"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

რკინიგზაში ეზუგბაიას მოხსნას უარყოფენ

(პირველი) საქართველოს რკინიგზა დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძის განცხადებას ეხმიანება და უწყების ხელმძღვანელის ირაკლი ეზუგბაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

"ეს დეზინფორმაციაა. ირაკლი ეზუგბაია თანამდებობაზე რჩება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს," - განუცხადეს "პირველს" რკინიგზაში.

როგორც ცნობილია, "კონსერვატორი" დეპუტატის ბიძინა გუჯაბიძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ შპს "საქართველოს რკინიგზის" გენდირექტორის ირაკლი ეზუგბაიას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "პირველს" გუჯაბიძემ განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ეზუგბაია სახელმწიფო კანცელარიაში იყო დაბარებული, სადაც მისი თანამდებობიდან გადაყენება გადაწყდა.

ამ ფაქტს გუჯაბიძე მის მიერ ორი კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციას უკავშირებს, რომლის დროსაც პარლამენტარმა რკინიგზის მთელი ხელმძღვანელობა და პირადად ეზუგბაია კორუფციულ გარიგებებში, სახელმწიფოსთვის მატერიალური ზარალის მიყენებაში და საკუთარი ხელფასის 2000 ლარით თვითნებურ გაზრდაში დაადანაშაულა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com