია ყველაფრის.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ თუ ამ 4-წლიან ციკლში არ გადავჭერით ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემები, რომელიც თვალსაჩინოა - თუ არ გავამაგრეთ ის ფუნდამენტი, რაზედაც უნდა აშენდეს დანარჩენი, ის ეიფორია, რაც გამოწვეულია ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებებით, შეიძლება შეიცვალოს ღრმა კრიზისით.

"რეზონანსი": მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ. დავიწყოთ ბავშვთა რაგბით...

გ.ნ.: რაგბი იწყება ბავშვებიდან. ჩვენ გვყავს შესანიშნავი მწვრთნელები. ის ხალხი, ვინც რაგბიში მოღვაწეობს, ჩემთვის გმირები არიან, რადგანაც ყველაზე რთულ წლებში უფულოდ, სიმბოლურ ხელფასად შრომობენ და თაობებს ზრდიან უანგაროდ. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ არაა ნორმალური, რადგანაც მწვრთნელს ხელფასი უნდა ჰქონდეს, თანაც ისეთი, რომ ის თავის ოჯახის პრობლემებზე არ ფიქრობდეს.

"რ": უხელფასობა თავისთავად შესრულებული სამუშაოს ხარისხსაც ეტყობა...

გ.ნ.: რა თქმა უნდა, არის ხარისხის პრობლემა. ჩვენ სერიოზულად გვაქვს ასაწევი ხარისხი ყველაფერში - ვგულისხმობ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებს რაგბის კავშირის თამადობით. სათანადო დაფინანსების, სწორი სტარტეგიის, ფინანსურად უზრუნველყოფილი მწვრთნელების და კარგი მენეჯერების ხელში ჩვენ შეგვიძლია თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ ბავშვთა რაგბი.

ის, თუ რა პირობებში უწევთ ბავშვთა მწვრთნელებს მუშაობა, რა მოედნებზე ვარჯიშობენ ბავშვები, საქმეში ჩახედულ ადამიანებს კარგად მოეხსენებათ და ამ პირობებში მაინც ზრდიან ტალანტებს, რომლებიც ავსებენ ჩვენს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს.

"რ": რამდენად განსხვავებულია პრობლემები შიდა ჩემპიონატში.

გ.ნ.: შიდა ჩემპიონატებში იგივე პრობლემებია. არ არის სავარჯიშო მოედნები, სათამაშო სტადიონები ძალიან მცირე რაოდენობითაა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძალიან მწირია, ორგანიზაციული მხარე ძალიან სუსტია და ამ პრობლემების მოგვარება არის ის პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ არასდროს არ ვიტყვით უარს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ოთხწლიან ციკლში, რომ კლუბები ბოლოს და ბოლოს დადგნენ ფეხზე, რომ მათ გაუჩნდეთ პატრონი. არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ რაგბის კავშირი მუდმივად არჩენდეს კლუბებს და მეტი საარსებო წყარო მათ.

"რ": როგორ აპირებთ ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაჭრას.

გ.ნ.: აქ არის ორი გზა - ერთი არის სახელმწიფო პროგრამები, რომლითაც დაიფარება ის დეფიციტი, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, მეორე ეს არის ბიზნესის მონაწილეობა. ბიზნესი უახლოეს მომავალში ნაკლებად არის დაინტერესებული, რომ კლუბებში ჩადოს ფული.

მესმის მათი ძალიან კარგად, ისინი აზროვნებენ იმ პოსტულატით, რომ ფულს რომ დებ საქმეში, ის, ფული უკან უნდა ამოიღო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეუბნებით ბიზნესს: ის რაც არ გააჩნიათ კლუბებს, აქვს რაგბის კავშირს.

ამიტომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორობა გავუწიოთ ნებისმიერ კლუბს, რომელთანაც თანამშრომლობის სურვილს გაამჟღავნებენ ბიზნესმენები და შევთავაზოთ ის, რაც გვაქვს ჩვენ, ანუ ჩვენი სარეკლამო სივრცე, ჩვენი ექსკლუზიური ხელშეკრულებები ტელევიზიებთან, ჩვენი დახმარება პირდაპირი თუ ირიბი, მათი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაში ფულის ჩადება. ყველა იმ პირობის მოგვარება, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული.

ანუ ჩვენ არ ვტოვებთ კლუბებს მარტო - დავუდგებით გვერდში და მზად ვართ, სამმხრივ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი და ამით რისკები შევუმციროთ ბიზნესმენებს. ჯერ შეიძლება ეს ერთი კლუბი იყოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ მეგობრული, ნათესაური ან ვიღაც ფანატიკოსის დახმარება, რომელიც წესად ვერ იქცევა - ჩვენ კი გვინდა, რომ ამგვარი მოდელი წესად იქცეს.

გამოვიყენოთ ყველა რეზერვი და დავეხმაროთ კლუბებს, რომ უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში მყარად დადგნენ ფეხზე და მთელი კონცენტრაცია გააკეთონ განვითარებაზე და შემოქმედებით პროცესზე. ეს ბუნებრივად მიგვიყვანს ჩვენი საბოლოო ამოცანის შესრულებამდე.

"რ": თუმცა, საქმეს არაფერი ეშველება, თუკი ინფრასტრუქტურა არ განვითარდა...

გ.ნ.: რა თქმა უნდა. პირველ რიგში, რაც უნდა განვითარდეს აუცილებლად, ინფრასტრუქტურაა. კატასტროფული მდგომარებაა ამ თვალსაზრისით. ჩვენ დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ გაგვაჩნია სავარჯიშო მინდვრები.

ბევრს არ ვთხოულობთ, გვჭირდება სავარჯიშო მოედანი, რომელიც იმავდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნას სათამაშოდაც, მცირე ინფრასტრუქტურით, პატარა ტრიბუნებით, გასახდელებით, საშხაპეებით. თუ იქნება პატარა ფიტნეს-დარბაზიც, ამას რა აჯობებს. ეს არ ჯდება დიდი ფული.

"რ": რაგბის პოპულარიზაციას მისი მასობრიობაც შეუწყობს ხელს...

გ.ნ.: ძალიან მნიშვნელოვანია მასობრიობა. გვინდა რაგბი ვაქციოთ მასობრივ სპორტად. მოფიქრებული გვაქვს, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ჩვენ გვინდა, რომ რაგბი იყოს ჭეშმარიტი სახალხო სპორტი. ამის შესანიშნავი მაგალითია ქვიშის რაგბი. რამდენიმე მორაგბე შეიკრიბა, გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ქვიშის რაგბის კავშირი. მათ ჩაატარეს ტურნირი ქობულეთში, რამაც ბრწყინვალე შედეგი მოგვცა.

ეს არის მოპატიჟება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც რაგბი უყვარს. ესეთი ტიპის თავყრილობები უმთავრესად დღესასწაულია, მოდიან ადამიანები ოჯახებთან, მეგობრებთან ერთად, თამაშობენ, ეჯიბრებიან ერთმანეთს, დროსაც ატარებენ. ეს სრულიად ახალი ტრადიციაა და ამის კულტურა უნდა შემოვიდეს საქართველოში. შვიდკაცასგან განსხვავებით, აქ ხუთი კაცი თამაშობს.

"რ": ასეთი ტურნირების ორგანიზებაც არ უნდა იყოს რთული...

გ.ნ.: საჭიროა ქვიშა, სადაც მოედნის მოწყობა საკმაოდ იაფია. საგულისხმოა, რომ ამ ტურნირებში თამაშის სურვილი გამოთქვეს ტელევიზიებმა, ბანკებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა.

"რ": ანუ თქვენ ზრდით მაყურებულს.

გ.ნ.: კი ასეა. მაყურებელს ვზრდით და ვზრდით რაგბიში შეყვარებულ სპონსორებს ამასთან ეს ყველაფერი საუკეთესო საყურებელია. მარტში დაგეგმილი გვაქვს რაგბში თოვლში, ტურნირის ბაკურიანში მოეწყობა. მშვენიერი იდეაა. ვფიქრობთ, რომ ლამაზი ტურნირი გამოვა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პროდუქტის შექმნა. სწორად შეფუთვა და სწორად გაყიდვა. სამწუხაროდ, მთლად კომერციული არ არის ამ ეტაპზე რაგბი, მაგრამ ეს ტენდენცია უკვე იგრძნობა და ჩვენც ამას მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. იგივე ხანმოკლე ტურნირები უნდა მოეწყოს შვიდკაცა რაგბიში.

"რ": სკოლა და უმაღლეს სასწავლებელი საკმაოდ დიდი რეზერვია მასობრიობისათვის...

გ.ნ.: მასობრიობაში ვგულისხმობ სასკოლო და სტუდენტურ რაგბის. სტუდენტური რაგბი პრაქტიკულად ჩამკვდარია. არადა მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვინც სტუდენტური რაგბიდან მოვდივართ. ეს უმთავრესად ინტელექტს იძლეოდა რაგბიში, ეს იყო იმ ჯანსაღი წესის საფუძველი, რომელსაც ჩვენი რაგბისტების ყოველდღიურობაა დაფუძვნებული. ეს უნდა აღვადგინოთ.

უმნიშვნელოვანესია ქალთა რაგბი, ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ფაქტია, რომ არიან ქალბატონები, ვისაც უნდათ რაგბის თამაში. რაგბის საერთაშორისო ორგანიზაცია ამგვარ წამოწყებას ახალისებს და ჩვენ მხარი უნდა ავუბათ მას. რაგბი უნდა შევიტანოთ ძალოვანი სტრუქტურების მომზადების სტრუქტურაში. ეს პირდაპირ ჯდება ჩვენს ხასიათში, ჩვენს გენეტიკაში და ვთვლი, რომ ქართველი მეომარი აუცილებლად უნდა ფლობდეს რაგბის ელემენტებსაც, ისევე, როგორც რაგბი შინაარსობრივად მებრძოლთა სპორტია.

ეს არის ის მიზეზი, რის გამოც პოპულარობა დაიმკვიდრა რაგბიმ, ეს მომენტიც გამოსაყენებელია. უნდა შევიტანოთ რაგბი სოციალურად დაუცველ ფენებში. უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ მოვახდინოთ ამ ფენის ინტეგრაცია რაგბის მეშვეობით საზოგადოებასთან იმისთვის, რომ ისინი გარიყულნი არ დარჩნენ. ის, რომ ჩვენ საშინელ ბრძოლას გამოვუცხადებთ ნარკომანიას, ბუნებრივია.

"რ": და ბოლოს მივადექით უმთავრესს - ნაკრების თემას...

გ.ნ.: ჩვენ ავსტრალიელი მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ. მის ბიოგრაფიას რომ გადახედოთ, მიხვდებით, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას ჩვენ ვენდეთ - და ვენდეთ არამარტო ფასის გამო. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომელთანაც ერთად შეუძლია გაიაროს ოთხწლიანი ციკლი, ახალ ზელანდიაში მიაღწიოს თავის პიკს და დააკმაყოფილოს როგორც სპორტული ამბიციები, ისე გაზარდოს თავისი მომავალი კონტრაქტების ღირებულება.

თავის მხრივ ჩვენი პრინციპები გვაქვს - ჩვენ არ ჩამოგვიყვანია მხოლოდ ნაკრების მწვრთნელი. ის უნდა იყოს ყველა მიმართულებით. მან უნდა შექმნას კარგად მომუშავე სისტემები. თიმ ლეინი არის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ამასთანავე ყველა სხვა ნაკრების კოორდინატორი, მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარე.

ის ვალდებულია, ჩვენს კლუბებს და ბავშვთა სარაგბო სკოლებს გაუწიოს კონსულტაცია, მინიმუმ ექვსი-შვიდი თვე იყოს საქართველოში და ოთხი წლის თავზე დაგვიტოვოს აწყობილი სამუშაო სისტემა და მის მიერ გაზრდილი მწვრთნელები. ეს არის კონცეფცია, რომელიც მოერგება მთელ ქართულ რაგბს.

ანალოგიურად გვინდა ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ჩამოყვანა. სპეციალისტი ნაპოვნია, ის წარმოშობით ავსტრალიელი ტონგელია. ამავდროულად არის დაცვის საკმაოდ ცნობილი სპეციალისტი. ვეძებთ დაფინანსების წყაროებს, რომ მას დაველაპარაკოთ.

ჩვენ გვინდა ისეთი სისტემების შექმნა, რომლისთვისაც სულერთი იქნება პიროვნული ფაქტორი. ვინც არ უნდა მოხვდეს ამ სისტემაში, ეს სისტემა იმუშავებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com