|
|
"რეზონანსი "
განცხადება
ვიცით რა, რომ ტელევიზია დღეისდღეობით ადამიანთა ცნობიერებისა და სულისკვეთების რეგულირებისა და მანიპულირების უძლიერესი საშუალებაა, არ შეგვიძლია არ გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება ა.წ. 18 თებერვლის "რუსთავი 2"-ის გადაცემის "პრაიმ-ტაიმი" გამო -წამყვანი ი. გრიგოლია-. "დისკუსიაში" კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის ფაქტისა და საქართველოსთვის მისი შესაძლებელი შედეგების შესახებ მოწვეულნი იყვნენ მხოლოდ ისეთი პირები (კ. გაბაშვილი, გ. თარგამაძე, კ. სუბელიანი, ი. ხაინდრავა, ა. ასათიანი, გ. სანიკიძე), რომელნიც ან ვალდებულებით (როგორც მმართველი ჯგუფის წევრები), ან საკუთარი სულისკვეთებით (სხვა შესაძლო ფაქტორებზე აქ არ ვლაპარაკობთ) მომხრენი არიან ან, ყოველ შემთხვევაში, მკვეთრად წინააღმდეგნი არ არიან იმ ანტიქართული, კაპიტულანტური, უპრინციპო და, ჩვენის აზრით, გარედან მართული კურსისა, რომელსაც ამ 15 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება ატარებს საქართველოს დღეისდღეობით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში (ერთადერთი, ვისაც თავისი პოზიცია ამ თემაზე მკაფიოდ არ გამოახატვინა ქ-ბ ინგა გრიგოლიამ იყო კ. სუბელიანი). ამიტომაც ამ თითქმის ორსაათიან დისკუსიაში არც ერთხელ არ გაჟღერდა ის, რაც საქმისთვის არსებითია, სახელდობრ: პირველი: რომ ომი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არის არა "ეთნიკური კონფლიქტი", არამედ რუსეთის აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც დღეს გრძელდება, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია (და "ინტერნაციონალიზაციასაც", ანუ გარე ინსტანციებთან შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მხოლოდ როგორც ასეთი). მეორე: რომ საბრძოლო მოქმედება (ფიგურალურად: თოფის გავარდნა) ამ ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ გაუქმდება რუსების სამშვიდობო მანდატი (რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძალიან მოკლე პროცედურა), რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსს აქვს უფლება ცეცხლი გაუხსნას ქართველს, ხოლო ქართველს არა აქვს უფლება, ცეცხლი გაუხსნას რუს ოკუპანტს. დისკუსიაში მონაწილეობისთვის რომ მოწვეული ყოფილიყო თუნდაც ერთი წარმომადგენელი საპირისპირო პოზიციისა, იგი გააჟღერებდა წეღან თქმულსაც და იმასაც, რომ როგორც მთავრობის პოზიცია, ისე ზოგი "ოპოზიციონერის" პოზიცია, სახელდობრ, "რესპუბლიკური პარტიისა", რომელსაც წარმოადგენდა ი. ხაინდრავა, არის ერთის მხრივ სრული არაკომპეტენტურობა (არ გვინდა პირდაპირ ვთქვათ: აზრის უუნარობა), არამედ პირდაპირი ეროვნული ღალატიც. მოპაექრე ამას ადვილად დაამტკიცებდა ტელემაყურებლების წინაშე, რადგან ხსენებული ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის წარმომადგენლებს (სახელდობრ, ხელისუფლებასა და "რესპუბლიკელებს") ამ თემაზე კამათის უნარი არ შესწევთ, მათ "ანალიზისა" და "პოლიტიკური ხედვის" სიმულაცია მხოლოდ მაშინ ძალუძთ, როცა ეკრანზე ან უინტელექტო პარლამენტის ტრიბუნაზე მარტონი არიან. აუდიტორის წინაშე გამოტანილი კითხვით აქვთ თუ არა იმედი, რომ აფხაზეთს უომრად გავათავისუფლებთ რუსეთის მიერ ოკუპაციისაგან, და "განხილვის" ქვეტექსტებით ჩვენ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს უზურპატორი ხელისუფლება ემზადება (რა თქმა უნდა რუსული სცენარით) შეიარაღებულ მოქმედებათა დაწყებისათვის და წაგებისათვის. ხსენებული გადაცემის და 70%-ის პასუხით "უომრად ვერ დავიბრუნებთო", ხელისუფლებას და მის ყურმოჭრილად მომსახურე "რუსთავი-2"-ს უნდათ, მოღალატე ხელისუფლებას "ნამუსი მოსწმინდონ" და საქმე ისე წარმოადგინონ, თითქოს ხელისუფლებამ ქვეყანა წასაგები ბრძოლის ველზე გაიტყუა "საზოგადოებრივი აზრის" ზეწოლით, რაც აშკარა ტყუილია. მონაწილეთა უმეცრების საილუსტრაციოდ დავიმოწმებთ იმას, რომ არც ერთ მათგანს არ გაახსენდა შემდეგი: რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, (რომელთაც სამწუხაროდ სამშვიდობა მანდატი მიეცათ) პრინციპულად იარაღის ყველა სახეობის ნაწილების ჰყავს, მაგ. სატანკო ნაწილები (და არა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეითი ნაწილისთვის მიცემული ტანკები), შვეულმფრენთა ნაწილები, სარაკეტო ჯარები, სადესანტო ხომალდები და სხვა და სხვა. საქართველოს კი ესენი არ ჰყავს და აუარებელი სხვა რამაც. მაშასადამე, ომი რუსეთის ოფიციალურად მოქმედ შეიარაღებულ ძალებთან, რომელთაც ყველა სახის ნაწილების ამოქმედების უფლება აქვს (ასე ვთქვათ, ომი გაშლილი დროშით მომავალ რუსეთთან) საქართველოს დღეს მარტო ხელს არ აძლევს. ხოლო ომი რუსეთის არაოფიციალურ მოქმედებასთან ("ბოევიკების" შეიარაღებასთან, კაზაკების და სხვა ნაძირლების შემოგზავნას თან და ა.შ.) საქართველოს შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ვალდებულია, რომ შეეძლოს. ხიფათი დიდია. მოვუწოდებთ ერსა და საზოგადოებას სიფხიზლისკენ! ამის ვერმიხვედრა საჯარო დისკუსიის მონაწილისათვის და ართქმა, ქვეყნის ღალატის ზღვარზე დგას.
ზ. ბარბაქაძე
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |