"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

გურჯაანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

(პირველი) გურჯაანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გურჯაანის 32 საჯარო სკოლის ეზო, სადაც ქალაქის საკანალიზაციო კვანძებია თავმოყრილი, უკვე რამდენიმე თვეა, ფეკალური მასებით ბინძურდება, რაც ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას ქმნის.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" სკოლის დირექციამ განუცხადა, სასწავლო პროცესის ჩატარება განსაკუთრებით იმ დღეებში ჭირს, როცა ქალაქს სასმელი წყალი მიეწოდება, რადგან ამ დროს სკოლის შენობაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესვლა შეუძლებელი ხდება.

როგორც ცენტრში აცხადებენ, სავარაუდოდ, ფეკალური მასები სასმელ წყალს ერევა. ამას გურჯაანში, კეცხოველის და რუსთაველის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობაც ადასტურებს.

ადგილობრივების თქმით, მათ დახმარებისათვის გურჯაანის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამას დღემდე შედეგი არ მოჰყოლია.

პრობლემის სასწრაფოდ მოუგვარებლობის შემთხვევაში შესაძლოა, გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესიც შეწყდეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com