|
|
"რეზონანსი "
ლევან თარხნიშვილი: "რაც მოხდება, მოხდება" : ცესკოს თავმჯდომარემ ზუსტად იცის, რომ ორშაბათამდე არ შეცვლიან სოფო ქვლივიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის ულტიმატუმის დაკმაყოფილებას აპირებს. მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლასთან დაკავშირებითაც. სპიკერის თქმით, ოპოზიციასთან ცესკოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ამ განცხადების მიუხედავად, ცესკოს დღევანდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი და ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. "რაც მოხდება, მოხდება," - განუცხადა "რეზონანსს" თარხნიშვილმა. ამ საკითხზე "რეზონანსი" ლევან თარხნიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ. "რეზონანსი": ადასტურებთ ინფორმაციას თქვენი შესაძლოა გადყენების შესახებ. ლევან თარხნიშვილი: საინტერესო რამეს მეკითხებით. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ისევე ვაგრძელებ მუშაობას, როგორც 2-3 დღის წინ ვმუშაობდი. ზუსტად ვიცი ჩემი გეგმების შესახებ: ორშაბათს, დილის 5 საათზე ცესკოს დელეგაცია მიემგზავრება რიგაში, ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით. ზუსტად ვიცი, რომ მათ შორის მეც მივდივარ. "რ": გამართლებულად მიგაჩნიათ ოპოზიციის ულტიმატუმი. ისინი დაჟინებით მოითხოვენ თქვენს გადაყენებას... ლ.თ: ბევრად უფრო უპრიანი იქნება, რომ ეს მათ ჰკითხოთ, ვინც ამ მოთხოვნას აყენებს. იმ შეფასებიდან გამომდინარე, რაც გაკეთებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ცოტა უცნაურად მეჩვენება მათი მოთხოვნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური ორგანო არ არის. ჩვენ არა ვართ ჩაბმული პოლიტიკურ საქმიანობაში, არამედ ვემზადებით არჩევნებისთვის. ვსწავლობთ ყველა იმ შეცდომასა და პრობლემას, რომლებიც წინა არჩევნებზე იყო დაშვებული. ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ მოუხდენიათ არჩევნების შედეგებზე არავითარი გავლენა, ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემები და ჩვენი ამოცანაა, რომ შემდეგი არჩევნები უფრო უკეთესად ჩატარდეს, ვიდრე გასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ იმ იურიდიულ და საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც არსებობს დღევანდელ დღეს. რამდენადაც ვიცი, არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვარ. "რ": თუმცა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული იყო ძალიან ბევრი ბრალდება თქვენი მისამართით. თუნდაც, ნაგავში ნაპოვნი ბიულეტენების შესახებ... ლ.თ: რამდენადაც მახსოვს, ამ ბრალდების უკან არაფერი იდგა. "რ": იგივე შეიძლება ითქვას გასაბათილებელი ოქმების შესახებაც. ოპოზიციის თქმით, დარღვევით შედგენილი ოქმები ცესკომ არ გააბათილა. ლ.თ: ძალიან ბევრი ოქმი გაბათილდა. საჩივრების მიხედვით ასეთი სულ 27 ოქმი უნდა ყოფილიყო. ანუ, 3500 ოქმიდან მხოლოდ 27. მე მგონი, არითმეტიკის კანონები ჯერჯერობით არ შეუცვლიათ, ძალიან მარტივი გამოსაკვლევია რამდენი პროცენტია ოცდაშვიდი 3500-დან. შემიძლია ვთქვა, რომ უმეტესი ნაწილი საჩივრებისა არ შეესაბამებოდა რეალობას. რომლებიც შეესაბამებოდა რეალობას, ჩვენ ის ოქმები გამოვცვალეთ და მათი რაოდენობა 7-ს შეადგენს. "რ": ხშირად გდებდნენ ბრალს, რომ ცესკომ საჩივრების დიდი ნაწილი არ განიხილა... ლ.თ: არჩევნების შემდეგ ცესკოში 24 საჩივარი იყო შემოსული. რომლებიც შედგენილი იყო პროცედურული ნორმების დაცვით, განვიხილეთ და 7 მათგანი დავაკმაყოფილეთ. თუ პოლიტიკურ ან არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივარი შემოაქვს პროცედურული ნორმების დარღვევაზე, თვითონ ეს საჩივარი უნდა იყოს შევსებული პროცედურული ნორმების დაცვით. დაკმაყოფილებულ საჩივრებს შორის იყო მოთხოვნა უბნების გაუქმებისა და რამდენიმე უბნის დამატებითი სიის გაუქმების შესახებ. თუმცა, ამან საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ იქონია. "რ": თუმცა, იყო ბრალდებებიც, რომ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი უსაფუძვლოოდ ბლოკავდა საჩივრებს.. ლ.თ: უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყანაში სასამართლო არსებობს. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ეჩივლა. ბევრი საჩივარი არ გადავიდა სასამართლოში. რომლებიც გადავიდა, სასამართლომ დაიჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარე. რა თქმა უნდა, თქვენი შემდეგი კითხვა იქნება, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო, მაგრამ, ამაზე შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ კამათი. რაც შეხეება თქვენს პირველ შეკითხვას, გიპასუხეთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. რაც მოხდება, მოხდება. რუსები მადლობას გვიხდიან (მედიანიუსი) ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დეზერტირ ახმედ გეხაევის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. ქართველმა პოლიციელებმა ახმედ გეხაევი ბათუმის პორტში დააკავეს. ის მცურავ საშუალებებს ფოტოსურათებს უღებდა. დაკავების შემდეგ გეხაევს მხოლოდ რუსეთის შიდა პასპორტი აღმოაჩნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეროვნებით ჩეჩენი გეხაევი რუსეთის სამშვიდობო ძალებში მსახურობდა. სამშვიდობოების შტაბის განმარტებით, გეხაევმა დისლოკაციის ადგილი თვითნებურად დატოვა და მას, როგორც დეზერტირს, შესაბამისი სასჯელი შეეფარდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |