"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

ჭოლაძე აცხადებს, რომ მთავრობამ მოატყუა

(ინტერპრესნიუსი) კონტროლის პალატის შენიშვნები, მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, ე.წ. რევოლუციურ პაკეტში მაინც არ აისახა. ამის გამო პალატის ხელმძღვანელმა ლევან ჭოლაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და საკითხი კატეგორიულად დააყენა.

"საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრამდე ჭოლაძემ მიიღო დაპირება პრემიერისგან და მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ მისი მოთხოვნა გარკვეულ საკითხებში, კერძოდ, ზედამხედველობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება, თუმცა კანონპროექტში ასახული არ არის.

კონტროლის პალატის წარმოდგენილი კანონპროექტით არ ეძლევა საშუალება, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსა და მონიტორინგის სამსახურს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლი განახორციელოს. არ აქვს საშუალება, გააკონტროლოს სტაბილურობის ფონდის ხარჯებიც.

ლევან ჭოლაძის კატეგორიულობა დეპუტატებმაც მოიწონეს, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა კი, რომელიც ამ კანონპროექტის მომხსენებელი იყო, მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, რაც ჭოლაძემ კატეგორიულად არ მიიღო.

"დაპირებები სამი კვირაა, მესმის, ამ ხნის მანძილზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ამ მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო და შეთანხმებები პროექტში ასახული არ არის," - აღნიშნა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ. მანამდე კი, კანონპროექტის განხილვის დროს, გია ხუროშვილი ამტკიცებდა, რომ კონტროლის პალატას ყველა ფუნქცია ჰქონდა აღდგენილი, რაც კანონპროექტის პირველ ვერსიაში დაკარგული იყო და თუ ახალი ფუნქციის დამატება სურდა, ლევან ჭოლაძეს შეეძლო, შესაბამისი განცხადება გაეკეთებინა.

ხუროშვილის ეს მოსაზრება ლევან ჭოლაძემ კატეგორიულად გააპროტესტა: "არ ვითხოვ არანაირი ახალი ფუნქციის დამატებას, ვითხოვ საქვეყნო და არა პირად საქმეს."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com