|
|
"რეზონანსი "
მე ვამბობ - პირველია, ოღონდ არაბულიდან: როგორ შეიძლება კმაყოფილი იყო, როდესაც ხვდები, რომ სრულყოფილებასთან გაქვს საქმე ლელა ოჩიაური
ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია, "წლის წიგნი" ყურანის ქართული თარგმანის, კომენტარების და შენიშვნებისთვის, პრემიის არსებობის ისტორიაში პირველად, მიენიჭა ქართველ მკვლევარსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს. მას ჯილდო პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ გადასცა და უთხრა, რომ მოხარულია, ასე რომ მოხდა და რომ ეს ფაქტი ირანულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. გიორგი ლობჟანიძე არც ელოდა ამ პრემიის მიღებას და არც ამ მიზნით მოუკიდია ყურანის თარგმანისთვის ხელი. იგი მუსლიმთა წმინდა წიგნის ქართულად გადმოტანაზე 12 წელი მუშაობდა (ესაა პირველი თარგმანი ქართულად, ორიგინალის ენიდან - არაბულიდან). წიგნის მომზადებასა და გამოცემაში მთარგმნელს დახმარება გაუწია - ევროპულმა ფონდმა "ჰორიზონტმა"; პროექტის ავტორია მწერალი ნაირა გელაშვილი (საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლი" ხელმძღვანელი), წიგნის რედაქტორი - კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე. ყურანს ქართულად, მეტად მნიშვნელოვანი არსის შემცველი შენიშვნები და კომენტარები ერთვის. ირანის პრემიების საბჭოს (რომელმაც ქართველი მეცნიერის ნაშრომი მსოფლიოს 1500 წამყვანი მკვლევარისა და მთარგმნელის ნამუშევარიდან, საუკეთესო ათეულში გამოარჩია) გადაწყვეტილებით, თარგმანთან ერთად, სწორედ ეს აღმოჩნდა გიორგი ლობჟანიძესთვის ჯილდოს მინიჭების საფუძველი. იგი წერს: "...მუსლიმთა რწმენით, ყურანი ხელთუქმნელი წიგნია, რომელიც ზუსტად და სიტყვა-სიტყვით ასახავს ყველა იმ გამოცხადებას, რაც მუჰამადს ღვთისაგან ჯიბრიილ ანგელოზის მეოხებით გამოეცხადა. ... ყურანმა, როგორც თუნდაც მხატვრულმა ნაწარმოებმა, იმხელა გავლენა იქონია მთელი შემდგომდროინდელი არაბული და მუსლიმური ლიტერატურის განვითარეაზე, რომ ამ მხრივ მას აღმოსავლეთში - არცერთი სხვა წიგნის, დასავლეთში კი, შეგვიძლია მხოლოდ ბიბლიის ზეგავლენა შევადაროთ." როგორც გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს, ყურანის დედანის ტექსტი უნიფიცირებულია, ამიტომ თარგმანზე მუშაობისას სხვადასხვა გამოცემას იყენებდა, ბოლო ხუთი წელი კი კაიროში, 1989 წელს ეგვიპტის ვუკუფებისა და ისლამური დამოძღვრის სამინისტროს ეგიდით გამოცემული ყურანით სარგებლობდა. ქართულ თარგმანში, ძირითად ტექსტს დართული განმარტებანი მკითხველს ვრცელ ინფორმაციას აწვდის თითოეული სიტყვის, ფრაზის, სიმბოლოს, მოძღვრების შესახებ და ამავე დროს, სიბრძნე, რომელსაც ყურანი შეიცავს, ბრწყინვალე ქართულით, დახვეწილი ენით, ელვარე ლიტერატურული სტილითაა გადმოცემული, რაც საერთოდ, დამახასიათებელია გიორგი ლობჟანიძისთვის, როგორც მთარგმნელისთვის და როგორც პოეტისთვის. გიორგი ლობჟანიძე წერს: "...მორწმუნე მუსლიმისათვის ყურანი ხელთუქმნელი სიტყვაა ღვთისა, რომელიც საუკუნეთა წინარე თავის ამჟამინდელი სახით არაბულ ენაზე არსებობდა. ეს არის ყველაზე უფრო სრულყოფილი წიგნი, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით და ამიტომაც ეწოდება მის თითოეულ მუხლს "აია" - "სასწაული". "რეზონანსი": რატომ მოინდომეთ ყურანი ქართულად გეთარგმნათ. როგორ მოხდა ეს, რით იხელმძღვანელეთ. გიორგი ლობჟანიძე: თავიდან ჩემი ინტერესი იყო წმინდა კულტუროლოგიური, ლიტერატურული. როდესაც ყურანი პირველად წავიკითხე, მოვიხიბლე ამ, შეიძლება ითქვას, ლიტერატურული ძეგლის (მაშინ მეტი არ მესმოდა, მესამე კურსზე ვიყავი), მხატვრული სტილით. ტექსტი არაბულად მართლა შეუდარებელია და ლექსად თარგმნა დავიწყე, რითმანარევი რიტმული პროზით, როგორცაა დაწერილი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უნდა იყოს სიტყვა-სიტყვით თარგმანი, რომ მკითხველმა ზუსტად გაიგოს, მასში რა წერია. საღვთო წიგნების სტილისტიკა ძალიან სხვანაირი რამ არის, ის მცირე ცდომილებასაც არ გაპატიებს იმ თვალსაზრისით, რომ მკითხველის გონებაში შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიღოს. ამიტომ ფრაზა რამდენიმენაირად თუ იკითხება, გაშიფვრები აუცილებლად კომენტარში უნდა წამოვიდეს. ცხადია, ყველაფერი გაიმართა ქართული ენის გრამატიკული ნორმებისა და კანონების შესაბამისად, ოღონდ შევეცადე, მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავი არაბულ ტექსტთან და წყობასთან (ეს ბუკვალურობას არ გულისხმობდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ადამიანი ვერ გაიგებდა, რაზეა საუბარი), რამდენადაც ამის საშუალებას ქართული ენა მაძლევდა და მთავაზობდა. მნიშვნელობის გაცნობიერება ცოტა მოგვიანებით მოხდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ყველა კულტრული ერისათვის. არსებობს ყურანის მილიონი თარგმანი, მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე და რაც უფრო კულტურულია ერი, მით უფრო მეტი თარგმანი აქვს ასეთი რანგის წიგნებისა. "რ.": რა მნიშვნელობა აქვს ყურანის ქართულად თარგმნას. გ.ლ.: ყურანს თუ კარგად არ იცნობ, ვერ გაიგებ მუსლიმური აღმოსავლეთის კულტურას, გაუგებარი დარჩება შენთვის, ვთქვათ, ხაფეზი, ხაიამი, აბდორაჰმან ჯამი, ჯალალ ედ დინ რუმი, დიდი მოაზროვნეები; ასევე არაბი პოეტები. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ გაუგებარი დარჩება მუსლიმი მოაზროვნეები, ფილსოფოსები - ავიცენა, იბნ ალ არაბი, იბნ ფარადი და ა.შ. ამიტომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ თარგმანი გქონდეს . რაც შეეხება პრაქტიკულ მნიშვნელობას, ეს საქართველსთვის ორმაგად დიდია იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვიხდება შეხება მუსლიმურ სამყაროსთან და თუ არ გვეცოდინება მათი უპირველესი წიგნი და კარგად არ გვეცოდინება, უბრალოდ ვერ მოვახერხებთ, ყოფით, მენტალურ დონეზე, მათ გაგებას და შესაბამისად, მათთან ურთიერთობების გამყარებას. ვგრძნობ, რომ მარტო მე არა ვარ, ვინც ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია - "წლის წიგნი" ყურანის ქართული თარგმანისთვის, შესავალითა და კომენტარებით, მიიღო. აქაა აღმოსავლეთმცოდნეობის დიდი სკოლა, ქართული სკოლა, რომლის შედეგი თუ პროდუქტია, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, გიორგი ლობჟანიძე. ამიტომ, შეუძლებელია, მადლობით არ გავიხსენო ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს ჯილდო ეკუთვნის - თინა მარგველაშვილი, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, რომელსაც ვუმადლი ყურანის ამ თარგმანსაც და საერთოდ, იმასაც, რომ აღმოსავლეთმცოდნე ვარ. ყურანის ეს თარგმანი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ნაირა გელაშვილი. მან დაწერა პროექტი - ყურანის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა და კავკასიური სახლის ევროპელ პარტნიორებს წარუდგინა. პროექტის დაფინანსებას ფონდი "ჰორიზონტი" დათანხმდა. მუშაობის ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამ ადამიანებმა მომცეს საშუალება, რომ თარგმანი დამესრულებინა და პრაქტიკულად, ამ საქმისათვის თავი მომება, ისე, როგორც საჭირო იყო. მინდა მათაც კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა. მინდა გულწრფელი, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო ბატონ როსტომ ჩხეიძეს, გამოცემის რედაქტორს, გაწეული დახმარებისთვის, არაერთი ფასეული შენიშვნისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა მხატვარს - სოფო კინწურაშვილს, წიგნის შესანიშნავ გრაფიკოსს. ერთი კაცი მარტო ვერაფერს გააკეთებდა. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილს, საქართველოს ყოფილ ელჩს ირანში, ცნობილ ირანისტს, დიდ მეცნიერს, რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება გამიწია. მისი საოცარი ყურადღებისა და მზრუნველობის წყალობით, მნიშვნელოვნად გამიადვილდა თარგმანზე, მასალაზე მუშაობა. უღრმეს მადლობას მოვახსენებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ბატონ მოჯთაბა დემირჩილუს და საქართველოს ელჩს ირანში ლევან ასათიანს და მის მოადგილეს ნიკოლოზ ხუციშვილს, რომლებმაც პრემიაზე წარადგინეს ჩემი თარგმანი და საერთოდ, ძალიან შემიწყვეს ხელი. "რ.": და ესაა ყურანის პირველი ქართული თარგმანი. გ.ლ.: როდესაც ამბობენ, რომ შენი თარგმანი პირველია, მე ვამბობ, პირველია, ოღონდ - არაბულიდან. არსებობს ყურანის 1906 წელს, ფრანგულიდან შესრულებული თარგმანი, ილია ჭავჭავაძის დაკვეთით, მითითებით, უშუალო ხელმძღვანელობით, რომელიც პეტრე მირიანაშვილმა განახორციელა და სხვათა შორის, შესანიშნავად თარგმნა, უბრალოდ, მისი თარგმანი იყო შუალედური ენიდან და არ ჰქონდა არანაირი სამეცნიერო აპარატი. მე, შეიძლება ითქვას, რომ მუშაობას ახლაც ვაგრძელებ. კიდევ რაღაც არ მომწონს. ვაკეთებ ცალკეული ნაწილების დახვეწას. როგორ შეიძლება კმაყოფილი იყო, როდესაც ხვდები, რომ სრულყოფილებასთან გაქვს საქმე. მაინც, ადამიანის ხელიდან გამოსული, რაც უნდა, კარგი იყოს, მაინც არის არასრულყოფილი. ამიტომ ის გიბიძგებს იქითკენ, რომ მუდმივად მიუბრუნდე, მასზე იმუშაო. ვფიქრობ, რომ ყოველი ახალი გამოცემა შესწორებული, შევსებული, გადამუშავებული იქნება და ასე გაგრძელდება სიცოცხლის ბოლომდე, სანამ ამისი შესაძლებლობა მექნება. მე მგონია, რომ ყურანი არ არის წიგნი, რომელსაც ერთხელ თარგმნი და ამით დაამთავრებ ყველაფერს. მასზე მუშაობა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ოღონდ, რაღაც ეტაპი რომ მორჩება, აუცილებლად უნდა აისახოს გამოცემაში. რაც შეეხება ინტერესს, ინტერესი დაკარგო ყურანის მიმართ, შეუძლებელია. იქ იმდენი პლასტია, იმდენი საინტერესო დეტალია, რომ თითოეულ დეტალზე შეიძლება მთელი ცხოვრება იმუშაო და მაინც არ მოგბეზრდეს. უნდა არსებობდეს ყურანის მარტო ერთი თარგმანი კი არა, უნდა იყოს რამდენიმე თარგმანი, სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა დონის. ის იმდენად სრულყოფილია, რომ ყველა თავისებურად იტევს, როგორც წყალს, რომელსაც ზოგი იტევს კოკისებრ, ზოგი ბოცისებრ და ზოგიც, როგორ. ამ საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოს ყველამ, ვისაც ინტერესი აქვს. ეს მკითხველისთვისაც იქნება კარგი და საბოლოოდ სურათსაც, რაც შეიძლება, სრულყოფილს მივიღებთ. რაც შეეხება სტილისტიკას, ამ მხრივ უკვე ჩემთვისაც საინტერესოა, როგორი იქნება სხვა მთარგმნელის მიერ ქართულად გადმოღებული ყურანი, რომ კი არ იყოს ლობჟანიძის თარგმანის გამეორება, კი არ იყოს მირიანაშვილის თარგმანის გამეორება. თუ მოახერხებს მთარგმელი და შემოგვთავაზებს განსხვავებულ სტილურ წაკითხვას, მე მხოლოდ მივესალმები და რაც უფრო უკეთესი იქნება ეს წაკითხვა, კიდევ უფრო გამიხარდება. ჩემი ენერგია ძირითადად სწორედ სტილისტიკაზე წავიდა, თუ როგორ უნდა დამუშავებულიყო, ვთქვათ, ცალკეული მუხლები, თუნდაც იმიტომ, რომ ეს წიგნი სტილურად ერთგვაროვანი არაა. იქაა მექური სურები, მედინური სურები, გარდამავალი პერიოდის სურები და ყველა პერიოდს თავისი ენა აქვს. ვფიქრობ, რაც მე გავაკეთე, მნიშვნელოვანია, ყურანის თარგმანში, სწორედ ესაა - სტილური ვარირების შეხამებმა ერთმანეთთან, რომ მიგვეღო ერთი მთელი. მედვედკოვი ქართველებთან შეხვედრით კმაყოფილია (პირველი) რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს სავაჭრო დეპარტამენტის უფროსის მაქსიმ მედვედკოვის განცხადებით, მოსკოვში ქართველ კოლეგებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციები, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხებოდა, "კონსტრუქციულად და წარმატებით დასრულდა." მედვედკოვის თქმით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრა, რომელშიც მოდერატორის რანგში მსო-ის სამდივნოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა, "ეფექტური იყო." "ჩვენ საკმაოდ წინ წავიწიეთ და გამოვნახეთ შეხების წერტილები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ერთობლივ სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებს და ვაჭრობას ეხება," - განმარტა მან.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |