"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

მოსკოვი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ხელშეკრულებების მკაცრად შესრულებასა და ნატო-ზე უარის თქმას ითხოვს

გიორგი ფუტკარაძე

"ჩვენ ყურადღება მივაქციეთ თქვენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელმძღვანელობა განწყობილია განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენც, ჩვენის მხრიდან შევეცდებით იგივეთი გიპასუხოთ", - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ქართველ კოლეგასთან.

ორი პრეზიდენტის გუშინდელი შეხვედრა, რომელიც დსთ-ს წვერი ქვეყნების მეთაურთა სამიტის ფარგლებში შედგა, როგორც მოსალოდნელი იყო ნაყოფიერი გამოდგა.

საჰაერო მომოსვლის აღდგენა, ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა, სავიზო შეზღუდვების მოხსნა, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება - ასე გამოიყურება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმებები. რიგით მეოთხე შეხვედრაზე, რომელიც ნოვო-ოგარიოვის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა, წინამორბედებისგან განსხვავებით კონკრეტული შედეგების მიღწევა მოხერხდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის უკვე მიღწეულია საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმება. ქართული კომპანიები "როსაერონავიგაციის" ვალის დაფარვის შემდეგ უკვე ფრენას რუსეთის მიმართულებით თავისუფლად განახორციელებენ და სავარაუდოდ ეს შესაძლებელი მარტის შუა რიცხვებიდან იქნება. ასევე, როგორც უკვე ცნობილი იყო, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემას განაახლებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ჯერ-ჯერობით ძალაში დარჩება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან არ დაიწყება, უკიდურეს შემთხვევაში, მას ახალი ენერგია შევძინოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი პუტინი თავის მხრივ ასევე მიესალმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და განაცხადა, რომ ბოლო წლების მანძილზე დაძაბული ურთიერთობის ფონზე აღნიშნული ნაბიჯი მისასალმებელია და იგი ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესების ტედენციას ხედავს.

ამასთან, სააკაშვილმა გარკვეული სინანული გამოთქვა, რომ მას პუტინთან შეხვედრა პრეზიდენტის რანგში აღარ მოუწევს, თუმცა პუტინი საქართველოში მოიწვია და განაცხადა, რომ, მისი აზრით, ამ ვიზიტს პრემიერ-მინისტრის რანგში განახორციელებს.

დახურულ შეხვედრაზე, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ ორმოც წუთს გაგრძელდა, პრეზიდენტებმა გარდა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის საკითხებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს შეეხო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ საკითხის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო არ დაუშვებს აღნიშნული ტერიტორიების აღიარებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნულ თემას შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტიც შეეხო.

"ეს არის ურთულესი თემა და ერთი შეხვედრით ვერ გადაწყდება. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარებას", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ქართული კონფლიქტების ირგვლივ ასევე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვროვმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

ლავროვი ასევე კოსოვოს თემასაც შეეხო და აღნიშნა რომ, რუსეთი ძველ მოსაზრებაზე რჩება და თავის მომავალ ქმედებებში აღნიშნულ საკითხს აუცილებლად გაითვალისწინებს.

კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ შეხვედრაზე იყო მიღწეული, ეს არის ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა. მინისტრ ბაქრაძის განცხადებით, ამაზე დაჩქარებული წესით გაგრძელდება მუშაობა.

საქართველო-რუსეთს შორის მიღწეულია შეთანხმება საფოსტო გზავნილების აღდგენაზე, ეკონომიკური ემბარგოს მოხსნაზე, ასევე რუსი ექსპერტები დაიწყებენ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბრუნების საკითხის ირგვლივ მუშაობას.

რაც შეეხება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორანიზაციაში გაწევრიანებას, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბაქრაძის განცხადებით საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგი არ არის და არსებობს გარკვეული შეთანხმებები, რომლის მიღწევაზე ექსპერტები იმუშავებენ.

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ წინასწარი შეთანხმებებია. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე ის პირობები ჩამოთვალა, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების საბოლოო მოგვარებისათვის.

პირველ რიგში, სერგეი ლავროვის ცნობით, პრეზიდენტები საუბრისას ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასაცა შეეხნენ. რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას განუმარტა, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას.

"საუბარი ნატო-ს გაფართოებასაც შეეხო. პუტინმა დაადასტურა რუსეთის პრინციპული პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ პროცესის განხორციელების რეალურ მიზეზებს ვერ ვხედავთ და დაწვრილებით ახსნა, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისითაც", - განუცხადა ჟურნალისტებს ლავროვმა.

გარდა ამისა, შეხვედრისას პუტინმა სააკაშვილს ის შეთანხმებები შეახსენა, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმებები შეახსენა, რომლებსაც, მოსკოვის აზრით, საქართველო არ ასრულებს.

"საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ მონიშნა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების პირობები. მან განსაკუთრებით აღნიშნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით არსებული ხელშეკრულებების მკაცრად და მხარეების ინტერესთა გათვალისწინებით შესრულების აუცილებლობა", - აღნიშნა ლავროვმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com