"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

თებერვლის ბოლოს გრიპის ვირუსით დაავადების პიკი იწყება

ლანა ბერიძე

თებერვლის ბოლოს გრიპის ვირუსით დაავადების პიკი დაიწყება. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც "რეზონანსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა ვირუსების გამოვლენის მხრივ ეს პერიოდი ძალიან საშიშია.

"შარშან გრიპის ეპიდემიის პიკი მარტში დაიწყო, მაგრამ, როგორც წესი გრიპის ვირუსის პიკი თებერვლის ბოლოა. მოგეხსენებათ ამ დროს სწავლა იწყება, ინსტიტუტები ხალხით ივსება და დახურულ შენობებში ბევრი ადამინი იყრის თავს, რაც გრიპის გავრცელებას ძალიან უწყობს ხელს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, გრიპი ჰაერ-წვეთოვანი გზით ავადმყოფიდან 1 მეტრის რადიუსში ხველების, დაცემინების ან ლაპარაკის დროს ვრცელდება, რადგან ამ დროს ვირუსების დიდი რაოდენობა იფრქვევა ირგვლივ.

"თუ ავადმყოფის სიახლოვეს ზიხართ და დააცემინებს ვირუსი გადაგედებათ. ჩვენთან პირბადით ქუჩაში სიარული არ არის მიღებული, თუმცა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ასე თამამად დადიან, რადგან თუ პირბადე გიკეთია ვირუსი არ გადაგედება. ვირუსის გადადება ასევე შესაძლებელია ცხვირსახოცითაც. ვირუსის გადადება ინკუბაციური პერიოდის ბოლოდან 1-2 დღეში ხდება, ხოლო დაავადებიდან 5-7 დღის გასვლის შემდეგ ვირუსი გადამდები აღარ არის", - ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, პროფილაქტიკურ ღონისძიებების მხრივ, რეკომენდირებულია ხალხური საშუალებები და სურვილის შემთხვევაში აცრაც.

"პროფილაქტიკის მიზნით პირველრიგში ვირუსიანი ადამიანი უნდა მოუფრთხილდეს მის ირგვლივ მყოფებს და სახლში უნდა დარჩეს, ასევე მსურველებს შეუძლიათ აცრაც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ მაღალი რისკი ჯგუფების აცრა ხდება, მაგალითად ისეთების, როგორებიც არიან ექიმები, ბავშვთა სახლებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მუდმივად დახურულ გარემოში იმყოფებიან და მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრებნი. დანარჩენი მოქალაქეების აცრა კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან აცრა უბრალო მსურველებისთვის ფასიანია", - აცხადებს იმნაძე.

იმნაძის აზრით, ვირუსის გადადების მხრივ ასევე საშიშია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელებსაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ გამოვლენილი, რადგან ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ აგრძელებენ აქტიურ ცხოვრებას და შედარებთ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს გადადებენ ვირუსს.

მისივე ინფორმაციით, გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადება პირველად ნიშნებს 12-დან 48-საათში ამჟღავნებ, მაქსიმუმ ეს ვადა 5 დღე გრძელდება.

"ზოგადად დაავადების დასაწისი უფრო მწვავეა ვიდრე 5-7 დღის შემდეგ. ვირუსის დროს დამახასიათებელი თვისებებია მაღალი ტემპერატურა და შემცივნება. ასევე ტემპერატურის სწრაფი დაწევისას ავადმყოფს ოფლიანობაც აღენიშნება.

"თუ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსზე მეტს არ აღწევს, რომლის ხანგრძლივობაც 1-2 დღეს გრძელდება, დაავადების საშუალო ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობის დროს 39 გრადუსს და ამ დროს ტემპერატურის ხანგრძლივობა 2-3 დღეა, გრიპის მძიმედ განვითარების შემთხვევაში კი სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსია, მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივობა კი 4-5 დღე", - დასძენს იმნაძე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com