"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

მთავრობა ოღრო-ჩოღრო დახმარების ნაცვლად, ბრტყელი დახმარების პრაქტიკას ნერგავს: "ევროობლიგაციების გამოშვება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავის მოსაწონებლად კეთდება"

მაკა ხარაზიშვილი

ამერიკაში არსებული ფინანსური კრიზისი, მალე მთელ ევროპას მოედება. საერთაშორისო ექსპერტებმა, ამ მიმართულებით არსებული საშიშროების შესახებ, ევროპის მთავრობები უკვე გააფრთხილეს. საქართველოს მთავრობა კი პროფიციტულ ბიუჯეტს ამტკიცებს და ამის პარალელურად ევროობლიგაციების გამოშვებას აპირებს. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პროფიციტული ბიუჯეტი, თავის ევროობლიგაციებიანად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავის მოსაწონებლად კეთდება.

ისე ჩვენი მთავრობა, რასაც საერთაშორისო იმიჯის შესაქმნელად პიარზე თანხას ხარჯავს ან პიარისთვის განკუთვნილ გადაწყვეტილებებს იღებს, ეს ძალისხმევა ქვეყანასა და ხალხზე რომ დაეხარჯა, შეიძლება სიღარიბე მართლა შემცირებულიყო და სამუშაო ადგილებით შექმნილიყო. პროფიციტული ბიუჯეტი საინვესტიციო იმიჯის შესაქმნელად გაკეთდა. თვითონ, პრემიერმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ პროფიციტული ბიუჯეტის დაკანონება სერიოზული საინვესტიციო გზავნილია. ექსპერტების აზრით, კი ინვესტორებისთვის მიმზიდველი საკუთრების მაღალ დონეზე დაცვა, მოქნილი კანონმდებლობა და თავისუფალი სასამართლო სისტემაა.

ეკონომიკური ექსპერტი ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ევროობლიგაციების შექმნის ერთ-ერთი მიზეზიც პიარია; ანუ საკმაოდ "ხმამაღლა ჟღერს", რომ სააკაშვილის მთავრობამ პირველად ევროობლიგაციები გამოუშვა. მთავრობის პროფიციტულ ამბიციებზე უფრო "რეზონანსი" ვლადიმერ პაპავას ესაუბრა.

ვლადიმერ პაპავა: "ევროობლიგაციის გამოშვება ნიშნავს ევროპის ბაზარზე საგარეო ვალის აღებას. ეს იქნება კომერციული ვალი. ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ ქვეყანა აღმავლობის გზაზეა მაღალპროცენტიანი ვალის აღება რაში გვჭირდება. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ში უკვე ფინანსური კრიზისი შეიქმნა. თანაც სერიოზული სიმპტომები არსებობს, რომ ეს კრიზისი მთელ მსოფლიოს მოედოს. კერძოდ, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ამ კრიზისის გამო მთელი რიგი ფინანსური კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ.

დავოსის ფორუმზე (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი) მთავარი თემა სწორედ ფინანსური კრიზისი იყო, რომელიც შეიძლება მთელ მსოფლიოს მოედოს. ყველა მაღალი რანგის, საერთაშორისო ექსპერტი ადასტურებდა, რომ ამერიკის კრიზისი მარტო ამერიკას არ ეხება და მასში ევროპის ჩათრევაც მოხდება. ასეთ პირობებში მთავრობა გეგმავს, რომ აპრილში ევროობლიგაცია გამოუშვას, ეს გადაწყვეტილება ალმოკიდებულ სახლში შევარდნის ტოლფასია. შესაბამისად, ასეთ პირობებში ევროობლიგაციების გამოშვება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია".

"რეზონანსი": რამდენპროცენტიანი იქნება ეს ობლიგაციები.

ვლადიმერ პაპავა: პროცენტი ყოველთვის ეკონომიკურად მიმზიდველი უნდა იყოს. ამიტომ, როდესაც საფინანსო ბაზარზე ფასიანი ქაღალდი გამოდის, ყველა ცდილობს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობა უკეთესი პირობებით განათავსოს. თუ გინდა რომ შენი ფასიანი ქაღალდი იყიდონ, ისეთი პროცენტი უნდა დააწესო, რომ იგი მყიდველისთვის მიმზიდველი იყოს. საქართველოს მთავრობას საკმაოდ მაღალი პროცენტი ექნება დასადები, რათა ევროპული ბიზნესისთვის ეს ობლიგაციები მიმზიდველი იყოს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალპროცენტიანი იქნება ის ვალდებულება, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა გაასწორონ.

"რ": საერთოდ, რამდენად კარგი გადაწყვეტილება იყო პროფიციტული ბიუჯეტის დაკანონება.

ვ.პ: პროფიციტული ბიუჯეტი არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პიარი. ვიძახით, რომ ბიუჯეტი პროფიციტულია, ამავდროულად 500 მილიონი დოლარის სესხს ვიღებთ. სესხი დეფიციტის შევსების წყაროა. გამოდის, რომ პროფიციტული ბიუჯეტი არ გვქონია. მთავრობამ ევროობლიგაციების გამოშვებით ეს თვითონ დაადასტურა.

"რ": მაინც რატომ გახდა აუცილებელი ევროობლიგაციების გამოშვება.

ვ.პ: აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ საქართველოს სავალუტო ფონდთან პროგრამა აღარ აქვს. სავალუტო ფონდმა დიდი ზარზეიმით გამოაცხადა, რომ სიღარიბე დაძლეულია და პროგრამა აღარ გვაქვსო. ახალ პროგრამაზე საქართველოს მთავრობას განაცხადი არ შეუტანია. თანაც ევროობლიგაციებს სულ სხვა "ხიბლი" აქვს. მთავრობას პიარისთვის გამოადგება, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ევროობლიგაციები გამოუშვეს.

"რ": სავალუტო ფონდის პროგრამები ყოველთვის საკამათო თემა იყო. თქვენი აზრით, იყო კი აუცილებელი ამ პროგრამების გაგრძელება.

ვ.პ: თუ სავალუტო ფონდთან მუშაობა უნდა გაგვეგრძელებინა, ის პროგრამა ცუდი რატომ იყო. მეორე მხრივ, თუ ქვეყანაში სიღარიბე დასაძლევია, რა დროს ევროობლიგაციების გამოშვებაა. მთავრობას ეს წინადადებები მაღალი პროფესიონალიზმით რომ ჰქონდეს მომზადებული, ყველა კითხვაზე პასუხს მარტივად გავცემდი. სამწუხაროდ, კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი. რაც მთავარია, მთავრობა არანაირ განმარტებას არ იძლევა. თუ ქვეყანა აღმავლობის გზაზე დგას, დიდი რაოდენობის ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, ბიუჯეტი პროფიციტულია, მაშინ რა შუაშია ევროობლიგაციების გამოშვება.

"რ": როგორ აფასებთ, სიღარიბის დასაძლევად მთავრობის 5-წლიან პროგრამას და 50 დღიან გეგმას, რომელიც სინამდვილეში 150 დღეზე მეტი გამოდის, ვინაიდან როგორც პრემიერმა განაცხადა მისი განხორციელება იანვარში დაიწყო და მაისში მთავრდება.

ვ.პ: ეს 50 დღე, უბრალოდ, 50 დღეა, რადგან პრეზიდენტმა ასე ინება. თუ მას ენდომებოდა, შეიძლება 10 ან 100 დღე ყოფილიყო. ახლა თქვენ აღმოგიჩენიათ, რომ 50-დღიანი გეგმის პრეზენტაცია კი გააკეთეს, მაგრამ თურმე 150 დღეზე ყოფილა გაწერილი. რაც შეეხება პროგრამას, მთავრობამ 31 იანვარს 5-წლიანი პროგრამა დაამტკიცა, როდესაც პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ნდობა გამოუცხადა. ამ დოკუმენტში ძალიან ბევრი სასაცილო მომენტია ჩაწერილი.

"რ": კონკრეტულად რას გულისხმობთ.

ვ.პ: მაგალითად, პროგრამის სახელწოდებაა "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე". პროგრამაში ვკითხულობთ, რომ სიღარიბე საგრძნობლად შემცირდება, არადა სიღარიბის გარეშე ნიშნავს, რომ სიღარიბე საერთოდ აღარ უნდა იყოს. საგრძნობლად შემცირება ნიშნავს, რომ 5 წელიწადში სოციალური პროგრამების რიცხვი 50%-ით შემცირდება. კი, მაგრამ მეორე 50% ხომ დარჩება. ესე იგი, 5 წელიწადში მათი გათვლებით, სიღარიბე განახევრდება და არა საერთოდ გაქრება. ანუ სათაური ტექსტს არ შეესაბამება. მეორე - ერთ თავს ჰქვია ეროვნული კეთილდღეობა, მეორე თავს კი მოსახლეობის კეთილდღეობა. იქნებ ვინმემ ამიხსნას მათ შორის რა განსხვავებაა. მესამე - თურმე საქართველო ბრტყელი დახმარების პრაქტიკაზე უნდა გადავიდეს.

"რ": ეს რაღას ნიშნავს.

ვ.პ: ალბათ, იმას, რომ აქამდე ოღრო-ჩოღრო დახმარების პრაქტიკა გვქონდა. ერთი კარგი რამ, რასაც მთავრობას ვერ დავუკარგავთ ის არის, რომ მთავრობამ, პირველად, საუბარი კონკრეტულ საკითხებზე დაიწყო. აქამდე, ყველა დაპირება აბსტრაქტული იყო. პროგრამები, რომელიც პარლამენტში ზურაბ ნოღაიდელს ან ზურაბ ჟვანიას შემოჰქონდა სრულიად გაუგებარი იყო. ახლა კონკრეტული ციფრები არსებობს, თუმცა ის პროგრამა მაინც არ არის.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com