"რეზონანსი "
# 47
ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2008 წელი

"იმედი" აუცილებლად ჩაირთვება! "ნიუსკორპი" "იმედის" შეძენის სურვილს კვლავ გამოთქვამს

ინტერვიუ "იმედის" გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილთან

"რ": ანუ "იმედის" საკითხის ირგვლივ განხილვა არ ყოფილა.

ბ.ბ . "იმედი" მონაწილეობს და საუბრები არის ჩვეულებრივ დონეზე, მაგრამ, აქ არ არის "იმედის" მემკვიდრე და, როგორც გითხარით, შესაბამისად გასხვისების თაობაზე მოლაპარაკებები ვერ იქნება.

"რ": "იმედის" იურისტმა გააკეთა განცხადება, რომ "იმედის" მხრიდან მოლაპარაკებებს თქვენ აწარმოებთ...

ბ.ბ. არა, მე ვარ როგორც "იმედის" წარმომადგენელი, ასევე აქ არის ბატონი ლუის რობერტსონი, თუმცა არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ეს არის ყოველწლიური შეხვედრა და, შესაბამისად, აქ ხდება ანგარიშის წარდგენა. ალბათ, მოხდება შეხვედრა ნიუსკორპისა და ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების და იქ გაირკვევა ყველაფერი. გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ ჯერ დასაფლავებული არ არის ბადრი, ჯერ ამ თემაზე საუბარი რთულია და როდის მოხდება შეძენა, არ ვიცით.

"რ": "ნიუსკორპი" კვლავაც გამოთქვამს "იმედის" შეძენის სურვილს.

ბ.ბ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ "ნიუსკორპის" პოზიცია არ შეცვლილა და ისინი კვლავაც დაინტერესებული არიან "იმედის" შეძენით.

"რ": როგორია ოჯახის პოზიცია, კვლავაც აპირებენ ტელეკომპანიის გაყიდვას.

ბ.ბ. არ ვიცი, როგორ გითხრათ, ჩვენ ჯერ ამ საკითხზე ცნობილ გარემოებათა გამო არ გვისაუბრია. მე ვერაფერს ვიტყვი, ამ სიტუაციაში ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია.

"რ": დღეს "იმედი" არ მაუწყებლობს. რას ამბობს ამის თაობაზე "ნიუსკორპ-ევროპის" წარმომადგენლობა.

ბ.ბ. რასაც აქამდე ამბობდნენ, იგივეს იმეორებენ. სანამ გაირკვევა საკითხი, ისინი მართავენ კომპანიის ფინანსურ მენეჯმენტს და მათზეა დამოკიდებული, თუ როდის ჩაირთვება "იმედი". გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ "ნიუსკორპი" შეთანხმების შემდეგ.

"რ": და დაახლოებით რამდენ ხანში გადაწყდება.

ბ.ბ: ვერაფერს ვერ გეტყვით. ყველაფერი მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებები შედგება მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ.

"რ": ანუ სანამ არ გაიყიდება, არხის ჩართვაზე მანამდე საუბარი არ იქნება.

ბ.ბ. ვერ გეტყვით, ეს როგორ გადაწყდება. უბრალოდ, რაღაც მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა შედგეს ორ მხარეს შორის. ეს ჩემს დონეზე არ წყდება.

"რ": ადამიანური რესურსი თუ არსებობს ტელეკომპანიის ჩასართავად.

ბ.ბ: კი, ჩვენ გვყავს ჯერჯერობით ხალხი და რესურსის პრობლემა არანაირად არ იქნება.

"რ": შეხვედრაზე სხვა რა საკითხები იყო განხილული.

ბ.ბ. იყო საუბარი, როგორ შეიძლება ინტეგრაცია, გამოცდილების გაზიარება... ახალი პროექტების წარმოდგენა მოხდა, რომელიც შეიძლება ვინმემ გადაიღოს და ადაპტირებული ვერსია გააკეთოს.

"რ": და თქვენ რა წარადგინეთ.

ბ.ბ: ჩვენ ძირითადად განვიხილეთ ის პროგრამები, რაც შარშან განხორციელდა, ასევე იყო დავით გოგიჩაიშვილის პროექტზე საუბარი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროექტი შეძენილი, რომელთა ეთერში გასვლა ვერ მოესწრო, ამაზე იყო საუბარი. ასევე იქ განიხილებოდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სხვა ქვეყნების არხებთან ერთად.

"რ": ანუ "იმედი" ადრე თუ გვიან ჩაირთვება.

ბ.ბ: კი. ეს დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, ჩაირთვება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com