|
|
"რეზონანსი "
"იძულებულნი ვართ, წყლის ნაცვლად გამდნარი თოვლი გამოვიყენოთ": მეტეოროლოგები -10-15 გრადუსიან ყინვებს ელიან ეკა გულუა
სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, ძირიანად მოგლეჯილი ხეები, დამტვრეული მანქანები, ზვავები, გაყინული მგზავრები და აკრძალული მოძრაობა - ასეთია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორდღიანი თოვის შედეგი. პროგნოზების დეპარტამენტში ჯერჯერობით საიმედოს ვერაფერს ამბობენ. სავარაუდოდ, მსგავსი ამინდები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
სტიქიის შედეგი ამ ეტაპისთვის გზები იწმინდება, თუმცა ეს ყველგან ვერ ხერხდება. სამუშაოებს ქარბორბალა და ზვავების საშიშროება აფერხებს. თბილისიდან გასასვლელებს ჯერ კიდევ საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილების მხრივ სერიოზული პრობლემები შეიქმნა სამეგრელოში, გურიაში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, ფოთში ქარბორბალამ სახლები სახურავების გარეშე დატოვა. მსგავსი საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. მახინჯაურში 8-ბალიანმა შტორმმა ნაპირზე ბორანი გამორიყა. რთული ვითარებაა კობი-გუდაურის მიმართულებით, იქ ზვავსაშიშროების საფრთე ისევ არსებობს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე მოძრაობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ჩაკეტილია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გვირაბიც, რადგანაც ჩამოწოლილი ზვავების გამო მოძრაობა შეუძლებელი გახდა. მგზავრები კი გზებზე იყინებიან. ზოგიერთ რაიონში სადენების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სერიოზული პრობლემებია სვანეთშიც. იქ ჩარჩენილი მოსახლეობა უკან ვერ ბრუნდება. იგივე პრობლემაა ყაზბეგშიც. გზის გაწმენდა იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ისევ თოვს. საგზაო დეპარტამენტში კი აცხადებენ რომ გზები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, როცა ინტენსიური თოვა შეწყდება და ქარი ჩადგება. კობი გუდაურზე კი გაწმენდითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ზვავსაშიშროება არ იქნება. სამცხე ჯავახეთში სტიქიურ უბედურებას 1 ადამიანი შეეწირა. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 4-კაციანი ჯგუფი იქ სამუშაოდ იმყოფებოდა, თუმცა თოვლში დაიკარგნენ. მათი პოვნა დიდთოვლობის გამო გაჭირდა. ერთ-ერთი მათგანი ნინოწმინდის სოფელ ალასტანში გარდაცვლილი ოპოვეს. დანარჩენი სამი - კაპანაძე, ბერუჩაშვილი და მელიქიძე სამკურნალოდ ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. დიდთოვლობის გამო, კლდის მასა ჩამოიშალა წყალტუბო-ცაგერის გზაზე. ლენტეხის რაიონის 20-მდე სოფელი კი გარესამყაროს მოწყვეტილია. რაიონში თოვლის საფარი 3 მეტრამდეა.
დაზარალებული მოსახლეობა პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მოსახლეობა ზამთრის შემობრუნებისთვის მზად არ აღმოჩნდა. მათ შეშის მარაგი ამოეწურათ. როგორც ფოთში მცხოვრები რამაზ ხურცია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, დასავლეთში მსგავსი ზამთარი იშვიათია, რის გამოც, ისინი შესაბამისად მომზადებულები არ იყვნენ: "დასავლეთში თოვლი იშვიათია. ოდნავ წამოთოვს, შემდეგ წვიმს, ასეთია ზამთარი. წელს კი რაღაც არანორმალურ პირობებში აღმოვჩნდით. თოვლი, ქარბორბალა, ყინვა, ყველაფერი ერთად მოგვერია. ქარბორბალა წამში ამოვარდა და ჩემი სახლის სახურავი სად მოისროლა, ვერ გეტყვით - ნაკუწებად აქცია. ამას ისიც დაემატა, რომ ხელმეორე ზამთრისთვის სათანადოდ მომზადებული არ ვყოფილვარ. შეშის მარაგი ამომეწურა და გათბობის პრობლემის მოგვარება შუა ზამთარში მიწევს. ამას გარდა, ზამთრის სასურსათო მარაგი რაც კი მქონდა, ყველაფერი გაიყინა და მოხუფული კონსერვის ქილები გასკდა. ასეთი მკაცრი ზამთრისთვის არა მარტო მოსახლეობა, არამედ ადგილობრივი ხელისუფლებაც მოუმზადებელი აღმოჩნდა. მათ მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარების გაწევაც კი არ შეუძლიათ. პრობლემებია გზებზეც. კიდევ რამდენიმე დღე რომ ითოვოს, რა გვეშველება არ ვიცი". ელექტროენერგია თითქმის ყველა რეგიონს შეზღუდულად მიეწოდება. დენის გარეშე დარჩა 243 000 აბონენტი. აქედან, 60 000 შიდა ქართლის მაცხოვრებელია. ბევრ რეგიონში პრობლემები სურსათის მომარაგების მხრივაც არსებობს. როგორც შიდა ქართლის ერთ-ერთი მცხოვრები გუჯა მამაცაშვილი ამბობს, თუ ყინვები გაგრძელდა, მოსახლეობას შიმშილიც ემუქრება: "ასეთი კატასტროფული ზამთრისთვის მომზადებული არავინ ყოფილა. ელექტროენერგია არ გვაქვს, სოფლიდან რაიონულ ცენტრში ტრანსპორტი არ მოძრაობს, ბაზრიდან კვების პროდუქტების ამოტანას ვერ ვახერხებთ და წყლის მილები გაიყინა. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე იძულებულები ვართ, წყლის ნაცვლად გამდნარი თოვლი გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩვენს ერთადერთ შემოსავალს, კომბოსტოს, ჭარხალს, ვაშლს თუ სხვას, რისი გაყიდვითაც მთელი წელი თავს ვირჩენდით, მთლიანად გაიყინა. ეს უკვე მეორედ მოხდა. იანვრის ყინვების გამო მოსავლის დიდი ნაწილი გამიფუჭდა, ამჯერადაც იგივე განმეორდა. ეს მარტო მე არ მეხება. სოფლის მოსახლეობა ამ მხრივ სერიოზულად დაზარალდა. ვისაც რამე გადაურჩა, იძულებულია თავი ამ პროდუქციით ირჩინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები კიდევ უნდა გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ ბაზარზეც პროდუქციის დეფიციტი გაჩნდება, რადგან დიდი თოვლისა და ყინვების გამო მოსახლეობა პროდუქციის ტრანსპორტირებას ვერ ახერხებს". პრობლემებია თბილისშიც, რადგან მხოლოდ ცენტრალური გზებია გაწმენდილი. პარალელურ ქუჩებსა და გარეუბნებში კი როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ. "როცა ერთი თვის წინ მოთოვა, კარგად ნახეთ, რა პრობლემებიც შეგვექმნა. მარილი მხოლოდ ცენტრალურ გზებზე დაყარეს. სხვაგან ყურადღება არც კი მიუქცევიათ. ამან მოძრაობა გაართულა, ავარიებმა იმატა და დიდი საცობები შეიქმნა. ახლაც იგივე ვითარებაა. გარეუბნებზე არავინ ფიქრობს. საშინელი საცობებია აღმაშენებლის ხეივანზე და მტკვრის ორივე სანაპიროზე. მანქანები აღმართებზე ვერ ადიან და ერთმანეთს ასკდებიან. თბილისი მხოლოდ რუსთაველი და თავისუფლების მოედანი არ არის. პერიფერიებსაც მიხედონ", - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი თამაზ რობაქიძე. პრობლემებზე ქვეითად მოსიარულეებიც წუწუნებენ. ისინი ტროტუარების, გადასასვლელი ხიდებისა და მიწისქვეშა ჩასასვლელების გაწმენდას ითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა მარინა მაკარაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ქალაქში ტროტუარები საერთოდ არ იწმინდება: "წლეულს უკვე მეორედ დავრწმუნდი, რომ ზამთრისთვის ნამდვილად არ ვართ მზად. ოდნავ წამოთოვა და ყველა სფეროში პრობლემები შეიქმნა. ტრანსპორტი ვერ მოძრაობს, ელექტროენერგია შეზღუდულია, წყლის მილები იყინება, ტროტუარები გაყინულია და სრიალებს და პროდუქტებზე ფასები იზრდება. თუ ადრე სახლიდან სამსახურში მისასვლელად 20 წუთი მჭირდებოდა, გუშინ ტრანსპორტს ნახევარი საათი ველოდე, გზაში კი 45 წუთი დამჭირდა. გარდა ამისა, "მარშრუტკა" რამდენჯერმე მოსრიალდა და კინაღამ ავარია მოახდინა. ამას გარდა, მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ეს ეხება, ყურადღება ტროტუარებსაც მიაქციონ. მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეები ისეა მოყინული, შეიძლება, მოტეხილობაც მიიღო". რაც შეეხება მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს, ჯერჯერობით საიმედო არაფერია. მეტეოროლოგები 10-15 გრადუსიან ყინვებს ელოდებიან. დათბობას კი მარტიდან ფიქრობენ. როგორც მონიტორინგისა და პროგნოზების ცენტრის ამინდის ბიუროს ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, გრძელვადიანი პროგნოზი ჭირს: "რამდენიმე დღეა, ხმელთაშუა ზღვის ციკლონი საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე ბობოქრობს. ახლა მან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. ამ ციკლონთან ერთად სიცივე მთელი კავკასიის რეგიონზე გავრცელდა, რამაც ძლიერი თოვა გამოიწვია, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთში. გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ჭირს. სავარაუდოდ, მარტიდან დათბება", - აცხადებს ნიორაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |