"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოში საწვავზე ფასი შეიცვალა

(პირველი) საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა ნიუ იორკის ბირჟაზე დაფიქსირებულმა რეკორდულმა მაჩვენებელმა განაპირობა. ნავთოპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის თქმით, 19-20 თებერვალს ნიუ იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა.

"პირველად მსოფლიოში, 1 ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა და 101 აშშ დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე ფასები მთელს მსოფლიოში გაიზარდა. ეს მით უმეტეს აისახა საქართველოზე, რომელიც ნავთობპროდუქტების მწარმოებელ ქვეყნებს არ მიეკუთვნება და მხოლოდ იმპორტზეა დამოკიდებული", - განმარტა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება ფასების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს, მისი თქმით, საამისოდ მსოფლიოში რამდენიმე პირობაა შექმნილი. "პირველ რიგში, ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდა ზამთრის პირობების გამო მთელს მსოფლიოში დაფიქსირდა. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ვენესუელაში, აშშ-ში, ნიგერიასა და ერაყში ნავთობმწარმოებლებს პრობლემები შეექმნათ. ამან ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენციას შეუწყო ხელი. ამასთან, მთელს მსოფლიოში შეინიშნება დოლარის კურსის ვარდნა, რაც პირდაპირ მოქმედებს ნავთობის ფასზე იმდენად, რამდენადაც ანგარიშსწორება ნავთობის ბირჟებზე მხოლოდ და მხოლოდ ამ ვალუტით მიმდინარეობს", - აღნიშნა ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com