"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების აღდგენის შეთანხება მიღწეულია: ჭუბურხინჯის ნაცვლად, ანალოგიური ფორმატის შეხვედრები პერიოდულად გალსა და ზუგდიდში გაიმართება

ელზა წიკლაური

პუტინი-სააკაშვილის შეხვედრის წინ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. თითქმის 20 თვიანი შესვენების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ ქართულ-აფხაზური ოთხმხრივი მოლაპარაკებების პროცესი ისევ განახლდეს, ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამ ეტაპზე მხოლოდ დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტრადიციული შეხვედრის ადგილი არა ჭუბურხინჯში, არამედ გალი და ზუგდიდი იქნება, სადაც გაეროს ოფისებია განთავსებული.

მოლაპარაკებების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმებას 18-19 თებერვალს ჟენევაში გამართულ გაეროს გენმდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე მიაღწიეს. შეხვედრაზე აფხაზურ დელეგაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ხოლო ქართულს - რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი წარმოადგენდნენ.

ჟენევის მოლაპარაკებებს სამშვიდობო ოპერაციების საქმეებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან მარი გიენო ხელმძღვანელობდა. შეხვედრა კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის სტაგნაციიდან გამოყვანის გზების ძიებას მიეძღვნა, სადაც მხარეებმა სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, ნდობის აღდგენისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებები განიხილეს.

თემურ იაკობაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია პირდაპირი კავშირების აღდგენა და უწყვეტი დიალოგის რეჟიმში მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან პოლიტიკურ მოგვარებას.

"ამასთან, გაჟღერდა ქართული მხარის ახალი წინადადებები ეკონომიკური კავშირების და მედია სივრცის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის წარმომადგენლების კონსტრუქციული პოზიცია. თუმცა, დეტალებზე საუბარს ნუ მომთხოვთ", - განაცხადა იაკობაშვილმა.

რაც შეეხება ჭუბურხინჯის ანალოგიური შეხვედრის გამართვის თარიღს, იაკობაშვილი ამას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ დეტალები მისი თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი. იაკობაშვილი არც ეკონომიკური პროექტების შინაარსს აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ მან აფხაზური მხარის დიდი მოწონება დაიმსახურა.

"დეტალებზე ვერც ამ შემთხვევაში გესაუბრებით. საჭიროა ცოტა კიდევ მოვიცადოთ. კოდორის მოვლენების შემდეგ ეს იყო შეხვედრა, სადაც მოიხსნა როგორც ჭუბურხინჯის, ასევე განმუხურისა და კოდორის საკითხები. მაგრამ, მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ აფხაზებთან ვილაპარაკოთ, მთავარი ის არის, რომ საუბრების შემდეგ რაღაც შეთანხმებებს მივაღწიოთ, თუნდაც პატარას, რომ წინ წავიწიოთ. თორემ შეხვედრას შეხვედრისთვის აზრი ნამდვილად არ ექნება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში თემურ იაკობაშვილმა.

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესის აღდგენასა და ჟენევის შეხვედრაზე "რუსეთის კონსტრუქციული პოზიციის" დაფიქსირებას თბილისში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ქართველ ექსპერტთა ერთი ნაწილი მიღწეულ შეთანხმებას რუსულ-ქართული პოლიტიკის შედეგს უწოდებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარის დამსახურებაა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რუსული პოზიციის კონსტრუქციულობას" და ამასთან ურთიერთობების დათბობას პუტინის ვადის ამოწურვას უკავშირებს.

"ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობა და აღდგენა არ არის განპირობებული იმით, რომ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება ან პუტინმა მოინდომა მასთან შეხვედრა. ეს ბევრი ობიექტური პირობებით არის განპირობებული. ყველაზე მთავარი და სერიოზული არის ის, რომ დღეს თუ ხვალ პუტინმა უნდა გადაულოცოს პოსტი სხვას, კერძოდ მედვედევს. დღეისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გარკვეული პრობლემები, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა, მანვე მოაგვაროს.

"ფაქტია, რომ ეს საკითხისადმი აბსოლუტურად პრაგმატული მიდგომაა, რადგან პუტინი თვლის, რომ ვინც ამ პროცესის მოგვარებას დაიწყებს ან მოაგვარებს, ის იქნება ხალხის რჩეული. ის თვლის, რომ საკითხების მოუგვარებლობა მის იმიჯზე იმოქმედებს.

"გარდა ამისა, პუტინისთვის პრესტიჟის საქმეა მსო-ში რუსეთის გაწევრიანება. ამისთვის საჭიროა საქართველოს ხმა. მაგრამ, რუსეთს იმ ფონზე, როდესაც მსო-ს წევრი ქვეყნისთვის ეკონომიკური ემბარგო აქვს გამოცხადებული, ამ ორგანიზაციაში არავინ მიიღებს. ამიტომაც დაიწყო ურთიერთობების დათბობა", - მიაჩნია არეშიძეს.

მისივე თქმით, რუსეთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სამხრეთ კავკასიაში საკომუნიკაციო სადავეების ხელში ჩაგდებაა, რამდენადაც, როგორც არეშიძე აცხადებს, რუსეთს სომხეთის რკინიგზის ხელში ჩადგების შემდეგ აქცენტი უკვე საქართველოს რკინიგზაზე აქვს გადატანილი.

"სომხეთის რკინიგზა 30 წლით მმართველობაში რუსეთს გადაეცა და ის გახდა სამხრეთ კავკასიის რკინიგზა. სამხრეთკავკასიური რკინიგზა მარტო სომხეთის რკინიგზას ვერ ერქმევა. აქ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც მიჰყიდოს თავისი რკინიგზა. შეიძლება ეს არც მოხდეს, მაგრამ ოფიციალური თბილისი ხომ ჰყიდის მას. მოსკოვს კი სურს აფხაზეთის რკინიგზის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდება, რის შემდეგაც ის უკვე რეგიონში არა მარტო ენერგეტიკულ, არამედ საკომუნიკაციო სადავეებსაც ჩაიგდებს. გაბუტულ მდგომარეობაში ყოფნით კი რუსეთი ასეთ საკითხს ვერ მოაგვარებს, რაც მოსკოვში ძალიან კარგად ესმით.

"ასე რომ, რუსეთის დათბობა ყველა ამ საკითხმა გამოიწვია და კონფლიქტთან მიმართებაშიც მათ აფხაზი პარტნიორები აიძულეს ამ მიმართულებით ემუშავათ", - განუცხადა "რეზონანსს" არეშიძემ.

რაც შეეხება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესის აღდგენას, არეშიძეს ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი უჭირს. თუმცა, აცხადებს, რომ ესეც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რაზე ისაუბრებენ პუტინი და სააკაშვილი.

"აფხაზეთის თემა არა მგონია, რომ პუტინი-სააკაშვილის შეხვედრაზე მწვავედ დადგეს. "სამხრეთ ოსეთის" საკითხთან მიმართებაში კი, შეიძლება რუსეთი უფრო დამთმობი აღმოჩნდეს. მაგრამ, მთავარი ის კი არ არის, რას მოილაპარაკებენ ჟენევაში, მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პუტინი და სააკაშვილი. თუ მათ რაღაც ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით დაგეგმეს, ის აუცილებლად იმუშავებს.

"გარდა ამისა, აღსანიშნავია ის, თუ რას აკეთებს იაკობაშვილი აფხაზეთთან მიმართებაში. ფაქტია, რომ ამაში ის, ანუ საქართველოს ხელისუფლება, მარტო არ არის, მას გვერდით ჰყავს საერთაშორისო თანამეგობრობა და სერიოზული ბიზნეს წრეები. იაკობაშვილს კი ამის უნარი ნამდვილად აქვს. გარდა ამისა, მთავარია, რომ მალე ამუშავდება და ზედაპირზე გამოვა ჰუმანიტარული პროექტები, დაიწყება მუშაობა არასამთავრობოებს შორის, რაზეც მიბმული იქნება ეკონომიკური პროექტებიც და ა.შ. ყველაფერი ნათელი უკვე მომავალში გახდება. რაც შეეხება თავად მოლაპარაკებების პროცესის აღდგენას, ნამდვილად კარგია, რა თქმა უნდა, თუ ის შედეგებზე იქნება ორიენტირებული", - დასძინა არეშიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. ის თვლის, რომ მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა არა ქართულ-რუსული, არამედ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შედეგია.

"დღეს ხელისუფლება მიხვდა, რომ შეცდომებს სჩადიოდა და მისი გამოსწორება დაიწყო. ეს არის უკეთესი შემთხვევა მოლაპარაკებების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს უარესიც, რაც წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას უკავშირდება და ამით ხელისუფლება ცდილობს, რომ შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ურთიერთობები მოწესრიგების გზაზე დგას.

"მაგრამ, თვითონ ამ მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შედეგია, რამდენადაც, აფხაზები მოლაპარაკებაზე ყოველთვის მოდიოდნენ, ხისტი იყო მხოლოდ ქართული მხარის პოზიცია. ალბათ, ახლა შეცვალეს ტაქტიკა და აფხაზებიც წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე.

"ვნახოთ, როგორც გაგრძელდება ეს ყველაფერი. ჭუბურხინჯის ანალოგიური შეხვედრები თუ აღდგება, ეს ადგილობრივი ვითარების განმუხტვისთვის კარგი იქნება, რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციის შეცვლას, ის მხოლოდ საპარალმენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა", - დასძინა ზაქარეიშვილმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com