"რეზონანსი "
# 47
ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2008 წელი

რას აპირებს ოპოზიცია პარასკევს

ნინო კეკელია

ერთიანი ეროვნული საბჭოს ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ, დაპირების მიუხედავად, მათი მიერ შემუშავებული მემორანდუმის არც ერთი საკითხი არ დააკმაყოფილა. მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა, ამიტომ ოპოზიცია კვლავ აქციებისა და შიმშილობის დაწყებას აპირებს. როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, პარასკევს, 22 თებერვალს, პარლამენტის წინ ერთიანი ეროვნული საბჭო მასშტაბურ აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათთან ერთად საქართველოს რიგითი მოქალაქეებიც იშიმშილებენ.

რამდენ ხანს გაგრძელდება საპროტესტო აქციები და იქცევა თუ არა თბილისი კარვების ქალაქად. ამ კითხვებით "რეზონანსმა" ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, თინათინ ხიდაშელს მიმართა.

თინათინ ხიდაშელი: მართალია, საქართველოს მთავრობა ამ ხნის მანძილზე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ დიალოგის გზით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, მაგრამ, სინამდვილეში, მათ არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. როცა დიალოგის დაწყებაზე დაიწყო საუბარი, ჩვენ ვამბობდით, რომ, თუ ხელისუფლება ჩვეული წესით განაგრძობდა ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობას, საპროტესტო აქციები გარდაუვალი გახდებოდა. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, მათ არ ისურვეს ჩვენი არც ერთი წინადადების დაკმაყოფილება.

"რეზონანსი": ეს აქციები პერმანენტული სახის იქნება.

თ. ხ: რადგან შიმშილობა დაიწყება, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე.

"რ": გარდა რეფერენდუმში წამოყენებული მოთხოვნებისა, სხვა მოთხოვნებსაც წამოაყენებს ოპოზიცია.

თ.ხ.: ჩვენ მიერ შემუშავებულ ჩვიდმეტპუნქტიან მემორანდუმში ყველა ჩვენი მოთხოვნა შეტანილია. აქციებზე მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, თავისუფალ მედიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს არის ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული მემორანდუმის სამი ძირითადი პუნქტი.

"რ": თქვენი ინფორმაციით, გარდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იშიმშილებენ.

თ.ხ.: მიმდინარეობს მოხალისეების ჩაწერა და რა შედეგი გვექნება, ამას პარასკევს დილით ვნახავთ. არ გვსურს, მოვლენებს წინ გავუსწროთ, მანამდე მთელი ორი დღეა. ერთი შემიძლია გითხრათ, მოხალისეების მხრივ სიხალვათე ნამდვილად არ არის. საკმაოდ ბევრი ხალხი მოგვმართავს, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ხელოვნურად სიტუაციის გამწვავება და დაძაბვა, ამიტომ ამ საკითხზე საუბრისაგან თავს შევიკავებ, იმ იმედით, რომ პროტესტის ეს უმწვავესი ფორმა აუცილებელი არ გახდება.

"რ": რაიონებიდან თუ გიკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც შიმშილობის დაწყებას აპირებენ და დაახლოებით რა რაოდენობის ხალხს ელით რეგიონებიდან.

თ.ხ. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, თუმცა ვიცით, რომ რეგიონებში ძალიან დიდი აქტივობაა.

"რ": რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, თუკი ხელისუფლება ისევე მოიქცა, როგორც 7 ნოემბერს.

თ.ხ.: პრაქტიკულად გამოვრიცხავ დარბევის შესაძლებლობას. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მსურს, რადგან არ მინდა, ისედაც დაძაბული სიტუაცია ჩემი განცხადებებით უფრო მეტად გავამძაფრო.

"რ": და ბოლოს, თბილისი კარვების ქალაქად იქცევა.

თ.ხ. ამ ხნის მანძილზე სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, თუმცა ვცდილობ, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად ვუყურო ცხოვრებას და არც ერთი წუთით არ მინდა დავუშვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს და დიდი იმედიც მაქვს, რომ ასე არ იქნება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com