"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

პრემიები გამგებელს, პედაგოგები - უხელფასოდ: გურჯაანის გამგებელი "მეამბოხე მასწავლებლებს" სამსახურიდან გაყრით ემუქრება

გელა მთივლიშვილი

სპეციალურად "რეზონანსისათვის" კახეთიდან

გურჯაანის რაიონში მოქმედი სახელოვნებო სკოლების პედაგოგები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. კაჭრეთის, ვაჩნაძეანის, ველისციხის, კარდენახისა და გურჯაანის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების 90-მდე პედაგოგს, 2007 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2008 წლის იანვრის თვეების ხელფასი არ მიუღიათ. დახმარების თხოვნით მათ არაერთხელ მიმართეს რაიონის გამგებელს და მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, მაგრამ უშედეგოდ. გამგებელი პედაგოგებს ხმაურის შემთხვევაში სამსახურიდან გაყრით დაემუქრა.

გურჯაანის რაიონი მთელს საქართველოში ერთადერთია, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების თანამშრომლებს გასული წლის ხელფასები დღემდე არ მიუღიათ. პასუხი, რომელსაც სახელოვნებო სკოლების გაერთიანებისა და სამხატვრო სკოლის პედაგოგები, ყოველდღე, გურჯაანის გამგეობიდან იღებენ, ერთადერთია: ადგილობრივ ბიუჯეტში მათთვის კუთვნილი თანხები აღარ დარჩა, რადგან ცენტრალურმა ხელისუფლებამ დეკემბრის ბოლოს გურჯაანის რაიონს არასაკმარისი კრედიტი მისცა.

გურჯაანის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ანა კუტიბაშვილი სახელფასო დავალიანების დარჩენას ჩვენთან საუბარში იმით ხსნის, რომ კულტურის მინისტრის გასული წლის 9 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე, სახელოვნებო სკოლები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გაუქმდნენ. კულტურის მინისტრის ბრძანებითვე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამა თუ იმ სკოლის ფუნქციონირებას საჭიროდ ჩათვლიდა, დაწესებულება, საკრებულოს გადაწყვეტილებით ხელახლა უნდა დაფუძნებულიყო, არასამეწარმეო სამეურნეო პირის სახით.

ანა კუტიბაშვილი ამბობს, რომ სახელფასო დავალიანების დარჩენა სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია. საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, სკოლები გვიან დარეგისტრირდნენ.

"დარეგისტრირების შემდეგ სამუსიკო სკოლები სუბსიდიაზე დავსვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლების პედაგოგების სახელფასო ბიუჯეტი მოსწავლეების გადასახადებიდან შემოსული თანხების გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითაც უნდა შეივსოს. მე ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოეს ორ კვირაში მოგვარდება", - განაცხადა ანა კუტიბაშვილმა, ჩვენთან საუბარში სამი კვირის წინ.

მიუხედავად ამისა, პედაგოგები დღემდე უხელფასოდ არიან დარჩენილები. "გამგეობას ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები ამ დრომდე არ მოუცია. უხელფასოდ დარჩენილი მასწავლებლები კი როდემდე იმუშავებენ ენთუზიაზმით, ვერ გეტყვით", - აცხადებს სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორი ლალი მიმინოშვილი.

"ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ჩვენგანი, არასამთავრობოების მიერ, გამგეობის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციას შევუერთდით და კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, კუთვნილი ხელფასები მოეცათ. ამის შემდეგ გამგეობაში გვიბარებს გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი და მაგიდაზე მუშტების ბრახუნით, გვიკრძალავს ამ საკითხზე საუბარს. თუ კიდევ იხმაურებთ, მეამბოხე მასწავლებლებს სამსახურიდან გაგყრითო. რომ ამბობენ, ბიუჯეტში თანხები არ გვაქვს და ხელფასს ამიტომ ვერ გაძლევთო, მაშ გამგებელი ყოველთვიურად პრემიებს როგორ ან რატომ იღებს. რას აკეთებს იმისთანას, რომ 2100 ლარი ხელფასი არ ჰყოფნის და კიდევ 3000 ლარამდე პრემიას იმატებს. რაიონი მიწასთან არის გასწორებული. რა ვალი აქვს ამ ხელისუფლებას ქერეჭაშვილის, რომ არანაირ ზომებს არ იღებს", - აღნიშნავენ პედაგოგები.

მათივე თქმით, სახელოვნებო სკოლების გაერთიანების გვიან დარეგისტრირება სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობამ და უუნარობამ გამოიწვია. "სამუშაო და არასამუშაო დროსაც ქეიფში ატარებენ. ყოველდღე რესტორნებში დადიან ბიუჯეტის თანხებით და ერთობიან. ორი თვის განმავლობაში საკრებულოს სესიაზე ჩვენი საკითხის განხილვას ველოდებოდით, რის შემდეგაც ოფიციალურად, რეგიტრაციასაც გავივლიდით, თუმცა საკრებულოს წევრების თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა მხოლოდ იმ მიზეზით არ ხდებოდა, რომ გამგეობას სახელოვნებო სკოლების დაფუძნების შესახებ პროექტი მომზადებული არ ჰქონდა", - ამბობენ პედაგოგები.

მასწავლებლების ბრალდებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ნაწილობრივ უარყოფენ. "მართალია, ხელფასები არ მიუღიათ, მაგრამ რა მუქარა. ეგენი ხომ არ გაგიჟდნენ. კიდევ ხმაურობენ." - განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში გამგებელმა რამაზ ქერეჭაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გამგეობა პედაგოგების სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს, მასწავლებლები, ადგილობრივ არასამთავრობოებთან ერთად, გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. მათ აქციის სახელიც უკვე მოფიქრებული აქვთ: "უვიცები ზეიმობენ".



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com