|
|
"რეზონანსი "
ქვეყანაში არჩევნებამდე საკმარისი ხორბლის მარაგია: მთავრობა ტყავში ძვრება, რომ პურპროდუქტების გაძვირება არ დაუშვას ქეთი ბერიკაშვილი
მარტიდან საქართველო 20 ათას ტონა ყაზახურ ხორბალს მიიღებს. უახლოეს ხანებში, უკრაინული ხორბლის რაოდენობაც გაირკვევა. ამ საკითხზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეისათვის კიევში მოლაპარაკებებს აწარმოებს. რას გაიმეტებს მეგობარი ქვეყნისათვის უკრაინა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საგულისხმოა, რომ ამჟამად, კიევს ხორბლის ექსპორტი შეწყვეტილი აქვს. სოფლის მეურნეობის სამინიტროში ირწმუნებიან, რომ მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობისა, ხორბალი არ მოგვაკლდება. ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში, საშუალოდ, ხორბლის 3 თვის მარაგია. სამინისტროს ინფორმაციით, ხორბლის გადამამუშავებელ წარმოებებს მიმდინარე წლის 30 იანვრისთვის გააჩნდათ 3 თვის ხორბლის მარაგი და 15 თებერვლამდე დაგეგმილი 26 000 ტონა შემოიტანეს, ძირითადად, ყაზახეთიდან. საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობებს შორის საქართველოში ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, მარტში საქართველოში 20 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდება. 2007 წელს განხორციელდა 560,2 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი და 125,7 ათასი ტონა ფქვილის იმპორტი. საქართველოში ხორბლის მოხმარების მაჩვენებელი წელიწადში 800-850 ათას ტონას შეადგენს, საიდანაც 70% იმპორტირებულია. სანამ ცისკარიშვილისეული გეგმები აღსრულდება და, ძირითადად, მშობლიური წარმოების ხორბალზე ვიქნებით დამოკიდებულნი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ახლა უკვე უკრაინასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. კიევში ცისკარიშვილი უკრაინის აგროპოლიტიკის მინისტრ იური მელნიკოვს შეხვდება და მას უკრაინული ხორბლის შესაძლო შესყიდვაზე ესაუბრება. ცისკარიშვილთან ერთად, კიევში ხორბლის ქართველი იმპორტიორებიც იმყოფებიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინას მიმდინარე წლის იანვრიდან განზრახული აქვს მილიონ ორასი ათასი ტონა მარცვლეულის, მათ შორის 200 ათასი ტონა ხორბლის ექსპორტი. "ამ მომენტისთვის უკრაინას შეჩერებული აქვს ხორბლის ექსპორტი. ახალი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით შესაძლებელია მარცვლეულის ექსპორტი 3 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ქვეყნების ტრეიდერებმა მეტი მოგების მიღების მიზნით, შეაჩერეს ხორბლის გაყიდვები. ანალოგიური პოლიტიკით მოქმედებენ ხორბლის მწარმოებელი კომპანიები და ფერმერებიც", - ამბობენ სამინისროში.
ხორბალი, მსოფლიო და ჩვენ ხორბალზე მთელს მსოფლიოში კატასტროფული მდგომარეობაა. მოსავალმა საგრძნობლად იკლო, ხოლო მოთხოვნილება გაორმაგდა. ხორბლის მოსავლის თვალსაზრისით, 2007 წელი ექსპორტიორებისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ცუდი მოსავლის გამო, მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბირჟებზე ამ მარცვლეულის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. შარშან დაფიქსირებულმა ხორბლის ფასმა 32 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა. 2007-ის ბოლოს ჩიკაგოს ბირჟაზე დეკემბრის თვის ფიუჩერსებმა ერთ ბუშელზე (25 კგ ხორბალი) 9.51 დოლარი შეადგინა. რამდენიმე დღის წინ კი, ერთმა ბუშელმა 10 დოლარსა და 93 ცენტს უწია. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, 2007-ში ხორბლის მარაგები 25%-ით შემცირდა. მარცვლეულის ხორბლის იმპორტიორთა თქმით, მსოფლიოში ხორბლის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოში მსხვილ ფერმერებს უკვე ინტერესი აქვთ ხორბლის მოყვანა დაიწყონ, რაშიც წვრილი მეწარმეებიც მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი მიწის ფართობებით. შეიქმნება კოოპერატივები და ქვეყნის ფქვილის რესურსს ქართული ხორბალიც მიემატება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ხორბალზე ფასის მატების გამო, საქართველოში პურის ფასის გაზრდა გარდაუვალია. მთავრობისაგან შეშინებული პურის ქარხნის მეპატრონეები ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ. თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ მთავრობისაგან აქვთ მიღებული დირექტივა - წინასაარჩევნო პერიოდში პურზე ფასმა არ უნდა მოიმატოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს შიდა ბაზარზე პურპროდუქტების ფასების სისტემატურად ზრდას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ხორბლის გარდამავალი მარაგების შემცირებით ხსნიან. 2008 წლისათვის, ხორბლის მსოფლიო მარაგები შემცირდება 111 მლნ ტონამდე, და ეს უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. "ამდენად ვფიქრობთ, რომ მომავალი 3-4 წლის მანძილზე პურპროდუქტების რესურსების თვალსაზრისით სირთულეები სხვადასხვა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად იქნება", - აცხადებენ სამინისტროში. საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და თავისი საჭიროებისათვის ყოველწლიურად 500-600 ათას ტონა (ხორბალი, ფქვილი) იმპორტს ახორციელებს. ხორბლის ადგილობრივი წარმოება მოთხოვნილების 20-25%-ს აკმაყოფილებს. სამინისტრში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რათა მან საკუთარი წარმოების მარცვლით საერთო მოთხოვნილების 60-70% დააკმაყოფილოს. ქვეყანას წლის განმავლობაში 800-850 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ეკონომიკურმა ექსპერტმა ნიკო ორველაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ხორბლის მოთხოვნილების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას შირაქის ველზე მოწეული მოსავალი შეძლებს. ამისთვის კი სოფლის მეურნეობის აღორძინება და ხელშეწყობაა საჭირო. "საქართველოში ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის. რუსეთმა ქვეყნიდან ხორბლის გატანისთვის მინუს ბონუსი დააწესა. ხორბლის საფასურის გარდა, ერთი ტონა რუსული ხორბლის შესაძენად დამატებით 105 ევროს გადახდაა საჭირო. რაც შეეხება ყაზახეთს, ის რუსეთის მეგობარი უფროა, ვიდრე საქართველოსი და აქედან გამომდინარე, ნათელია, ყაზახეთი ვისი ინტერესების დამცველი იქნება", - განაცხადა ორველაშვილმა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ამ წლის 28 იანვრიდან ექსპორტზე გასატანი, ფასდანამატი დაადგინა - ერთ ტონა ხორბალზე 100-105 ევრო. "ეს ხორბლის ფასებს დაახლოებით 40%-ით გაზრდის. რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს დსთ-ს ხორბლის ბაზარზე, მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებული ღონისძიებათა გეგმა, რომელმაც შიდა ბაზარზე უნდა უზუნველყოს საჭირო პურპროდუქტების რესურსის რაოდენობა", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ხორბლის ფასები ყაზახური 1 ტონა ხორბლის ფასი საქართველოს საზღვარზე შეადგენს 370-390 აშშ დოლარს, შესაბამისად, ფასი ითვალისწინებს ტრანსპორტირების ხარჯებს, დაახლოებით, 55-60 აშშ დოლარს. თუმცა, ყაზახეთის სს "პროდ-კორპორაციის" უახლესი (04.02.2008) ინფორმაციით, ექსპერტები ხორბლის ფასების ზრდას ქვეყნის შიდა ბაზარზეც ვარაუდობენ. რის შედეგადაც 1 ტონა ხორბლის ფასი 400 აშშ დოლარს მიაღწევს. რუსული, ერთი ტონა ხორბლის ფასი, ადგილზე შეადგენს 360 აშშ დოლარს, რასაც ემატება 104 ევრო ექსპორტის ფასდანამატი, საბოლოო ჯამში ფასი ყალიბდება 514 დოლარის ფარგლებში. ტრანსპორტირების ფასის გათვალისწინებით კი საქართველოს საზღვართან ფასი აღწევს 559-564 აშშ დოლარს. ავსტრალიას ამ მომენტისთვის, არადამაკმაყოფილებელი მოსავლის გამო, შეჩერებული აქვს ხორბლის რეალიზაცია. ადგილზე პორტში მიტანილი ერთი ტონა ხორბლის ფასი, ფრახტის გარეშე, შეადგენს 375 აშშ დოლარს. ფრანგული ერთი ტონა ხორბლის ფასი ადგილზე 380 აშშ დოლარია. რაც შეეხება არგენტინას, პორტში ადგილზე ტრანსპორტირების ხარჯების გარეშე, ერთი ტონა ხორბლის ფასი 335 აშშ დოლარია. კანადური, ერთი ტონა ხორბლის ფასი ადგილზე 605 აშშ დოლარია. ამერიკული ერთი ტონა ხორბლის ფასი ადგილზე, პორტში მიტანილი ხარისხების მიხედვით 350-380 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რასაც ემატება 75 აშშ დოლარი ტრანსპორტირების ფასი და ამდენად სიფ-ის პირობებით ფოთში 1 ტონა ხორბლის ფასი 425-455 აშშ დოლარს აღწევს. "თურქეთის ავიახაზებმა" ბათუმის აეროპორტიდან ფრენები შეაჩერა (ინტერპრესნიუსი) უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან "თურქეთის ავიახაზების" წარმომადგენლებმა უსაფრთხოების გამო ფრენები შეაჩერეს. როგორც საქაერონავიგაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა გადაბაძემ განაცხადა, თურქული მხარე უამინდობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, სტამბული-ბათუმის მიმართულებით ფრენებს არ ახორციელებს. ფრენები ხელსაყრელი ამინდის დადგომისთანავე აღდგება. გადაბაძის თქმით, ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში სხვა ავიარეისები შეუფერხებლად ხორციელდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |