|
|
"რეზონანსი "
პაატა ზაქარეიშვილი: "რუსეთი მსოფლიოს მოუწოდებს კოსოვო არ აღიაროს და პრეცედენტი არ შექმნან": პოლიტოლოგის აზრით, საქართველომ კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი არ უნდა დაუჭიროს სალომე გოგოხია
"გაუცხოება, რაც დღეს ქართულ და აფხაზურ, თუ ქართულ და ოსურ მხარეებს შორის არსებობს, ხელს უწყობს იმას, რომ კოსოვოს პრეცედენტზე ვიღაცებმა საქართველოშიც იფიქრონ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი, "რესპუბლიკური" პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი არ უნდა დაუჭიროს. ვის არ აძლევს ხელს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, რა შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას კოსოვოს პრეცედენტი, რას ფიქრობს პოლიტოლოგი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ "რეზონანსს" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება. პაატა ზაქარეიშვილი: შეშფოთებული ვარ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება შიდა პოლიტიკური კონტექსტის გამო ბოროტად იყენებს კოსოვოს კონტექსტს და ოპოზიციას ამუნათებს, თითქოს ოპოზიცია ამას არ ითვალისწინებს. საქართველოს ხელისუფლებას დრო გაჰყავს და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით არაფერს აკეთებს, კოსოვოს თემით სპეკულირებს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ოთხი წელი გავიდა, რაც საქართველოს ხელისუფლებაა და არათუ არაფერი არ გაუკეთებია კონფლიქტის მოგვარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის გაღრმავებისა და კოსოვოს პრეცედენტის საქართველოს ტერიტორიაზე შექმნისათვის. გაუცხოება, რაც დღეს ქართულ და აფხაზურ, თუ ქართულ და ოსურ მხარეებს შორის არსებობს, ხელს უწყობს იმას, რომ კოსოვოს პრეცედენტზე ვიღაცებმა საქართველოშიც იფიქრონ. რაც შეეხება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ანუ ცალმხრივად აღიარებას, ეს შესაძლებელია, ამ დღეებში განხორციელდეს. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით ქვეყანა არ ინგრევა. აფხაზეთს დამოუკიდებლობა გამოაცხადებული აქვს, ცხინვალმა ოთხჯერ თუ ხუთჯერ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რეკორდი დაამყარა. დამოუკიდებლობის აღიარება ტრაგედია არ არის. პრობლემა შემდეგ იქნება, თუ ვინ აღიარებს თვითაღიარებულ კოსოვოს სახელმწიფოს. "რეზონანსი": ვინ აღიარებს. პ.ზ: ერთბაშად აღიარება შეიძლება ვერ მოხდეს. გამორიცხული არ არის, რომელიმე პატარა სახელმწიფომ აღიაროს. მაგალითად, როცა ჩერნოგორიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, პირველად მისი დამოუკიდებლობა ისლანდიამ აღიარა. ისლანდიას სულაც ფეხებზე ჰკიდია ჩერნოგორია, მაგრამ აშკარად რაღაც საერთაშორისო გარიგებას ჰქონდა ადგილი, რომ ვიღაცას ეღიარებინა. ეჭვი მეპარება, კოსოვო პირდაპირ აღიაროს აშშ-მ. თუმცა, აშშ ამის უკან დგას და აშკარად ლობირებს ამ ყველაფერს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის შანტაჟის გამო კოსოვოს საყოველთაო აღიარება არ მოხდეს. კოსოვო ვინც არ უნდა აღიაროს, საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი გაეროში მიდის. გაერო ერთადერთი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს წყვეტს. ამიტომ ვინც არ უნდა აღიაროს კოსოვოს საკითხი, მაინც გაეროში წავა, სადაც მას რუსეთი დახვდება. რუსეთის გარდა ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფოებს კოსოვოს აღიარება ხელს არ აძლევს. სააკაშვილმა მიუხენში გამოსვლისას ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კოსოვოს აღიარების წინააღმდეგი არ არის. რუსეთი მსოფლიოს მოუწოდებს, კოსოვო არ აღიარონ და პრეცედენტი არ შექმნან. ზოგადად, რუსეთის ეს მიმართულება სწორია იმიტომ, რადგან მიაჩნია, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს და არ შეიძლება ცალმხრივად აღიარება. ამაში რუსეთს ვეთანხმები. სასაცილოა, სააკაშვილი მაშინ, როცა არავინ არ ეკითხება ჭკუას და შეიძლება ხმა არ ამოიღოს, რატომღაც მხარს უჭერს მოდელს, რომელიც შემდეგ შეიძლება საქართველოს მიმართულებით განვითარდეს. ეტყობა, ამერიკელების დავალებაა და იმდენი გათვლები არ აქვს, რომ ამაში მაინც შეეწინააღმდეგოს და უთხრას, ამას მაინც ნუ დამავალებთ, ჩემი საქმე არ არის, არც ცუდს ვიტყვი და არც კარგსო. სააკაშვილი მაინცდამაინც კარგს ამბობს კოსოვოს სასარგებლოდ. "რ": ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯი, ვგულისხმობ კოსოვოს აღიარებას, საქართველოს როგორ შემოუბრუნდება. პ.ზ: კოსოვოს აღიარება საქართველოსთვის ზოგადად კარგი არ იქნება. ეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებას დაამძიმებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქედან არ გამოდის ფატალური დასკვნები, რომ აუცილებლად საქართველო ტერიტორიებს დაკარგავს, ეს გამორიცხულია. კოსოვოს პრეცედენტის შექმნის შემთხვევაში რუსეთი სპეკულირებას დაიწყებს. რუსეთს არ აწყობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება, რადგან ეს რეგიონები რუსეთის საზღვარზეა მიბმული. რუსეთს ორი სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს - აშშ და ჩინეთი. ერთადერთი აქილევსის ქუსლი მისთვის ჩრდილოეთკავკასიაა. ჩრდილოეთ კავკასიას შეუძლია, რუსეთი დააქციოს. ჩრდილოეთ კავკასიის საზღვარზე არის საქართველო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტია. ამ დროს წარმოიდგინეთ, რუსეთი თავის საზღვარზე საქართველოს აზარალებს, ართმევს ტერიტორიებს აფხაზეთისა და ცხინვალის სახით. გამორიცხულია, ეს რუსეთმა დაუშვას. ეს ჩემი მოსაზრებებია, ჩემი გათვლები. "რ": კოსოვოს დღემდე გაეროს ადმინისტრაცია მართავს... პ.ზ: სერბები კოსოვოს ზედაც არ უყურებდნენ და არ აღიარებდნენ. ამიტომ გაერო იძულებული იყო, კოსოვოში გაეროს ადმინისტრაცია შეექმნა. ამას მხარი დაუჭირა ეს უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის რუსეთმა. თუმცა, რუსეთი ამბობს, მე მხარი კოსოვოს აღიარებას კი არ დავუჭირე, არამედ კონფლიქტის მოგვარებამდე გაეროს ადმინისტრაციასო. გაეროს ადმინისტრაციის დანიშვნა მასში შემავალი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა. მათ ინტერესში იყო, კრიზისიდან გამოსასვლელად კოსოვოში ადმინისტრაცია შექმნილიყო. მაგრამ გაეროს შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფოების ინტერესებში არის, რომ ადმინისტრაცია კოსოვოს დამოუკიდებლობით შეიცვალოს. ეს ყველას ინტერესებში არ არის. "მ. კ": რატომ არ არის. პ.ზ.: ბევრი ქვეყანაა გაეროში, რომელთა ინტერესია, კოსოვო არ აღიარონ. მაგალითად, კვიპროსი, ესპანეთი, რომელსაც რეგიონებში პრობლემები აქვს. რუსეთს მარტო იმიტომ კი არ უნდა, რომ გვემუქრება, მას თავის ტერიტორიებზე აძლევს ხელს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველომ ჩრდილოეთკავკასიაში შემავალი ყველა რესპუბლიკა დამოუკიდებლად აღიაროს, პროცესები დაიწყოს და საქართველოს წაართვან აფხაზეთი, ან ეს პრობლემა გარდაუვალ მდგომარეობაში გადაიზარდოს. ეს მაგალითი გახდება ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის. შესაძლოა, მოხდეს გადატრიალების მსგავსი ჩეჩნეთში ან სადმე და მოითხოვონ დამოუკიდებლობა და საქართველომ ეს დამოუკიდებლობა აღიაროს. სად მიდის რუსეთი. აქ შეიძლება ამერიკელების თამაში წამოვიდეს და საქართველო გაწირონ. ჩვენნაირი რეგვენი ხელისუფლება თუ გვეყოლება, შეიძლება ამერიკელებს ამ თამაშში აჰყვეს. ჩვენ ქართველები ყველანაირად ვაგებთ, მაგრამ რუსეთი ვერ იგებს. როგორც ვატყობ, სააკაშვილი ყველანაირად მზად არის, რომ ამერიკელებს მხარი დაუჭიროს. ამერიკელებს საქართველო ფეხებზე ჰკიდიათ, ოღონდ თავისი ინტერესები გაიტანონ კავკასიაში. ანუ გამორიცხული არ არის, რომ საქართველო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში გაიჭყლიტოს. "რ": ანუ საქართველომ მხარი არ უნდა დაუჭიროს კოსოვოს აღიარებას. პ.ზ: არანაირად არ უნდა დაუჭიროს მხარი. ეს არასწორი იქნება. ჩვენთვის უპირატესი ღირებულება არის ტერიტორიული მთლიანობა. როცა სხვა სახელმწიფო ასეთი არჩევანის წინაშე დგას, ყოველთვის უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ კონფლიქტის მოგვარება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე უნდა მოახერხონ. "რ": და ბოლოს, ბატონო პაატა, რას ფიქრობთ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პ.ზ: ეს მოულოდნელი იყო. სხვებისგან განსხვავებით, მე აბსოლუტურად ვენდობი ბრიტანეთის ექსპერტებს. მსოფლიოში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სანდო ექსპერტიზა. შინაგანად ვგრძნობ, რომ ბადრი პატარკაციშვილი გადაჰყვა საშინელ, ამაზრზენ და აღვირახსნილ ცილისწამებას, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამას გულმა ვერ გაუძლო. ეს პასუხისმგებლობას არ უხნის ხელისუფლებას იმ უზნეო პოლიტიკის გამო, რაც მან აწარმოა, როგორც პატარკაციშვილის, ისე მისი სხვა ოპონენტების წინააღმდეგ. ამის გამო პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება, ვიდრე იმის გამო, ის რომ პირდაპირ მოეკლათ. თუმცა, გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ მე მაინც იქითკენ ვიხრები, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით დაიღუპა. თუმცა, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |