"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

ოქრუაშვილის მოძრაობა ტყეშელაშვილს პერმანენტულ აქციებს მოუწყობს

(პირველი) "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურ პროკურატურასთან პერმანენტული აქციების გამართვას იწყებს.

"გენერალური პროკურატურა სირაქლემას პოზას ინარჩუნებს და არც ერთ ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირებას არ ახდენს. მან სახალხო დამცველის რეკომენდაციაც კი უყურადღებოდ დატოვა და პარტიის კუთვნილ ოფისზე დღემდე ყადაღაა დადებული. მეტიც, მასში სპეცდანიშნულების რაზმია გამაგრებული. ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა, შესაბამისად გადავწყვიტეთ, ათონელის ქუჩიდან გენერალური პროკურატურის წინ გადმოვინაცვლოთ. იქნებ, ახლოდან უფრო შევასმინოთ ჩვენი მოთხოვნა," - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე გენერალული პროკურორი ეკა ტყეშელაშვილი მოძრაობის წევრთა მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს.

გენერალური პროკურატურის წინ გუშინ გამართული აქცია გენპროკურორისა და პრეზიდენტის მიმართ საპროტესტო შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. ახალგაზრდები გენერალურ პროკურორს ლმობიერების გამოჩენისკენ მოუწოდებდნენ და სკანდირებდნენ: "დაგვიბრუნეთ! დაგვიბრუნეთ!" მომიტინგეთა უპირველესი მოთხოვნა ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისზე ყადაღის მოხსნა და შენობაში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ არსებული მდგომარეობის გამოძიებაა.

ოფისი 27 სექტემბერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ დაიხურა. მას ამ დრომდე ყადაღა ადევს, რასაც ოქრუაშვილის თანაგუნდელები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება კუთვნილი ქონებით სარგებლობის უფლებას არ მისცემს, ისინი შენობას მაინც დაიკავებენ.

პუტინმა სააკაშვილს ურთიერთობების "დათბობის" პირობები ჩამოუთვალა



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com