"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

ოპოზიცია თავის კანდიდატებს დღეს დაასახელებს: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შესაძლოა სამშაბათს დაამტკიცონ

თამთა ქარჩავა

გაერთიანებულ ოპოზიცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს კანდიდატურებზე თავის რჩეულს დღეს წარადგენს. კვლავ გაურკვეველია, თუ რა პრინციპით მოხდება საბჭოს დაკომპლექტება. კანონით, 9-კაციან საბჭოს წევრობის მსურველთაგან პარლამენტს თითო ვაკანტურ ადგილზე 3 კანდიდატურა, ანუ ჯამში 27 კაციანი სია უნდა წარედგინოს. საბჭოს 9 წევრს პარლამენტი სწორედ ამ სიიდან აირჩევს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ისინი ამ საკითხზე დღეს იმსჯელებენ და თავის გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებენ. ოპოზიცია საბჭოს წევრობის 15 ან 27 კანდიდატს შეარჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს დამტკიცება შესაძლოა უკვე სამშაბათს მოხდეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი თამარ კინწურაშვილიც სავარაუდოდ სამშაბათს გადადგება თანამდებობიდან.

"ჩვენ ოპოზიციასთან შეთანხმებით ვცდილობთ, ახალი დირექტორი ავირჩიოთ. ამისდა მიუხედავად, ოპოზიცია გამუდმებით აყენებს აღნიშნულ საკითხს, როგორც ერთ-ერთ მოთხოვნას.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ შევამცირეთ ყველანაირი პროცედურები. სამშაბათს, შეთანხმების შემთხვევაში, შეგვიძლია დავამტკიცოთ პარლამენტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი სამეურვეო საბჭო", - აცხადებს ბურჯანაძე და აქვე გამოთქვამს იმედს, რომ ოპოზიციასთან ერთად ახალი გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე შეთანხმება მოხდება.

სამეურვეო საბჭოს წევრობის სურვილი 235-მა ადამიანმა გამოთქვა. მათგან საბოლოოდ 27 შეირჩევა, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინება. ამ 27-დან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საბოლოოდ ცხრა წევრს დაამტკიცებს. საბჭოს თავმჯდომარე ამ ცხრაკაციანი შემადგენლობიდან აირჩევა.

პრეზიდენტის ადამინისტრაციის მოადგილის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, 235 პირიდან 27-ის შერჩევა 10 დღეში უნდა მოხდეს, თუმცა ისინი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეირჩევიან.

მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" წევრი გია ცაგარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია პირველ ეტაპზე შეარჩევს 15 ან 27 კანდიდატს, რომელთა სია პარლამენტს გადაეცემა, ხოლო შემდეგ ოპოზიცია საბოლოო კანდიდატებზე შეჯერდება. მისივე განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს შორის ბევრი ღირსეული ადამიანია. როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ოპოზიცია საკუთარ კანდიდატებზე განცხადებას დღეს გააკეთებს.

"მე მოვისმინე ქალბატონი ბურჯანაძის განცხადება, რომელიც აცხადებს, რომ სამშაბათს ქალბატონი კინწურაშვილი გადადგება და დაკომპლექტდება სამეურვეო საბჭო. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ჩვენს კანდიდატებზე ჩამოვყალიბდებით და პარასკევს გახდება ცნობილი საზოაგადოებისთვის ამ კანდიდატთა ვინაობა.

"ერთი რამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ საბჭოს პოლიტიკური ნიშნით შერჩევა არ მოხდება. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ავირჩიოთ ჩვენი რჩეულები, არა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მრწამსის მიხედვით. ეს ადამიანები უნდა იყვნენ მიუკერძოებელი ადამიანები და საზოგადოების თვალში სარგებლობდნენ პატივისცემით. ასეთი ძალიან ბევრია იმ 235 კაცში. ჩვენ კანდიდატებზე ჯერჯერობით შეჩერებული არ ვართ, მაგრამ შევჩერდებით", - აცხადებს ცაგარეიშვილი.

"ახალი მემარჯვენეების" წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭო არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის მიერ ლობირებული პიროვნებების მიერ შემდგარი.

"საბჭოს წევრები შერჩეული უნდა იყოს ორი ძირითადი კრიტერიუმის გარშემო, ეს არის პროფესიონალიზმი და მაღალი ნდობა საზოგადოებისა. ამ ორი კრიტერიუმის გარშემო უნდა გაიმართოს მსჯელობა პარლამენტში ფრაქციებს შორის, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით", - ამბობს კაციტაძე.

"ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას. ეს საკითხი არაა მარტო საერთო სახალხო მოძრაობის გადასაწყვეტი, არამედ მთლიანად ყველა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მოვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ შევჯერდებით. დღეს იქნება ამ თემაზე მსჯელობა და ამ საკითხის გადაწყვეტას წინ არაფერი არ უდგას", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას "კონსერვატორმა" გიგა ბუკიამ.

რაც შეეხება თავად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორს თამარ კინწურაშვილს, იგი თანამდებობიდან გადადგომას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც ტელევიზიის ახალი სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდება.

"როგორც კი პარლამენტი აირჩევს ახალ სამეურვეო საბჭოს, მე ვაპირებ მივმართო მათ განცხადებით გადადგომის შესახებ. იმედი მაქვს, ჩემს ამ განცხადებას ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ადეკვატურად აღიქვამენ," - განაცხადა კინწურაშვილმა.

"პირობას გაძლევთ, რომ ქალბატონი კინწურაშვილი აუცილებლად გადადგება, უნდა ეს მას თუ არა. ეს უნდა ქართველ ხალხს და ასეც მოხდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გია ცაგარეიშვილმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com