|
|
"რეზონანსი "
"რევოლუციურმა კანონპროექტმა" დეპუტატების განრისხება გამოიწვია
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს მთავრობის მიერ მომზადებულ "რევოლუციურ პაკეტთან" დაკავშირებით, მთელი რიგი პრინციპული შენიშვნები და განსხვავებული აზრი აქვს. ამიტომაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მეორე მოსმენით განხილვისას მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტებს დააყენებს. კანონპროექტი "საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" გუშინ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საკმაოდ ხმაურიანად განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, პროექტში მეორე მოსმენისთვის გათვალისწინებულია ის შენიშვნები, რაც მხოლოდ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფ მუხლებს ეხებოდა. აყველაზე მთავრი შენიშვნა - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით - მთავრობამ არ გაიზიარა. ირაკლი კოვზანაძის აზრით, "ეროვნული ბანკი" უზრუნველყოფს საქართველოში ფულად საკრედიტო პოლიტიკას და ის არის პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე. თუ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია წაერთმევა, ის ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობის შენარჩუნებას. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის მყისიერი დაყენება. დეპუტატის განცხადებით, პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებები ჯერ უნდა მოისმინოს და შემდეგ დაასკვნას ინფლაციის დონის გადაჭარბება ეროვნული ბანკის პრობლემა იყო თუ მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკის. როგორც ცნობილია, აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტში, ცვლილება შედის კანონშიც ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი 63-ე მუხლით არის გათვალისწინებული. ამ მუხლის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ თუ ნებისმიერი ოთხი მიმდევრობითი კვარტლის განმავლობაში, საშუალო წლიური ინფლაციის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა თითოეული კვარტლის განმავლობაში 12 პროცენტს გადააჭარბა, ეროვნული ბანკის საბჭო მიმართავს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ. კოვზანაძის პოზიცია სრულიად გაიზიარა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლადო პაპავამ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფულად საკრედიტო პოლიტიკისა და ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკნინება ხდება. რაც შეეხება ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, პაპავა მიიჩნევს, რომ ბანკის პრეზიდენტთან ერთად პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი აღარ იქნება დამოუკიდებელი და იგი მთლიანად მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის დანამატი გახდება. "გამოდის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრს თვალებში უნდა შესციცინებდეს, რომ მათ რაღაც ზედმეტი არ გახარჯონ", - აცხადებს პაპავა. რაც შეეხება ამ 63-ე მუხლს - ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ იგი საერთოდ არ შეესაბამება პრაქტიკას, 190-მდე ქვეყანაშია ეროვნული ბანკი და მსგავსი პრეცედენტი, რაც ამ მუხლშია გათვალისწინებული არსად არ არსებობს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრობლემასთან ერთად, საკმაოდ კატეგორიულად დაისვა კონტროლის პალატის ფუნქციების შენარჩუნების საკითხი. ნებისმიერ სადავო საკითხში საპარლამენტო უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც თითქმის ერთნაირი პოზიცია აქვთ მთავრობის წინააღმდეგ. კოვზანაძე და დეპუტატები ალტერნატიული კანონპროექტების დაყენებას გეგმავენ. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენისთვის ჯერ ალტერნატიული პროექტი დგება და თუ იგი ჩავარდა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება კერჭისყრაზე დადგეს ძირითად კანონპროექტში გათვალისწინებული მუხლები. (ინტერპრესნიუსი)
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |