|
|
"რეზონანსი "
პარლამენტთან 5 კარავი გაიშლება ნინო მიქიაშვილი
დღეს 14 საათზე საქართველოს მასშტაბით საპროტესტო შიმშილობის აქცია მაინც დაიწყება. გუშინ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლებას" ოფისში შეკრებილ 12 პარტიის წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე საათი და ცხარე კამათი დასჭირდათ. ამ თემაზე ეროვნულ საბჭოში შემავალი ცხრა ორგანიზაცია, "ლეიბორისტები", "ახლები" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" გვიან ღამემდე თათბირობდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებას უკავშირდება, გაჩნდა იმის ალბათობა, რომ ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას შეცვლიდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. დღეს პარლამენტის შენობის წინ 5 კარავი გაიშლება და შიმშილობას 20 ადამიანი დაიწყებს. მათ შორის კობა დავითაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გია თორთლაძე, ბიძინა გუჯაბიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბეჟან გუნავა და კახაბერ შარტავა. მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას 72 მოხალისე ექიმი გააკონტროლებს. მოშიმშილეების უსაფრთხოებაზე მოხალისე მცველები იზრუნებენ. თბილისის პარალელურად, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მერიის შენობების წინ კარვები გაიშლება და შიმშილობა დაიწყება. შიმშილობის აქციაში მონაწილეობას ეროვნულ საბჭოში შემავალი ცხრა პოლიტიკური პარტიიდან რვა აპირებს. "რესპუბლიკელები" შიმშილობაში არმონაწილობის მიზეზს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. მოშიმშილეები საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეალური ფუნქციის მინიჭებას - ხალხის სამსახურში ჩადგომას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადაყენებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახაბერ შარტავამ გვითხრა, შიმშილობის აქციას ორგანიზებას ეროვნული საბჭოს ბაზაზე შექმნილი საორგანიზაციო შტაბი გაუკეთებს. შტაბის ხელმძღვანელი "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური იქნება. მასთან ერთად, საორგანიზაციო საკითხებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი უხელმძღვანელებს. "პარლამენტის წინ დღეს 5 კარავი გაიშლება და შიმშილობას 20 ადამიანი გამოაცხადებს. ეროვნულ საბჭოში შემავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერებიდან, შიმშილობის გამოაცხადებენ: კობა დავითაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გია თორთლაძე, ბიძინა გუჯაბიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბეჟან გუნავა და თქვენი მონა-მორჩილი კახაბერ შარტავა. სხვადასხვა ქალაქებიდან და მათ შორის თბილისიდან საშიმშილოდ 238 ადამიანი ჩაეწერა. "რაც შეეხება ქალბატონებს, სალომე ზურაბიშვილის გარდა, რამდენადაც ვიცი მისი პარტიიდან ერთი ქალბატონიც იშიმშილებს. მოხალისეებს შორის ქალბატონები არიან, მაგრამ მათ უარს ვეუბნებით; პირადად ჩემი პოზიციაც ასეთია - გოგონებს და ქალებს მე არ ვაშიმშილებ", - უთხრა "რეზონანსს" შარტავამ. მოშიმშილეებს ორი ჯგუფი მოემსახურება; ერთი წესრიგის, სისუფთავის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ხოლო მეორე - მოხალისე ექიმთა ჯგუფი მათ ჯანმრთელობაზე იზრუნებს. ამ ორ ჯგუფს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია უხელმძღვანელებს. ეროვნულ საბჭოში შემავალ ხუთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გამოცხადებული იყო მოშიმშილეთა მოხალისე მცველების რეგისტრაცია. როგორც ჯონდი ბაღათურიამ გვითხრა, "ქართული დასის" ოფისში გუშინ შუადღემდე 64 მოხალისე ჩაეწერა; პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილეებს 200 კაცზე მეტი დაიცავს, რომლებიც ერთმანეთს მორიგეობით შეენაცვლებიან. მათი დიდი ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან იქნებიან, ნაწილი - მოხალისეებიდან. "რაც შეეხება მოხალისე ექიმებს, ეს თავად ექიმების ინიციატივა იყო. ჩვენთან ოფისში ექიმთა ჯგუფი მოვიდა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი პარლამენტის წინ დაგეგმილ შიმშილობაზე მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეკონტროლებინათ. ისინი შიმშილობის აქციაზე თეთრი ხალათებით გამოცხადდებიან და ერთმანეთს მორიგეობით შეცვლიან. ხუთშაბათს შუადღემდე 72 მოხალისე ექიმი იყო დარეგისტრირებული", - განაცხადა ბაღათურიამ. კახაბერ შარტავას თქმით, თბილისის პარალელურად შიმშილობა დაიწყება ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში; თითოეულ ქალაქში შიმშილობას ხუთიდან ათ კაცამდე გამოაცხადებს; თბილისის გარდა სხვა ქალაქებში კარვების გაშლა მერიის წინ იგეგმება. მოშიმშილეები თავდაპირველად მხოლოდ გამოხდილ წყალს მიიღებენ, მაგრამ შარტავას განმარტებით, ხელისუფლება თუ "გაჯიქდება" - საზოგადოებრივი მაუწყებლობა რეალურად ხალხის სამსახურში არ ჩადგება; ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი თანამდებობას თუ არ დატოვებს და პოლიტპატიმრებს თუ არ გაათავისუფლებდნენ, მოშიმშილეები გამოხდილი წყლის მიღებაზეც უარს იტყვიან და მშრალ შიმშილობას გამოაცხადებენ. გუშინ შუადღეს კახაბერ შარტავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ საკმარისი კარვები არ ჰქონდათ; თბილისზე მხოლოდ 12 კარავი იყო გათვალისწინებული - ორკაციანი, ოთხიანი და ექვსიანი. რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილ დახმარებას, შარტავას თქმით: "მოსახლეობას რაც შეუძლია გვეხმარება. კარვების გარკვეული რაოდენობა მათ მოგვაწოდეს. ცდილობენ მოგვეხმარონ თბილი ტანსაცმლით, ლეიბებით, სითბოს შემნახველი სხვა საშუალებებით; ყველაფერი ჩვენს შტაბებში მიაქვთ". მოშიმშილე პოლიტიკურ ლიდერებს შორის ლევან გაჩეჩილაძის გვარი არ ფიგურირებდა, რაც კახაბერ შარტავამ ასე ახსნა: "ბატონი ლევანი ცოტა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისთვის დაგვჭირდება და ამიტომ, საშიმშილოდ ამჯერად არ დავსვამთ; თუმცა, რამდენადაც ვიცი, ასე ვთქვათ, ძლივს აბამენ, კარავში საშიმშილოდ მიილტვის". ეროვნულ საბჭოში შემავალ 9 პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის "რესპუბლიკური პარტია" ერთადერთი იყო, რომელმაც შიმშილობის აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. "რამდენადაც ვიცი "რესპუბლიკელები" შიმშილობის აქციაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ამის მიზეზზე ალბათ, უპრიანი იქნება თავად "რესპუბლიკელებს" ჰკითხოთ; მათ თავიანთი პოზიცია აქვთ, რომელსაც პირადად მე ანგარიშს ვუწევ და პატივს ვცემ", - გვითხრა კახაბერ შარტავამ. ორი დღის წინ თბილისის ვიცემერმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ კარვების დადგმის შესახებ ცალკე ნებართვაა საჭირო და ამის შესახებ ჩვენთან არანაირი განაცხადი არ შემოსულაო. ახვლედიანის განცხადების საპასუხოდ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა: "ახვლედიანმა თუ ასეთი რამ თქვა, გთხოვთ, სიტყვა-სიტყვით დაწეროთ: ვაი მაგის პატრონს უბედურს... კანონმდებლობა წაიკითხოს; მშვიდობიანი სახის რა ფორმის აქციას ავირჩევთ - კარავში დავსხდებით თუ თავდაყირა დავდგებით, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. კანონი არ ითვალისწინებს განაცხადში კარვების გაშლის მითითებას. კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს შეკრების უფლება ჭერქვეშაც და ღია სივრცეშიც. ეს ჭერქვეშ აუცილებლად შენობას გულისხმობს თუ კარავს, მითითებული არ არის". მელაშვილის განმარტებით, 20 თებერვალს ეროვნულმა საბჭომ თბილისის მერიაში შეიტანა განაცხადი 25 თებერვლიდან ათი დღის განმავლობაში აქციის გამართვის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ მანამდე მერიაში ოპოზიციას შეტანილი ჰქონდა განაცხადი, რომელიც 15-დან 25 თებერვლამდე ითვალისწინებდა აქციის ჩატარებას. მელაშვილის თქმით, მერიის მხრიდან არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ და ამას კანონი, არც ითვალისწინებს: "ჩვენი კანონმდებლობა პასუხებს და ნებართვებს არ ითვალისწინებს. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ ვაცნობეთ; მათ ეს ამბავი ცნობად უნდა მიიღონ. და თუ რამე უკანონო იქნებოდა, პასუხი მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მოეცათ". დღეს დაგეგმილ აქციაში "ლეიბორისტების" მონაწილეობის თაობაზე "რეზონანსი" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სოსო შატბერაშვილს ესაუბრა. "აქციას სოლიდარობას ვუცხადებთ, რასაც ჩვენი იქ მისვლით გამოვხატავთ, ხოლო თუ შიმშილობა წარიმართება მოთხოვნით - გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად ხელისუფლება, მაშინ შიმშილობაშიც მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა შატბერაშვილმა. "ახალმა მემარჯვენეებმა" მთელი დღის განმავლობაში არ გააკეთეს კომენტარი იმაზე, თუ რა ფორმით მიიღებდნენ მონაწილეობას პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაში.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |