"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

სომხეთის არმიის გენერლები ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ? ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერთა აქცია ერევანში შესაძლოა ძალის გამოყენებით დაშალონ

ია აბულაშვილი

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოითხოვენ. ერევნის ცენტრში გუშინ 100 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი ცსკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ლევონ ტერ-პეტროსიანი აცხადებს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნება.

უფრო მეტიც, მან მომიტინგეებს აცნობა, რომ სომხეთის თავდაცვის მინიტრის ორი მოადგილე - გენერალ-ლეიტენანტი მანველ გრიგორიანი და გაგიკ მელქონიანი ოპოზიციას შეუერთდნენ.

"ამ მომენტისათვის ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ გენერალური შტაბის უფროსთან სეირან ოგანიანთან. დარწმუნებული ვარ არმიის ხელმძღვანელობა მხარს დაუჭერს ამ პიროვნებებს და ჩვენ შემოგვიერთდებიან", - განაცხადა გუშინ ტერ-პეტროსიანმა.

სომხეთის თადაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის პოლკოვნიკ სეირან შახსუვარიანის განცხადებით, თუ დასახელებული პირები მხარდაჭერას უცხადებენ ტერ-პეტროსიანს, მაშინ მათ გადადგომის შესახებ განცხადება უნდა გააკეთონ, ამის შესახებ კი იგი ინფორმაციას არ ფლობს.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სერჟ სარქისიანმა 52,8%-ით პირველივე ტურში მოიპოვა. სომხეთის ექს-პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა ამომრჩეველთა 21,5% მიიღო. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების უმნიშვნელო რაოდენობა დააგროვეს.

იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში და რამდენად იმოქმედებს ერევანში დაწყებული მღელვარება რეგიონის სტაბილურობაზე და როგორი დამოკიდებულება ექნება სომხეთსა და საქართველოს 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - ამაზე "რეზონანსი" ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, არჩევნებისას 50 პროცენტის გარშემო ტრიალი ტიპურია ნორმალური ქვეყნებისათვის, როცა ძალები დაბალანსებულია.

"ღიმილს ციფრი 21 იწვევს. ჩვენ ერთნაირები ვართ, რადგან საბჭოთა კავშირიდან ვართ წამოსული და ეს უნდობლობა ხელისუფლების, კერძოდ საარჩევნო კომისიების მიმართ აქიდან მოდის. ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა და ამ სინდრომს დიდხანს ვერ მოვიშორებთ.

"რაც შეეხება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, საეჭვოა, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მოხდეს ძალის გამოყენება. რეგიონული მასშტაბით რაიმე სერიოზული საფრთხეები არ იკვეთება.

"რაც შეეხება ორი მეზობელი ქვეყნის მომავალს, ვფიქრობ იგი პოზიტიური მიმართულებით განვითარდება. მითუმეტეს, რუსეთთან ჩვენს ურთიერთობას გაუმჯობესების პირი უჩანს, ეს კი მეტ სტიმულს შეძენს საქართველო-სომხეთის ურთიერთობას", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: "ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, მეზობელი სახელმწიფოს შინაური საქმეა. საქართველოსთვის მისაღებია დემოკრატიული პროცედურით არჩეული ნებისმიერი პრეზიდენტი. ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა აუცილებელი პირობაა რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის განვითარებისათვის. ჩვენ მხოლოდ სინანული შეგვიძლია გამოვთქვათ, რომ უახლესი მეზობელი სახელმწიფო ჯერ კიდევ იმყოფება კონფრონტაციის რეჟიმში.

"რაც შეეხება ოპოზიციის ვერსიით დაფისირებულ დარღვევებს, თუ მართლაც არსებობდა ასეთი დარღვევები, იმედია ამაზე სათანადო რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

"პირადად ჩემთვის, ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყო "დაშნაკ ცუტიუნის" წარმომადგენელი. ვინაიდან ეს პარტია წლების მანძილზეა შემჩნეული საქართველოსთან არაკეთილმეზობლურ განწყობილებებში, იგივე ჯავახეთთან დაკაშირებით. თვითონ ის ფაქტი, რომ პარტიის "გეოგრაფიულ ლექსიკონში" არ არსებობს ცნება "ჯავახეთი" და დასანანი და არაკონსტრუქციული სიჯიუტით იმეორებენ არალეგიტიმურ ტერმინს "ჯავახკ", ეს ჩემთვის, როგორც ნებიმიერ მეზობელთან მშვიდობიანი ურთიერთობის მოსურნე სპეციალისტისათვის, მიუღებელია.

"ვის აირჩევენ პრეზიდენტად - ეს საკითხი მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია. წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც სომხეთის ოპოზიციამ ენერგიულად გააპროტესტა არჩევნების შედეგები და ქოჩარიანს მასობრივ გაყალბებაში დასდო ბრალი. სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებშიც იგივე მეორდება.

"რეზონანსი": მაინც რას იტყოდით ჩვენს მომავალ ურთიერთობებზე.

ს.ც: "რაც შეეხება ჩვენს მომავალ ურთიერთობებს, დღევანდელ სამყაროში, საყოველთაო გლობალიზაციის სინამდვილეში პიროვნული ფაქტორი თანდათან უკანა პლანზე გადადის და დომინანტად გვევლინება სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესები. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარებით. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ სომხეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს. ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი ამ პრინციპების გათვალისწინებით ააგებს ურთიერთობებს საქართველოსთან"



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com