|
|
"რეზონანსი "
პრემიერი პირადი ინტერესების ლობირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს
(ინტერპრესნიუსი) ფრაქცია "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე "რევოლუციურ პაკეტში" პრემიერ-მინისტრის ინტერესებზე არაპირდაპირ, მაგრამ მაინც საუბრობს. ტყემალაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს იმ კომპანიების ჩამოთვლა სთხოვა, რომელთა ფასიანი ქაღალდის ბრუნვის კოეფიციენტი 25%-ს აღემატება. "რევოლუციურ პაკეტში" შემავალი ერთ-ერთი კანონპროექტის თანახმად, გადასახადისგან თავისუფლდება საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი თუ საფონდო ბირჟის ინფორმაციით, ასეთი ფასიანი ქაღალდების ბრუნვის კოეფიციენტი 25%-ს აღემატება. როგორც ტყემალაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, ასეთი კომპანია საქართველოში არის მხოლოდ ერთი, თუმცა ამ კომპანიის სახელწოდება ტყემალაძეს არ დაუკონკრეტებია. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ვაჟა კილაძემ განაცხადა, რომ ასეთი კომპანია საქართველოში არის მხოლოდ ერთი - "საქართველოს ბანკი" და ამ კანონპროექტში პრემიერ-მინისტრის პირადი ინტერესები დევს. ტყემალაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით გია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი კომპანიები არის არა ერთი, არამედ ათეული და მათ შორის დაასახელა "ყაზბეგი" და "საქქალაქპროექტი", ტყემალაძემ კი ამას არასწორი ინფორმაცია უწოდა და გია ხუროშვილს კონკრეტული კომპანიების სიის ოფიციალურად გადმოცემა მოსთხოვა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |